Accessibility links

მანდატურების გადამზადება იწყება


განათლების მინისტრმა და პოლიციის აკადემიის რექტორმა მანდატურების მუშაობა შეაჯამეს

განათლების მინისტრმა და პოლიციის აკადემიის რექტორმა მანდატურების მუშაობა შეაჯამეს

მანდატურის ინსტიტუტი ამოქმედებიდან გასული მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში უკვე გახდა სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მისი განმარტებით, 2011 წლის განმავლობაში საჯარო სკოლების გარდა, მანდატურები შევლენ ასევე პროფესიულ კოლეჯებსა და იმ რამდენიმე კერძო სკოლაში, რომელთაც განცხადების სახით, თხოვნით მიმართეს სამინისტროს. თავად სამინისტრო კი, პოლიციის აკადემიასთან ერთად, მიმდინარე წელს მანდატურთა კვალიფიკაციის ასამაღლებასა და ზოგადად მანდატურის სისტემის დახვეწაზე ზრუნვას აპირებს. ნონა მჭედლიშვილს მოუსმინეთ.

მანდატურთა კვალიფიკაციის კურსები, საშუალოდ ორ კვირამდე პერიოდს მოიცავს. გარდა პროფესიული უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებელი ტრენინგებისა, მანდატურები სამაშველო კურსსაც გაივლიან. ”ძირითადი ყურადღება გადატანილი იქნება ბავშვებთან ურთიერთობაზე, ანუ ფსიქოლოგიურ ასპექტზე, რაც მთავარია ჩვენთვის”-აღნიშნა პოლიციის აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ, რომლის განმარტებითაც საგნობრივი მოდულები მზადდება და უახლოეს მომავალში მორიგეობით, საკვალიფიკაციო კურსებს ყველა მანდატური გაივლის. ამ დროისათვის მათი რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 900 ადამიანს შეადგენს.

ჩვენ უბრალოდ ვამყარებთ დისციპლინას სკოლაში და ბავშვები სავსებით გაგებით ეკიდებიან ამ საკითხს. შესაბამისად არ არის არანაირი პრობლემა ან ექსცესი ...
”ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა მიზნობრივ ჯგუფს ჰქონდეს უკვე თავისი სასწავლო მოდული, რომელიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ ზოგადად დავინახოთ თვითონ ფორმულა მანდატურების. როგორც სამართალდამცველი სტრუქტურის წარმომადგენელი კი ვამბობ, რომ პრაქტიკულად შედეგი არის უაღრესად დიდი. შემცირებულია ყველანაირი დანაშაული სკოლაში, დაწყებული ქუჩური გარჩევებიდან, ჩხუბებით დამთავრებული.”

სტატისტიკური მონაცემები კი, რომელსაც პოლიციის აკადემიის რექტორი უსაფრთხო სკოლის კონცეფციაში სწორედ მანდატურის ინსტიტუტის ჩართვის შედეგად მიიჩნევს, შემდეგია: სკოლებში 80%-ით შემცირდა მოსწავლეთა დაგვიანების ფაქტები; 75%-ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები; 95%-ით შემცირდა მოსწავლეთა მხრიდან ფულის გამოძალვის ფაქტები; 80%-ით შემცირდა მოსწავლეთა შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები; 90%-ით შემცირდა საჯარო სკოლებში ვანდალიზმის, კერძოდ, სასკოლო ქონების დაზიანების ფაქტები; პრაქტიკულად მოისპო სკოლებში თამბაქოს მოხმარების ფაქტები.

”ჩვენ უბრალოდ ვამყარებთ დისციპლინას სკოლაში და ბავშვები სავსებით გაგებით ეკიდებიან ამ საკითხს. შესაბამისად არ არის არანაირი პრობლემა ან ექსცესი. პირიქით, ბავშვები ძალიან კარგად თანამშრომლობენ მანდატურებთან. თანამშრომლობაა ის, რომ თუ რამე სჭირდებათ, ცუდად არიან ან რაღაც, გვეუბნებიან და ჩვენც შეძლებისდაგბარად ვეხმარებით.”

მათ უნდა იცოდნენ ბავშვის განვითარების თავისებურებები, მათ შორის ბავშვის მორალური განვითარების თავისებურებები, მათ უნდა იცოდნენ გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი თავისებურებები ...
გვითხრა თბილისის 56-ე საჯარო სკოლის მანდატურმა, გიორგი ქამუშაძემ, რომელიც განათლების სამინისტრომ, ორ სხვა კოლეგასთან ერთად, წლის მანდატურად დაასახელა. საქართველოს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კი თავის მხრივ, აზუსტებს, რომ 2010-2011 სასწავლო წელს სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის ამოქმედებამ კარდინალურად შეცვალა სასკოლო დისციპლინა, დანაშაული კი 83%-ით შეამცირა. თუმცა ამ პოზიტივის მიუხედავად, მანდატურის ინსტიტუტი თავისი არსითა და ფორმით, კვლავაც რჩება საზოგადოებრივი განსჯის საგანი. ვინ არის მანდატური-ბავშვზე მზრუნველი თუ მისი მაკონტროლებელი, რას იწვევს, თავის მხრივ, ბავშვის კონტროლი, აგრესიას, პროტესტს, თუ ქცევის რეგულაციას? შეკითხვები ბევრია. გაითვალისწინებს თუ არა ამ შეკითხვებს განათლების სამინისტრო, პოლიციის აკადემიასთან ერთად, მანდატურების გადამზადების პროცესში? ამზე დიმიტრი შაშკინმა გვიპასუხა.

”სამწუხაროდ, მე არ გამიგია შინაარსობრივი კრიტიკა. მე გამიგია ადამიანების პოზიცია, რომლებისთვისაც მიუღებელია წესრიგი და მიუღებელია დისციპლინა მენტალობის დონეზე. და ეს დამერწმუნებით, კრიტიკა არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი შინაგანი პოზიცია და ესეთ კრიტიკას მე ნამდვილად არ მივიღებ.”

მიიღებს თუ არა მინისტრი მანდატურის ინსტიტუტის დახვეწის პროცესში რეკომენდაციებს, რომლებსაც ექსპერტები სთავაზობენ? ერთ-ერთი რეკომენდაცია, მაგალითად, მანდატურების მისამართით, ასე ჟღერს.

”მათ უნდა იცოდნენ ბავშვის განვითარების თავისებურებები, მათ შორის ბავშვის მორალური განვითარების თავისებურებები, მათ უნდა იცოდნენ გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი თავისებურებები იმიტომ, რომ ამ ასაკში მეამბოხეობა, პროტესტი ბავშვების მხრიდან. უნდა იცოდნენ რთული ქცევის მართვა, ბრაზის მენეჯმენტზეც უნდა ჰქონდეთ გარკვეული წარმოდგენა. თუ ამ ყველა ცოდნას და უნარს ამ ადამიანებს შესძენენ, შეიძლება მანდატურის ინსტიტუტი აღმოჩნდეს საკმაოდ ეფექტური.”

ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა, რომლის აზრითაც, ყველა ამ პირობის დაკმაყოფილებასთან ერთად, აუცილებელია, შეიცვალოს ათვლის წერტილიც-მანდატური უნდა გახდეს ბავშვზე მზრუნველი და არა მაკონტროლებელი, რადგან, მისი აზრით, ზრდასრული მორალის განვითარებას დასჯაზე და მუქარაზე ორიენტირებული აღზრდა ხელს არ უწყობს.
XS
SM
MD
LG