Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის ხელისუფლება შეცვლის სადავო მედიაკანონს


"აღარ არის პრესის თავისუფლების უნგრეთში" - უნგრული გაზეთები ახალ მედიაკანონს აპროტესტებენ
"აღარ არის პრესის თავისუფლების უნგრეთში" - უნგრული გაზეთები ახალ მედიაკანონს აპროტესტებენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, განაცხადა, რომ მზად არის შეცვალოს მედიის შესახებ ახალი კანონი, თუკი ეს საჭირო გახდება. უნგრეთის ხელისუფლების პასუხი მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას, რომლის თანახმადაც, უნგრეთის ხელისუფლების მიერ მომზადებული მედიის ახალი კანონი რეპრესიულია და არ პასუხობს დემოკრატიულ სტანდარტებს. უნგრეთი, რომელიც კრიტიკის ობიექტად იქცა, 2011 წელს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ევროპის ბლოკში პარადოქსული ვითარება შეიქმნა: უნგრეთი, რომელმაც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროკავშირს როტაციის წესით უნდა უხელმძღვანელოს, თავად გახდა კრიტიკის საგანი სადავოდ ქცეული მედიის ახალი კანონის გამო. დოკუმენტის თანახმად, რომელიც ყველა სახის მედიას შეეხება, უნგრეთში უნდა შეიქმნას მძლავრი საზედამხედველო სახელმწიფო მედიაკომისია, რომელიც შეაჩერებს დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელებას და დაიცავს „ადამიანის ღირსებას“.

უნგრეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, ანა ნეგი, ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც „ევროპულ ღირებულებებს“ ეფუძნება, ხელს ვერ შეუშლის უნგრეთს, რათა ევროკავშირის ხელმძღვანელობას წარმატებულად გაართვას თავი.

„თუ ნახავთ პუნქტებს - და იმედი მაქვს, რომ კანონის კრიტიკოსები გამონახავენ დროს და შეისწავლიან ამ პუნქტებს - დაინახავთ, რომ მედიის შესახებ ამ კანონის ყველა ელემენტი შეგიძლიათ იპოვოთ ასევე ევროპული ქვეყნების: შვედეთის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მედიარეგულაციებში“.

თუმცა კრიტიკოსები კანონს უწოდებენ მედიის „ცენზურის ოსტატურად შენიღბულ მცდელობას“ და საბჭოთა ჟურნალიზმისაკენ დაბრუნებას. პრემიერ-მინისტრ ორბანის „ფიდეზის“ პარტიამ, რომელიც საპარლამენტო მანდატების ორ-მესამედს ფლობს, ოპოზიციის მცირე წინააღმდეგობის პირობებში იოლად შეძლო კანონის გატანა. ასევე მმართველი პარტიის წევრებით არის მთლიანად დაკომპლექტებული სახელმწიფო-საზედამხედველო მედიაკომისიაც.

მედიის შესახებ მიღებულმა კანონმა დიდი მღელვარება გამოიწვია უნგრელ ჟურნალისტებში, მათ შორის არის დამოუკიდებელი რადიოსადგურის მფლობელი გაბორ გსაბაი, რომელიც ამბობს, რომ მედია ხელისუფლების ყოველგვარი კონტროლის გარეშე უნდა მოქმედებდეს:

„სინამდვილეში, ჩვენ გარკვეული თვალსაზრისით ვთანხმდებით, რომ ზოგიერთ არსებით შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება ქვეყნის თავისუფლებას, მთავრობას აქვს უფლება მედიის თავისუფლებაში ჩაერიოს; მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მე ვამბობ, რომ მათ თავი უნდა დაგვანებონ“.

საერთაშორისო საზოგადოებაც მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურა უნგრეთის მიერ მიღებულ ახალ კანონს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დოკუმენტი ზღუდავს მედიის თავისუფლების სტანდარტებს და კომისიას ანიჭებს ძალას, „დაადუმოს კრიტიკული მედია და საჯარო დებატები“.

მედიის შესახებ ახალი კანონი გააკრიტიკეს ევორპის ბლოკის წამყვანმა სახელმწიფოებმა: გერმანიამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ, ახალი კანონის გამოძიება გახსნილად გამოაცხადა; ხოლო 5 იანვარს განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებისაგან ოფიციალურ პასუხს ელოდება.

„სინამდვილეში, რასაც მე ველოდები უნგრეთის ხელისუფლებისაგან არის, ვითარებასა და იმ ეჭვებში გარკვევა, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ან უკვე არსებობს. ზეგ პრემიერ-მინისტრ ორბანთან ჩემი შეხვედრის მთავრი კონტექსტი სწორედ ეს საკითხი იქნება“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, ბრიუსელში 6 იანვარს ჟურნალისტებისათვისაც მოუწია განმარტების გაკეთება მედიის შესახებ ახალი, ზემოხსენებული სადავო კანონის შესახებ. ორბანმა განაცხადა, რომ იგი მზად არის, ითანამშრომლოს ევროკავშირთან, რომელსაც მიაჩნია, რომ ახალი კანონი ამ სახით მიუღებელია. ორბანმა გერმანიისა და საფრანგეთის კრიტიკასაც უპასუხა და განაცხადა, რომ საკითხის შეფასება მთელი ევროკავშირის საქმეა და არა რომელიმე ცალკეული სახელმწიფოსიო.

როდესაც უნგრეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ მედიის შესახებ ახალ კანონზე საუბრობდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვერნერ ჰოიერმა, განაცხადა, რომ უნგურეთს არ უნდა მიეცეს უფლება მედიის საკითხებზე მოლაპარაკება აწარმოოს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორ სახელმწიფოებთან, რომლებიც თავადვე იბრძვიან მედიის რეპრესიისთვისო. უნგრეთის კრიტიკაში ყველაზე მკაცრი ლუქსემბურგი იყო, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორმა, ეჭვქვეშ დააყენა უნგრეთის შესაძლებლობა, თავი გაართვას ევროკავშირის ხელმძღვანელობას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG