Accessibility links

logo-print

სოციალური საწარმო - დასაქმების პერსპექტივა


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ეტლების მწარმოებელ საამქროში მუშაობისას

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ეტლების მწარმოებელ საამქროში მუშაობისას

სოციალური საწარმო შეზღუდული უნარების მქონე პირთა დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს შექმნის, ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. რას ნიშნავს სოციალური საწარმო, როგორ იკრებს ძალებს საქართველოში დასაქმების ეს ახალი შესაძლებლობა? რამდენად რეალურია უნარშეზღუდული პირებისთვის დასაქმება და როგორ შეიძლება სოციალურმა საწარმომ შეცვალოს ამ ადამიანების მომავალი?

საქართველოში ნელ-ნელა ჩნდება შეზღუდული უნარების მქონე პირთა დასაქმების პერსპექტივები. სოციალური საწარმოების რაოდენობა თითებზე ჩამოსათვლელია, მაგრამ იქ დასაქმებული ადამიანები საკუთარ მომავალს მეტი ოპტიმიზმით უყურებენ.

რეალობა, რომელიც ცერებრალური დამბლით დაავადებული ქალიშვილის დედას, გულიკო თევზაძეს, აწუხებს, საერთოა ყველა მშობლისთვის, ვისაც სპეციალური საჭიროების მქონე შვილი ჰყავს:

”სირთულეები ცხოვრებაში მატულობს. რომ არ ეყოლება მშობელი, მერე რას იზამს? აი, მაშინაა უბედურება. მეშინია ამაზე დაფიქრების. თავს გავაქნევ ხოლმე, რომ ამაზე არ ვიფიქრო.”

სწორედ ამგვარი საფიქრალის მქონე მშობელთა იდეის განხორციელება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანადგომამ”. ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი ნანა გეგელიშვილი ამბობს, რომ სოციალური საწარმოს შექმნის იდეა სწორედ მშობლებისგან წამოვიდა. ფონდ ”ევრაზიის” დახმარებით განხორციელებული იდეა პერსპექტივაში იმას ნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ სახელმწიფო შემწეობის იმედად არ უნდა იყვნენ და საკუთარი შემოსავალიც ჰქონდეთ:

”ეს ბავშვები რომ დაამთავრებენ სკოლას, განა რამდენი პროცენტი მოხვდება უნივერსიტეტში? არც ისე დიდი პროცენტი და რა მერე? და ამის გამო დავიწყეთ ფიქრი ახალ იდეაზე, რასაც ჰქვია მათი დასაქმება. გაგვიმართლა, რომ დაგვიფინანსეს ერთი საპილოტე პროექტი, სასუვენირე ხელოვნების. ჩვენ ის ბავშვები შევარჩიეთ, რომელთაც გარკვეული მიდრეკილება აქვთ ხელოვნებისადმი და დავიწყეთ მათი გადამზადება.”

საქართვლოში ეტლები არასოდეს იწარმოებოდა, საბჭოთა კავშირის დროსაც არ იყო. ძირითადად, რუსეთიდან შემოდიოდა და დიდი რიგები იყო მასზე. აი, გაიხსნა საქართველოში ეტლების საამქრო ...
ამჟამად „თანადგომის“ სოციალურ საწარმოში 20-მდე ბენეფიციარი სწავლობს სხვადასხვა სუვენირების დამზადებას, თუმცა ნანა გეგელიშვილი ამბობს, რომ ყველაზე რთული გაყიდვების მენეჯმენტი ყოფილა, რადგან საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების მიერ შექმნილ პროდუქციას.

ჰოლანდიის საელჩოს დახმარებით მოწვეულმა უცხოელმა კონსულტანტმა „თანადგომის“ სოციალური საწარმოს დამფუძნებლებს რჩევა მისცა, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც მსგავსი შინაარსის საქმიანობას ეწევა, გაერთიანდეს და ერთი ლოგოს ქვეშ გაყიდოს ნაწარმი. ასე უფრო იოლი იქნება ბაზარზე თავის დამკვიდრებაო.

