Accessibility links

logo-print
საქართველოს პრეზიდენტმა გააჩერებინა კორტეჟი გმირთა მოედანზე, მივიდა მოშიმშილე ვეტერანებთან, სათითაოდ მიესალმა, მიულოცა შობა-ახალი წელი, გაესაუბრა მათ და ვიდრე სთხოვდა, შეეწყვიტათ აქცია, დაჰპირდა, რომ მთავრობა და პარლამენტი უახლოეს ხანებში იმსჯელებდა მათი პრობლემების მოგვარებაზე.

დაივიწყეთ! არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა!

პრეზიდენტი სააკაშვილი არ გადმოსულა მანქანიდან, იგი არ მისულა მოშიმშილეებთან, შინაგანმა გრძნობამ მას სულ სხვა გადაწყვეტილება უკარნახა. რის გამოც, საქართველოს პოლიტიკურ კალენდარში 2011, კურდღლის წელი ვეტერენთა აქციის დარბევით, ცალკეული პოლიციელების თავაშვებულობით და ქართული სასამართლოს ცალმხრივი, სადავოდ ქცეული განაჩენით აღინიშნა.

სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლებას არც ამჯერად აღმოაჩნდათ იმის უნარი, რომ, თუნდაც საშობაო დღესასწაულის წინ მაინც ეცადათ, მოლაპარაკების გზით გადაეჭრათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ჯგუფის წინაშე წლების განმავლობაში დაგროვილი მწვავე სოციალური პრობლემები.

სამწუხაროდ, დიალოგი, ოპონენტის მოსმენა, არგუმენტირებული კამათი, დასაბუთება, კონსენსუსის გზით ვითარების განმუხტვა და ე.წ. „სოფთ პაუერის“ სხვა ელემენტები პრინციპულად მიუღებელია საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელიც ფიქრობს, რომ თუ ერთხელ უღალატებ ამ პრინციპს, მერე პროცესი ხელიდან გაგექცევა და ყველა სოციალური ჯგუფი პროტესტის გზით მოგთხოვს პრობლემის გადაჭრას.

ხელისუფლებას არც ამჯერად ეყო სტრატეგიული მოთმინება, ერთი კვირით აეტანა 20 ვეტერანის სამშვიდობო აქცია მაშინ, როცა ათასობით ადამიანი 8 წელია ელოდება ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას - დასაქმებას, სოციალური პრობლემების მოგვარებას, ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას და მიზერული პენსიებისა და შემწეობების გაზრდას. არადა ფაქტია, რომ გადასახადები იზრდება, ცხოვრება ძვირდება, მაგრამ რატომღაც არ მცირდება საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ხარჯები, ბიუჯეტით დაფინანსებული ძვირადღირებული საკონცერტო და სადღესაწაულო ღონისძიებები, საზღვარგარეთული, ხმაურიანი მივლინებები.

ცხადია, ქვეყანა ვერ იცხოვრებს იზოლირებულად, ადამიანებმა უნდა იცინონ, იზეიმონ და იდღესასწაულონ. მეტიც, ცხოვრების ნორმალური რიტმიდან ამოვარდნის სურვილი არ ჰქონიათ არც მოშიმშილე ვეტერანებს, რომლებიც, რომ არ დაერბიათ, სამი დღის შემდეგ, შობის წინადღეს, თავადვე აპირებდნენ გამაფრთხილებელი აქციის შეწყვეტას.

მიუხედავად იმისა, რომ ხსოვნის მემორიალი მართლა არ არის საუკეთესო ადგილი პროტესტის გამოსახატავად, - ვეტერანებს არ დაუყენებიათ პოლიტიკური მოთხოვნები, არ უცდიათ საკუთარი დამსახურება დაეყვედრებინათ ვინმესთვის; ისინი ითხოვდნენ და ითხოვენ მინიმალურს - თუკი სახელმწიფოს ისინი აღარ სჭირდება იარაღით ხელში, გამოიყენოს ისინი, როგორც სამუშაო ძალა.

ამ თვალსაზრისით, ვეტერანთა აქცია ხელისუფლებას უნიკალურ შანსს აძლევდა, პროცესი მართვადი გაეხადა და სოციალური ადაპტაციის პილოტური პროგრამის შეთავაზებით, ვეტერანთა ჭრელი, მრავალათასიანი არმიის ერთგვარი ფილტრაცია და მათი სოციალური ლუსტრირება მოეხდინა. უნდა აღინიშნოს, და ესეც საქართველოს უახლესი ისტორიის სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ნაბრძოლი ნამდვილი ვეტერანების გარდა, საქართველოში გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც 90-იან წლებში ვეტერანის სტატუსი უბრალოდ იყიდეს -სამსახურში მოწყობის, არმიიდან თავის დაღწევის, საყოფაცხოვრებო და საშემოსავლო გადასახადისთვის თავის არიდებისა თუ უბრალოდ საპატიმროდან თავის დაღწევის მიზნით.

მაგრამ დემოკრატიული ხელისუფლების დანიშულება სწორედ ისაა, რომ ჯანსაღ პროცესს გაუხსნას კალაპოტი, არ დაუშვას პრობლემის პოლიტიზება, გონივრული ლავირებით ეცადოს კრიზისის განმუხტვას და კვანძის გახსნას.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ნაცადი გზა აირჩია. 2011 წლის 3 იანვრის ძალისმიერი აქციით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაამეტა კანონს, შელახა ადამიანის უფლებები, თავადვე შეუწყო ხელი ვეტერანთა სოციალური პრობლემის ჩიხში შეყვანას და სახიფათო პოლიტიზებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG