Accessibility links

logo-print

არასამთავრობოები ვეტერანთა პრობლემების თაობაზე


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ”საია”-ში

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ”საია”-ში

თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ვეტერანთა აქციის დარბევასთან დაკავშირებულ სამგვერდიან სპეციალურ განცხადებას. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებენ ჩაატარონ ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ 2011 წლის 3 იანვარს შეკრების უკანონოდ დაშლასა და ძალადობაზე პასუხისმგებელ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს.

გმირთა მოედანზე, 3 იანვარს, ვეტერანთა შიმშილობის აქციის დაშლის დროს პოლიციის ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით საკითხს შევისწავლითო, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა. მის განცხადებამდე ერთი დღით ადრე სამსახურიდან დაითხოვეს პოლიციელი ოთარ გვენეტაძე. რომელმაც აქციის დაშლის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ”ქართული პარტიის” ერთ-ერთ წევრს ეკა მათიაშვილს. მსგავსი ტიპის დანაშაულისათვის მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნა არ არის საკმარისი, აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩოგოშვილი: ”მისი სამსახურიდან გათავისუფლება არანაირად არ არის ადეკვატური ზომა იმ დარღვევისათვის, რაც მან ჩაიდინა და შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, რომ თუნდაც ამ პირთან და ასევე სხვა სამართალდამცავებთან დაკავშირებით, ადეკვატური რეაგირება მოხდეს სახელმწიფო მხრიდან. მხოლოდ გათავისუფლება არ არის საკმარისი ღონისძიება. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ამ პირის მიმართ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი საქმის გამოძიება”, - ამბობს თამარ ჩოგოშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვაელი ეკა სირაძე-დელონე მიესალმება შოთა უტიაშვილის განცხადებას და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივა: ”ამ განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პროკურატურას, რომ მან საქმეზე გამოძიება დეტალურად აწარმოოს და მივესალმები ამ განცხადებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურა მართლაც შინაარსობრივად და ძირეულად გააკეთებს გამოძიებას და გამოძიება არ გაგრძელდება იმ დრომდე, რომ ყველამ დაივიწყოს რეალურად რა მოხდა”, - ამბობს ეკა სირაძე-დელონე.

ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველოს” ხელმძღვანელის ქეთი ხუციშვილის თქმით, მხოლოდ იმის დაფიქსირება, რომ გამოძიება დაიწყება, საქმეს არ წყვეტს, ის გამოძიების მონიტორინგის ჩატარების მომხრეა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გათავისუფლებული სამართალდამცავები მომავალში სხვადასხვა პოზიციებზე არ დაწინაურდებიან, ამბობს ქეთი ხუციშვილი: ”ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვაპირებთ ვაწარმოოთ გამოძიების სამოქალაქო მონიტორინგი. გავარკვიოთ რეალურად გამოვლინდებიან და დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები, თუ ეს იქნება მხოლოდ ფასადური, მაგალითად ერთი ორი პიროვნების გაშვება თანამდებობებიდან და ამით საქმით დამთავრება”, აცხადებს ქეთი ხოციშვილი.

12 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შედგენილ განცხადებას ხელს აწერს საქართველოს ლეგიონიც. ლეგიონის ერთ-ერთი წარმომადგენელი ელგუჯა ჩხაიძე ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაკავებული, შემდეგ გათავისუფლებული, თუმცა დაჯარიმებული თანამებრძოლების დანაბარებს აცნობს: ”ჩემმა თანამებრძოლებამ დამაბარეს, რომ ისინი 400 ლარს ვერაფრით გადაიხდიან, რადგან ცხოვრობენ უკიდირესად მძიმე სოციალურ პირობებში. ანუ ხელისუფლება მათ უბიძგებს კვლავ მიმართონ პროტესტის ფორმებს და მოაწყონ აქციები”, - ამბობს ელგუჯა ჩხაიძე.

თორმეტ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ”ქართულმა პარტიამ”. საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ვეტერანთა აქციის დარბევის ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა, მისი განცხადებით, საჭიროა "სერიოზული გამოძიება” პოლიციის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე, და მეორე მხრივ, აუცილებელია "გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, რათა საზოგადოებაში ყველას ესმოდეს ის ძირითადი წესები, რომელიც ეროვნულ მონუმენტებთან საპროტესტო აქციების ჩატარებას ეხება".
XS
SM
MD
LG