Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგოეფექტურობის რამდენიმე ასპექტი


ახალი ტექნოლოგიების სახლის ინტერიერი
ახალი ტექნოლოგიების სახლის ინტერიერი
იცოდით, რომ თქვენი, მაგალითად, 60 კვადრატული მეტრი ფართობის სახლის გათბობას საქართველოში ორჯერ მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ასეთივე მიკროკლიმატურ პირობებში მდგარი სახლის გათბობას ევროკავშირის ქვეყნებში?.. მართალია, საქართველოში ბოლო წლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბევრი ახალი სახლი აშენდა, ხოლო ძველ, საბჭოთა პერიოდის შენობებში მასობრივად შეცვალეს ხის ფანჯრები მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით, ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით საერთო სურათი ბევრად არ შეცვლილა.
დღეს ჩვენ სხვის რესურსს მოვიხმართ, ვყიდულობთ მას და ამ ძვირ ენერგორესურრს მოვიხმართ ისე, რომ ნახევარს ქარს ვატანთ...

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული შენობების უმრავლესობა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ძალიან დაბალი ეფექტურობით ხასიათდება. მათი დიდი ნაწილი აგებულია ერთმაგი ფანჯრებით, მძიმე ბეტონის გარე კედლებით ან ბლოკით. სწორედ ამის გამო შენობებს გათბობისა და გაგრილებისათვის საქართველოს ენერგომოხმარების 60% სჭირდება.

“ჩვენი შენობების კედლები, შეიძლება ითქვას, გამჭვირვალეა სითბოსათვის. ზაფხულში, როცა ტემპერატურა მაღალია, ადვილად აღწევს სიცხე შიგნით და ბევრი ენერგია გვჭირდება, რომ სახლი გავაგრილოთ და ზამთარშიც ასევე - როცა ძალიან ცივა, ბევრი ენერგია გვჭირდება, რომ სახლი გავათბოთ. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ აქტიურია შენობების საბჭოთა კავშირის დროინდელი მახასიათებლები; იმ დროისა, როდესაც გლობალური გარემოსდაცვითი საკითხები საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში და როდესაც ელექტრომატარებლები იყო თვითღირებულებაზე იაფი. დღეს ჩვენ გვაქვს მსოფლიო ფასის ენერგომატარებლები, დღეს ჩვენ სხვის რესურსს მოვიხმართ, ვყიდულობთ მას და ამ ძვირ ენერგორესურრს მოვიხმართ ისე, რომ ნახევარს ქარს ვატანთ”, - ასე ახასიათებს ჩვენს შენობებს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი აბულაშვილი.

სხვათა შორის, ამ ორგანიზაციის ოფისი ახლად აშენებულ სახლში მდებარეობს, რომელიც ე.წ. ახალი სახლის თითქოს ყველა კომპონენტს შეიცავს განახლებადი ენერგორესურსებით, ორმაგი ფანჯრებით და ა.შ. თუმცა როდესაც ევროპის ენერგეტიკული ქალაქების ქსელის მიერ შემუშავეებული სპეციალური კომპიუტერული პროგრამით ამ შენობის ენერგომოხმარების ყოველწლიურ დინამიკა შეაფასეს, აღმოჩნდა, რომ ენერგოეფექტურობის ცენტრი საშუალოზე ცუდი ოფისის კატეგორიაში მოხვდა. ამის ამსახველი სპეციალური პლაკატი ოფისის შესასვლელ კარზეა გაკრული. საქართველოს მოქალაქეებისათვის დღეს საკუთარი სახლების ამ დონეზე შეფასება ზედმეტი ფუფუნებაა. გიორგი აბულაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებში თბოტექნიკური მახასიათებლების საკითხზე საერთოდ არაფერი წერია. რადგან სტანდარტი არ არის, კონტროლის საჭიროებაც ქრება:
ახალი ტექნოლოგიების სახლის მწვანე სახურავი

”ჩვენი შენობები ფაქტობრივად უსტანდარტოდ შენდება და საჭირო მახასიათებლები უბრალოდ არ კონტროლდება. რატომღაც მოხდა ისე, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ ახლად მიღებულ სამშენებლო ნორმებში თბოტექნიკური მახასიათებლების თემა საერთოდ გამოტოვა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების ჯგუფს ამაზე ნამუშევარიც ჰქონდა, ნორმატიული აქტიც იყო მომზადებული. არგუმენტი ის იყო, რომ სამშენებლო ბიზნესი საქართველოში ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და არ სურდათ იმ ზემოგების შემცირება, რასაც სამშენებლო კომპანიები იღებენ”.

რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, აკონტროლებს თუ არა არქიტექტურის საქალაქო სამსახური ან სხვა რომელიმე სტრუქტურა მსგავს მახასიათებლებს ახლად მშენებარე ობიექტებზე. მერიაშიც იგივე პასუხი მივიღეთ - რადგან დადგენილი სტანდარტები არ არსებობს, შენობის თბოტექნიკურ მახასიათებლებსაც არ ვამოწმებთო.

არადა, ამ სტანდარტების დაცვის გარეშე შენობებში ენერგოფექტურობის გაზრდა, უფრო სწორედ კი დაცვა ძალიან რთულია. ამ საქმის მცოდნე ადამიანები გვიხსნიან, რომ მიზანი მიიღწევა მაშინ, როცა შენობას აქვს მაღალი თბური წინაღობის მქონე კედლები, ორმაგი ფანჯრები, შესაბამისი სახურავი და იატაკი - ეს არის შენობის თბილი ტანსაცმელი.

კრიტიკა ხშირად სამშენებლო კომპანიების მიმართაც ისმის და ის ძირითადად ასეთი შინაარსის არის ხოლმე - მრავალბინიან სახლებში, რომელიც უნდა გაიყიდოს, რომ კომპანიამ მოგება ნახოს, თბოიზოლაციის მხოლოდ მინიმალური სტანდარტებია დაცული. მეტის დახარჯვის შემთხვევაში, ბინის ფასებიც აიწევს. ამიტომ, ყველაზე ოპტომალური გამოსავალი - ნაკლები ხარისხია, - ფიქრობს გიორგი აბულაშვილი.

საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი სამშენებლო კომპანიის ”არსის” აღმასრულებელ დირექტორს თორნიკე აბულაძეს ვკითხეთ რითი ხელმძღვანელობენ ისინი მშენებლობის დროს. მან გვითხრა, რომ ”არსს” აქვს საკუთარი სტანდარტები, ე.წ. შიდა გაიდლაინები, თუმცა მათში ენერგოდამზოგავი კომპონენტი ცალკე არ დევს. ამ სტანდარტის იდეა ის არის, რომ ისინი შავ კარკასს მყიდველს არ აბარებენ. თუმცა მისი აზრით, ენერგიის დამზოგავი მთავარი კომპონენტი ორმაგი კარ-ფანჯარაა:

”მოდი, ვნახოთ, რომელი სამშენებლო კომპანია არ იცავს ამ სტანდარტს, ანუ არ აკეთებს ორმაგ კარ-ფანჯარას ახალ სახლებში. არავინ. ანუ ყველა, ვინც დღეს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას აყენებს, მას 50%-ით უკვე გათვალისწინებული აქვს ენერგოდამზოგავი ფაქტორები. იმიტომ, რომ კარ-ფანჯარა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ძველ საბჭოთა სახლებს ჰქონდა”.

თორნიკე აბულაძის აზრით ყველაზე დიდი პრობლემა ახალ მშენებლობებში არის კედლის სისქე. მისი თქმით, ხშირად ხდება ისე, რომ დაზოგვის მიზნით შედარებით პატარა კომპანიები 40 სანტიმეტრი სისქის ნაცვლად აშენებენ ვთქვათ 20 სმ სისქის კედელს, რაც უკვე არის ენერგომაჩვენებლის დარღვევა. ”არსის” ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით საქართველო ამ სფეროშიც საკმაოდ უკანაა.
ახალი ტექნოლოგიების ცენტრის ახალი პროექტების მენეჯერი არჩილ პაპავა

სახელმწიფო ენერგოდაზოგვის პოლიტიკის ნაწილად გამრიცხველიანების სისტემას მიიჩნევს. კერძო კომერციული პროექტების მიმართ ხელშეწყობას მხოლოდ საინფორმაციო მხარდაჭერით აპირებს.

სამაგალითო შენობები, სადაც ზემოთ ნახსენები ყველა სტანდარტი დაცულია, თბილისში სულ რამდენიმეა და ჯერჯერობით ისინი ე.წ. საჩვენებელ შენობებად რჩება. ერთ-ერთ ასეთია ახალი ტექნოლოგიების ცენტრი თბილისის შემოსასვლელში, ნაქულბაქევის ტერიტორიაზე. ეს შენობა იმითაა უნიკალური, რომ მასში კომპლექსურადაა თავმოყრილი ყველა კომპონენტი.

ახალი ტექნოლოგიების ცენტრის ახალი პროექტების მენეჯერ არჩილ პაპავას მწვანე სახურავზე ავყავართ, ამბობს, ასეთი სახურავის იდეა ისიც არის, რომ დედამიწას უბრუნდება მიწის ის ნაწილი, რომელიც ამ შენობის გაჩენით წავართვითო. თავად შენობა კი, რომელიც ენერგოეფექტურობის ყველა პრინციპს პასუხობს ასეთია: ”გარედან შენობა ხითაა მოპირკეთებული, არის სავენტილაციო ღარი, ასევე ქარის მემბრანა, რომელიც ერთი მიმართულებით ატარებს ქარს და ტენს და მეორე მიმართულებით არ ატარებს, ასევე გამოყენებულია თბოსაიზოლაციო მასალა, ანუ ეს ფენები უზრუნველყოფს ტენის მოძრაობას შენობის შიგნიდან გარეთ. ასევე ვიყენებთ ქარის ენერგიას ელექტროენეგიის მისაღებად, მზის ენერგიას - შენობის გასათბობად, ბუნებრივი განათება ამ შენობის კიდევ ერთი მახასიათებელია... ვიყენებთ თერმულ რესურსებსაც”.

დამეთანხმებით, ძვირი სიამოვნებაა და ის დროც, როცა საქართველოში ასეთ შენობებს ააშენებენ, ჯერ კიდევ შორსაა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მაგალითები უკვე არსებობს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG