Accessibility links

logo-print

აშშ-ის კონგრესის ახალი სესია ახალი უმრავლესობით


ვაშინგტონი: აშშ-ის კონგრესის შენობა

ვაშინგტონი: აშშ-ის კონგრესის შენობა

შეერთებულ შტატებში კონგრესის ახალი სესია იწყება. წინასწარვე ნათელია, რომ თეთრ სახლს ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდება კანონმდებლებისაგან, რომელთა უმრავლესობასაც კონგრესის ერთ-ერთ პალატაში რესპუბლიკელები შეადგენენ - ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ. რად ღირს თუნდაც რესპუბლიკელთა ლიდერების დაპირება, რომ შეეცდებიან, ჩაშალონ ჯანდაცვის რეფორმის გეგმა, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

კანონმდებლებს შორის, რომლებიც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში იკრიბებიან, 60-ზე მეტი ახლად არჩეული რესპუბლიკელია. ნოემბრის შუალედურ არჩევნებში მათი წარმატების შედეგად შეიცვალა ძალთა ბალანსი კონგრესის ამ პალატაში: უმრავლესობას, 242 მანდატს (ანუ, დემოკრატების 193-ზე საგრძნობლად მეტს) რესპუბლიკელები დაეუფლნენ. მათ, მართალია, არა მარტო წარმომადგენელთა პალატაში, არამედ სენატშიც გაიუმჯობესეს პოზიცია - ექვსი მანდატი წაართვეს დემოკრატებს - მაგრამ უმრავლესობა მაინც დემოკრატებს დარჩათ, 5ი მანდატი. რესპუბლიკელებს 47 მანდატი აქვთ.

რესპუბლიკელები პრიორიტეტად ასახელებენ წლევანდელი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას 100 მილიარდი დოლარით, თითქმის 14-ტრილიონიანი ფედერალური დეფიციტის შესამცირებლად. ტელეკომპანია NBC-თან ორიოდე დღის წინ გამართულ საუბარში, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა განაცხადა, შუალედური არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ამერიკელები ემხრობიან გადამწყვეტ ზომებს უზარმაზარი ვალების შესაკვეცადო.

„ჩემთვის სავსებით ნათელი იყო ბოლო არჩევნებისას მიღებული დავალება: ამერიკელმა ხალხმა უარყო დემოკრატების პოლიტიკა, გატარებული 2008-2010 წლებში, რადგან მან მეტისმეტად დიდი ვალი წარმოშვა და მეტისმეტად გაზარდა მთავრობის როლი“, ამბობს ერსპუბლიკელი სენატორი.

რესპუბლიკელები აპირებენ, შთამბეჭდავი აქციით აღნიშნონ უმრავლესობაში მუშაობის დაწყება: 6 იანვარს წარმომადგენელთა პალატაში წაიკითხავენ შეერთებული შტატების კონსტიტუციას. ასე მიესალმებიან ახალ კანონმდებლებს, რომლებიც კონსერვატიულ მოძრაობა „ჩაის პარტიის“ წევრები არიან. ამ მოძრაობის წევრები სახელმწიფო ხარჯების შემცირებას მოითხოვენ და, ზოგადად, შეერთებული შტატების დამფუძნებელი დოკუმენტის მკაცრ ინტერპრეტაციას ემხრობიან.

თეთრი სახლის წინააღმდეგ მიმართული პირველი ზომა კი გახდება კენჭისყრა ჯანდაცვის რეფორმაზე. საქმე ეხება ისტორიულ კანონპროექტს, რომელიც შარშან გაზაფხულზე კანონად აქცია პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხელმოწერამ და რომელიც ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაზღვევას 30 მილიონამდე მანამდე დაუზღვეველი ამერიკელისთვისაც.

მაგრამ ამერიკელების ნაწილში რეფორმა მწვავე პროტესტს იწვევს. შესაბამისად, კონგრესის არჩევნებში ათობით კანდიდატის წარმატებას ხელი შეუწყო სწორედ დაპირებამ, რომ ისინი ძალისხმევას არ დაიშურებდნენ ჯანდაცვის რეფორმის გასაუქმებლად. ამ მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება. რეფორმის გაუქმებას არ მიემხრობა სენატი, და რომც მიემხროს, ეჭვი არ არის, რომ ობამა ვეტოს გამოყენებს ჯანდაცვის რეფორმის სასარგებლოდ. ამიტომ არის, რომ რესპუბლიკელები აპირებენ, ძალისხმევა მიმართონ ჯანდაცვის რეფორმის დაფინანსების წყაროების წინააღმდეგ. ამ პროცესს კი დრო დასჭირდება.

კაცი, რომლის გარშემოც ბობოქრობს პოლიტიკური ვნებათაღელვა - პრეზიდენტი ბარაკ ობამა - ორშაბათს დაბრუნდა ათდღიანი შვებულებიდან. მან გზად, ჯერ კიდევ თვითმფრინავში განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ოპოზიციის მძაფრი რიტორიკა მოსალოდნელი იყო და რომ რესპუბლიკელები, სავარაუდოდ, კიდევ გარკვეული პერიოდი გააკეთებენ განცხადებებს, რომელთა მოსმენაც მათს ამომრჩევლებს სურთ. მაგრამ როცა საქმე მიდგება სამუშაო ადგილების შექმნაზე და ეკონომიკურ ზრდაზე, მხარეები, ობამას შეფასებით, შეძლებენ თანამშროლობას.

„მოველი და იმედი მაქვს, რომ უმრავლესობის ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში რიჩარდ ბეინერი და რესპუბლიკელების ლიდერი სენატში, მიჩ მაკკონელი, გააცნობიერებენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი დროა 2012 წლის საარჩევნო კამპანიისთვის 2012 წელს და რომ წელს ჩვენი ამოცანაა იმის უზრუნველყოფა, რომ გავამყაროთ ეკონომიკური აღმასვლის პროცესი,“ უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.

ობამა, ექსპერტების აზრით, იმასაც უნდა მოელოდეს, რომ კარგი ადვოკატები დასჭირდება... წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების რამდენიმე ახალი, რესპუბლიკელი თავმჯდომარე აპირებს, დაიწყოს გამოძიება ობამას ადმინისტრაციის გარკვეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით: უოლ სტრიტის საფინანსო რეგულაციებით დაწყებული და ავღანეთთან დაკავშირებული კორუფციის ბრალდებებით დამთავრებული.

ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დარელ ისა - წარმომადგენელთა პალატის გავლენიანი, მეთვალყურეობისა და რეფორმების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე. მის უფლებამოსილებაში შედის, მოსმენებეზე ჩვენების მისაცემად მიიწვიოს თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. ამასთან, ისას უკვე ნათქვამი აქვს, რომ ექვს საკითხზე გამოძიებას დაიწყებს მომდევო სამი თვის მანძილზე. მათ შორის არის ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო შეტყობინებების გამოქვეყნება „ვიკილიკსის“ მიერ.
XS
SM
MD
LG