Accessibility links

logo-print

”ალილოს” ტრადიციული მსვლელობა თბილისში


”ალილო”

”ალილო”

დღევანდელ ალილოზე მისულმა მართლმადიდებლებმა ქრისტესშობის სიხარული გაუზიარეს ერთმანეთს. 10 წელზე მეტია ”ალილოს” თეატრალიზებული წარმოდგენით, ფეხით მსვლელობით აღნიშნავენ თბილისში. ტრადიციული მსვლელობა წელს ”ვარდების მოედნიდან” დაიწყო და სამების ტაძართან დასრულდა. შეგროვილი შესაწირი კი ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
”ალილო”

ჰაერში საკმევლის სუნი ტრიალებს, ხმის გამაძლიერებელიდან ალილოს სიმღერის ხმა ისმის. თეატრალიზებული წარმოდგენის მონაწილენი მათთვის განკუთვნილ ადგილებზე ეწყობიან. გიორგი ამბობს, რომ მოგვია:

”მე მოგვი ვერ, მოგვი, მახარობელი მოგვი, რომელიც შობას მივიდა და ძღვენი მიუტანა მაცხოვარს, რომელიც იშვა ბეთლებში, ჩვენც ქრისტესშობის მახარობლები ვართ და ხალხს შობას ვახარებთ და ამ სიხარულს ვუზიარებთ”.

ნელ-ნელა ყველა თავის ადგილს იკავეს, პირველი პატარა ”ანგელოზები” მოდიან, მათ თეთრ სტიქარში გამოწყობილი ახალგაზრდები მოჰყვებიან, შედეგ - ”მწყემსები” ”აქლემებითა” და ”სირაქლებებით”; ”სპილოდ” ქცეულ სატვირთო ავტომობილს კი უკან დროშების ფრიალით სტიქაროსნები მოჰყვებიან; სულ ბოლოს კი სასულიერო პირები მოდიან, რომლებიც შობის დიდ ხატს მოაბრძანებენ.
ყოველი ასეთი ღონისძიება საზოგადოების, ხალხის, მთლიანად ერის კონსოლიდაციას იწვევს, ჩვენ ეს გვაკლია და ამითაცაა კარგი ეს დღე...

კამეჩებშებმულ ურმებში გზადაგზა შესაწირი მრავლდება, 9 წლის ლევანი, რომელმაც იცის, რომ მისი შესაწირი მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს უნდა გადასცენ, ტკბილულს არ იშურებს:

”კანფეტები მივეცი ალიალოს მონაწილეებს, ჩემთვის ცალკე მქონდა წამოღებული და მისაცემი ცალკე, მაგრამ ჩემი წილიც მივეცი”.

ალილოზე თამუნა 2 წლის შვილთან ერთად მივიდა, ამბობს, რომ მან უკვე იცის დღვანდელი დღის მნიშვნელობა:

”ვუთხარი, რომ ქრისტესშობის დღეა, ქრისტეს დაბადების დღე და ამის აღსანიშნად ალილოს მონაწილეებს სამების ტაძარში მივყვები-მეთქი”.

ჯერ 2 წლისაც არ არის, მაგრამ, კაკაკომ მამისგან უკვე იცის, რას აღნიშნავენ რუსთველის გამზირზე მიმავალი ალილოს მონაწილენი. ”უთხარი შობის ბრწყინვალე დღესასწაული რომ არის”, - ეუბნება მამა კაკაკოს, ისიც გვპასუხობს; ”დღესასწაულის ბრწყინვალე დღეა”.
”ალილო”

გულაბერ ანანიაშვილი ჩოხოსანია, წლევანდელ ალილოზე ტრადიციულ ხევსურულ სამოსში გამოწყობილი მივიდა. ამბობს, რომ ეს დღე ყველა მართლმადიდებელს განსაკუთრებული სიხარულით ავსებს და რაც მთავარია, ადამიანებს აერთიანებს:

”შარშან ჩოხოსნებმა ორგანიზებულად მივიღეთ მონაწილოება, წელს არავის გავუფრთხილებივარ, მაგრამ მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ აქ ერთი ხევსურულად ჩაცმული კაცი აუცილებლად უნდა ყოფილიყო და მოვედი. ყოველი ასეთი ღონისძიება საზოგადოების, ხალხის, მთლიანად ერის კონსოლიდაციას იწვევს, ჩვენ ეს გვაკლია და ამითაცაა კარგი ეს დღე”.

რუსთაველის გამზირზე მიმავალ ალილოს მონაწილეებს ტროტუარზე მდგარი ხალხი ფოტოებს უღებს. პატარებს ”სპილოები” და ”აქლემები” მოსწონთ. ირმა ამბობს, რომ მისთვისაც ტრადიციაა ალილოზე მისვლა და შესაწირის მიტანა:

”ძალინ სასიამოვნო დღეა, აღმაფრენის... ვისაც ქრისტიანული სული გააჩნია, ყველასთვის ბრწყინვალე დღეა”.

ალილოს მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდა, ხვალიდან შეგროვილ შესაწირს ბავშვთა სახლებში დაარიგებენ.
XS
SM
MD
LG