სოციალურ საწარმოს ახლო მომავალში მცირე პოლიგრაფიული საწარმოს ფუნქცია შეემატება - ბენეფიციარები ლოგოებიან ჭიქებს, მაისურებს და საკანცელარიო დანიშნულების ნივთებს დაამზადებენ. ამ გეგმების შესახებ ”თანადგომის” პროგრამების კოორდინატორი ირმა შარიქაძე საუბრობს:

”დარჩება ჩვენთან ხელნაკეთი სუვენირების საამქრო, მაგრამ ასევე დამზადდება ლოგოებიანი ჭიქები და მაისურები და ა.შ., ანუ ის, რაც არ არის კუსტარულად შექმნილი და ცოტა მაინც სერიული წარმოება იქნება, ანუ ის პროდუქცია, რომლის გაყიდვიდანაც უნდა შემოვიდეს ძირითადი თანხა.”

საკუთარი ნაწარმის გაყიდვის პრობლემა არ უდგას საქართველოში ინვალიდების ეტლების დამამზადებელ ერთადერთ სოციალურ საწარმოს, რომელიც შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ( USAID) დაფინანსებით შეიქმნა. საწარმო თვეში 80 ეტლეს აწარმოებს. მასში 5 ადამიანია დასაქმებული და ხუთივე თავადაა ეტლს მიჯაჭვული. გოჩა ფილაური ერთ-ერთი მათგანია:

”საქართვლოში ეტლები არასოდეს იწარმოებოდა, საბჭოთა კავშირის დროსაც არ იყო. ძირითადად, რუსეთიდან შემოდიოდა და დიდი რიგები იყო მასზე. აი, გაიხსნა საქართველოში ეტლების საამქრო. ნელ-ნელა ტემპსაც გავზრდით, უფრო გაიზრდება კიდეც წარმოებული ეტლების რაოდენობა და, შესაბამისად, მეტი ადამიანიც დაკმაყოფილდება.”

ეს წამოწყება თუ წარმატებით არ დასრულდა, იდეაშივე ჩაკვდება და ამიტომ არ ვიშურებთ ძალას და ენერგიას ...
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ მიერ შექმნილ საწარმოში კი თექაზე მუშაობას და სასუვენირე ნივთების გაფორმებას უნარშეზღუდულ ბენეფიციარებს ქეთი ბენაშვილი ასწავლის. მხატვარმა 14 წლის წინ მენინგიტის მძიმე ფორმის გამო სმენა აბსოლუტურად დაკარგა. სამედიცინო თვალსაზრისით უნიკალურ შემთხვევადაა მიჩნეული ის, რომ 14 წლის განმავლობაში მას მეტყველების უნარი ისევ აქვს.

”გადავლახე ამ პრობლემის გამო არსებული ბარიერი, მაგრამ ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობა უფრო მიჭირს, ვიდრე სიყრუე. მაღაზიაში რომ შემოდიან და ვეუბნები, არ მესმის და თუ შეძლება, დამიწერეთ-მეთქი, მაშინვე ხელებს წევენ და გარბიან, აღარც ათვალიერებენ ნივთებს, ეშინიათ, თითქოს რაღაც უხერხულ სიტუაციაში შემოვიტყუე და ამ უხერხულობის მთავარი მიზეზი მე ვარ. არადა, აქ რა პრობლემაა, ვერ ვხვდები. სიტყვიერი გამოთქმის ნაცვლად, უბრალოდ, უნდა დამიწერონ და მეტი არაფერი” ,- ამბობს ქეთი ბენაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ პროგრამების კოორდინატორი ნანა გეგელიშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ იმის კულტურა, რომ ასეთ სოციალურ საწაროებს დაუკვეთონ ხოლმე თავიანთთვის საჭირო პროდუქცია. ასევე კარგი იქნება, თუ სახელმწიფო უწყებები და სხვა ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან და შემკვეთები გახდებიან:

”ეს წამოწყება თუ წარმატებით არ დასრულდა, იდეაშივე ჩაკვდება და ამიტომ არ ვიშურებთ ძალას და ენერგიას, რომ, უბრალოდ, წარმატებული მაგალითისთვის, უბრალოდ, იმისთვის მაინც იარსებოს ამ საწარმომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს დავანახვოთ, რომ ეს საწარმოები სიცოცხლისუნარიანია.”
XS
SM
MD
LG