Accessibility links

logo-print
დღესაც ორ გაზეთს - ”საქართველოს რესპუბლიკასა” და ”ახალ თაობას” მიმოვიხილავ.

”საქართველოს რესპუბლიკის” პირველი გვერდი პატრიარქის საშობაო ეპისტოლესა და პატრიარქისათვის დაბადების დღის მისალოც წერილებს ეთმობა. წაიკითხავთ აგრეთვე სტატიას სხვადასხვა ქვეყანაში შობის აღნიშვნის შესახებ.

გაზეთის მეორე გვერდზე გია ყარყარაშვილის 5 იანვრის განცხადების სრული ტექსტი ქვეყნდება სათაურით - ”ხელისუფლება ჭამს ყველაფერს, ადამიანებსაც კი!..”. ვეტერანთა აქციის დარბევის შესახებ პენსიონერ ეთერ ხელაძის წერილიც ქვეყნდება. ის წერს: ”ასე უნდა იმოქმედო! - ეტყვის სააკაშვილი მერაბიშვილს და წვრილფეხა თუ მსხვილფეხა შემსრულებლები იწყებენ უდანაშაულო ადამიანების ცემა-ტყეპას, დაჭერებს, მკვლელობასაც კი. ქვეყანაში პოლიციური რეჟიმია. მოსახლეობის დაშინების უამრავი მექანიზმია დამუშავებული”. ”საქართველოს რესპუბლიკის” დღევანდელ ნომერში სხვა ავტორის წერილში წაიკითხავთ.

”ჩვენებური კაცის ამბავი ხომ იცით, ოღონდ ახალ წელს მამაპაპურად თუ არა, რაღაც-რაღაცით გაწყობილი დიდი სუფრით მაინც შეხვდეს, ტრადიციას არ უღალატებს, ამ ერთ დღეს მაინც გაიხაროს, გაახალისოს ოჯახი და... აგერ, ერთი ჩემი ნაცნობი ბანკში დარბოდა, სამი თვის პენსია წინასწარ უნდა ავიღო როგორმე, სამაგიეროდ ერთი თვის კი დამატოვებინეს, მაგრამ აბა, რა ვქნა, ახალ წელს ხომ უნდა შევხვდეო” - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.

”ახალი თაობა” ლეიბორისტული პარტიის ლიდერის 6 იანვრის პრესკონფერენციას აშუქებს. კორესპონდენტი წერს: ”იურისტმა ნათელაშვილმა ხაზგასმით მიანიშნა, რომ მევალის და მოვალის ურთიერთობა არის ინდივიდუალური და არანაირი უფლება არ აქვს სხვა კომპანიას, როგორიც არის ამ შემთხვევაში ”ინტერ-რაოს” შვილობილი კომპანია ”თელასი”, დამსაჯოს და გადამახდევინოს ნაგვის და წყლის გადასახადი, რომელიც ეკუთვნის სულ სხვა კომპანიას, სხვა იურიდიულ და საჯარო პირებს”.

”ახალ თაობაში” დღეს ქართული პარტიის ერთ-ერთ ლიდერ სოზარ სუბართან ინტერვიუ ქვეყნდება.

”ჩვენ, ქართულმა პარტიამ, განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ პარტიის მშენებლობას და გაზაფხულზე, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, პარტია იქნება საბრძოლო კონდიციაში. შესაბამისად, იმ დროისთვის ჩვენ ვიქნებით მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის და ამის შემდეგ თავად შევქმნით პოლიტიკურ დღის წესრიგს”. ამავე ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვას - ”იქნება ვადამდელი არჩევნები, თუ მშვიდად მივალთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე?”, სუბარი პასუხობს: ”დარწმუნებული ვარ, 2011 წელი იქნება არჩევნების წელი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ვითხოვთ ჩვენ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი განწყობა იგრძნობა ხელისუფლების ნაბიჯებშიც” - ამბობს სოზარ სუბარი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG