Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართები გააბეს


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი
აფხაზეთ-სამეგრელოს პირობითი საზღვრის რამდენიმე ადგილას მავთულხლართები გააბეს. ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვრის მონიშვნა ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში დაიწყეს.

როგორც რადიო თავისუფლებას საბერიოდან შეატყობინეს, სოფელ ლეკუხონაში, რომელიც წალენჯიხას ესაზღვრება, დემარკაცია დასრულებულია. ადგილობრივების ცნობით, იქ რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები ორმწკრივად გააბეს და მისი სიმაღლე ორ მეტრს აღემატება:

„ლეკუხონადან მოყვებიან და მავთულხლართებს აკეთებენ ყველგან. არ ვიცით, მომავალში ჩვენი გადასვლა როგორ იქნება. სულ ჩავიკეტებით. შვილიშვილებს ვერ ვნახავთ და ისინიც ვერ მოვლენ ჩვენთან. რუსებმა გვითხრეს, გეყოფათ ზუგდიდში სიარული, აწი გალში იარეთო“.

რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებს მავთულხლართები ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ სოფელ საბერიოში, რომელიც ლეკუხონას 6 კილომეტრით აშორებს. თუმცა, როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, საზღვარი აქაც უკვე მონიშნულია. ამასთან, რესპონდენტი რუს სამხედროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მავთულხლართების გაკეთებამდე იმ თხილნარების ამოძირკვა დაიწყება, სადაც ე.წ. სახელმწიფო საზღვარი გავა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ზოგან სამოსახლოს ეზოების, საყანე მიწებისა და თხილნარების ნახევარი სამეგრელოს ტერიტორიაზე დარჩება:

„ჩვენი შემოსავლის წყარო თხილი და სიმინდია. მიწები, რომ გაიყოფა, რა გვეშველება?.. აქ იქნება სახელმწიფო საზღვარიო, რუსებმა ასე დაგვიბარეს“.

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი ინფორმაციით, დემარკაცია უკვე დასრულებულია და მავთულხლართებიც გაკეთებულია ოტობაია-ორსანტიის პირობით საზღვართან. ადგილობრივების ცნობით, ე.წ. შემოვლითი გზები, რომლის საშუალებითაც სამეგრელოში გადმოსვლა იყო შესაძლებელი თითქმის ყველგან გადათხრილია.
XS
SM
MD
LG