Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღიარეს თუ არ აღიარეს ”დანაშაული” ომის ვეტერანებმა


ვეტერანთა აქციის დაშლა
ვეტერანთა აქციის დაშლა
მოშიმშილე ვეტერანების დარბევას უფლებადამცველები ეხმაურებიან და ისინი იმ სამართალდამცავების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, რომლებიც აქციის დაშლის პროცესში ღებულობდნენ მონაწილეობას. სახალხო დამცველის ვრცელი დასკვნის შემდეგ, ჯერი უფლებადამცველ ორგანიზაციებზე მიდგა. 5 იანვარი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების გავრცელებით დაიწყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას ეხმაურება ომის ვეტერანთა ერთ-ერთ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

ჩვენ შევეჩვიეთ, რომ პატრული იქნება ეს სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლო თუ სხვები, როგორც წესი, ტყუილით აბრუებენ საზოგადოებას ...
2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევის გამო 11 ადამიანი დააკავეს, აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საქარტველოს შინაგან საქმეტა სამინისტრომ 4 იანვარს დღის მეორე ნახევარში გაავრცელა. ვაგრძელებთ: აღნიშნული პირები მართავდნენ საპროტესტო აქციას გმირთა მემორიალთან, სადაც ასევე გაშლილი ჰქონდათ თვით ნაკეთი კარავი. აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. და აქვე დასკვნაც: ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 4 ნოემბერს (იანვრის ნაცვლად ნოემბერი წერია, ალაბთ არ აქვს მნიშვნელობა ზუსტ თარიღს), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ჩატარდა სასამართლო სხდომა. საპატრულო პოლიციამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაკავებულებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედება და სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით დაკავებულებს დაკისრებოდათ ადმინისტრაციული სახდელი მხოლოდ ჯარიმის სახით, 400 ლარის ოდენობით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი
დაკავებულები გათავისუფლებულები არიან, თუმცა, ახლა მათ მოუწევთ იმ 22 ლარიან შემწეობას, რომელსაც ისინი ხელისუფლებისაგან კომუნალური გადასახადებისათვის ღებულობენ, კიდევ 378 ლარი დაამატონ და ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის დიდ ყულაბაში ჩაყარონ, ტუმცა, ადვოკატთა განცხადებით, ისინი სასამართლო სგადაწყვეტილების გასაჩივრებას ათი დღის განმავლობაში გეგმავენ. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამოსწორების მოთხოვნით დაწყებული შიმშილობის აქცია ჯარიმის გადახდით, ფიზიკური ანგარიშსწორებით და როგორც პოლიცია ამტკიცებს, დანაშაულის აღიარებით დასრულდა. ომის ვეტერანების ერთ-ერთ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში სასაცილოს და ცინიკურს უწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას და აცხადებს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აყრის ხელისუფლება საზოგადოებას ნაცარს თვალებში:

”ჩვენ შევეჩვიეთ, რომ პატრული იქნება ეს სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლო თუ სხვები, როგორც წესი, ტყუილით აბრუებენ საზოგადოებას. მსგავსი არაფერი ყოფილა პროცესზე. პირიქით, დაკავებულები უარყოფდნენ იმ ბრალდებას, რაც მათ ჰქონდათ წაყენებული - წვრილმანი ხულიგნობა და ბოროტი დაუმორჩილებლობა”, - ამბობ გელა ნიკოლაიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ მისმა წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს კარვების აღება მოსთხოვეს, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ ...
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეა თადაშვილმა დაკავებულთა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ვიდეო მასალის ხილვაზე უარი განაცხადა. როგორც დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, ორ დისკზე ჩაწერილი კადრები ნათლად ადასტურებდა დაკავებული ადამიანების უდანაშაულობას და სამართალდამცავების უკანონო ქმედებებს. მიზეზი კადრების არ ხილვისა მოსამართლემ მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვით ახსნა - უსაფუძვლობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მოსამართლე თადაშვილმა დაკავებულებს ჯარიმა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე დააკისრა. მან ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი. მისივე თქმით, შიმშილობის აქცია კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა და პოლიციას არანაირი მიზეზი არ ჰქოდნა იმისა, რომ აქცია დაეშალა:

თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი
”შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ მისმა წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს კარვების აღება მოსთხოვეს, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. კონსტრუქციების გამოყენება კანონით აკრძალულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის სავალ ნაწილს კეტავს, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა. შესაბამისად, აქციის მონაწილეებს სრული უფლება ჰქონდათ კარვების გამოყენებით განეხორციელებინათ შეკრების უფლება. ანუ პოლიციელების ეს მოთხოვნა იყო აბსოლუტურად უკანონო”, ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

მოსამართლისაგან განსხვავებით, მოშიმშილე ვეტერანთა დაშლის კადრები დეტალურად განიხილა საკუთარ დასკვნაში სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, სადაც ის აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი და სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები აქციის მონაწილეებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაშინ როცა აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

”არ დაარღვიო კონსტიტუციის 25-ე მუხლი”, ანუ შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა ”არა” 3 იანვარს ვეტერანთა შიმშილობის აქციის დარბევასა და მეორე დღეს სამართალდამცავების მხრიდან ვეტერანთა მხარდამჭერი აქციის ჩატარების მცდელობის ხელის შეშლას. მათ სრული ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს კი ვეტერანების თემის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG