Accessibility links

logo-print

დასავლეთი ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციებზე მსჯელობს


ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ტელეეთერში

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ტელეეთერში

ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების მწვავე კრიტიკის ფონზე, დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ. მათ შორის არ არის გამორიცხული, ბელორუსიის სათავეში მყოფ ოფიციალურ პირთათვის ევროკავშირში შესასვლელ ვიზებზე სანქციების დაწესების პროცესი განახლდეს.

ბრიუსელში მზად არიან, ბელორუსიის ხელმძღვანელი ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირში შესასვლელი სავიზო სანქციების განახლების შესახებ მსჯელობა დაიწყოს. ევროპარლამენტში ბელორუსიის კრიზისზე დისკუსია 12 იანვრისთვის დაიგეგმა. შეხვედრას ევროპარლამენტის ყველა ის კომიტეტი დაესწრება, რომლებსაც ამ კრიზისთან რამენაირი ფორმით აქვთ შეხება. დისკუსია პარლამენტის პრეზიდენტის, ეჟი ბუზეკის, მოთხოვნით დაინიშნა.

მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მაღალ დონეზე განხორციელდეს. მომავალი კვირის რიგგარეშე სესიამდე კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა ბრიუსელში დღეს გაიმართა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებმა მინსკში კომიტეტს გადასცეს ბელორუსიის იმ ოფიციალური პირების სია, რომელთა წინააღმდეგაც სავარაუდოდ ევროკავშირის სავიზო სანქციები განხორციელდება.

სავიზო სანქციები ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელორუსიის 40 ხელმძღვანელი პირის მიმართ ევროკავშირმა 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აამოქმედა. ამის მიზეზი იყო უსამართლო არჩევნები, არჩევნების შემდეგ კი ოპოზიციის შევიწროვება. სანქცია 36 პირის მიმართ გაუქმდა 2008 წელს, მას შემდეგ, რაც მინსკმა წამყვანი პოლიტიკური ფიგურები პატიმრობიდან გაათავისუფლა.

სანქციების განახლების მომხრე ევროპის რამდენიმე პოლიტიკური ლიდერია. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა, განაცხადა, რომ ლუკაშენკო კვლავ დაბრუნდება სანქცირებულთა სიაში, იმ ათობით ადამიანთან ერთად, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლების პოსტსაარჩევნო ცემასა და დაკავებაში არიან პასუხისმგებელნი.

ბილდმა არ გამორიცხა, რომ ევროკავშირი მხოლოდ სავიზო სანქციებით არ შემოიფარგლოს და ბელორუსიისადმი ეკონომიკური დახმარების დიდი ნაწილი დროის მიმდინარე მონაკვეთში შეაჩეროს. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ბელორუსიამ ევროკავშირისგან მომავალი სამი წლის განმავლობაში 3 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების შეთავაზება მიიღო.

ბუდაპეშტი, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეა, ასევე იზიარებს ბელორუსიის მაღალჩინოსანთა მიმართ სავიზო სანქციების ამოქმედების განახლების აუცილებლობას. უნგრეთის ელჩმა ბელორუსიაში ფერენც კონტრამ მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ბელორუსიამ ან უნდა გაათავისუფლოს დაკავებული ოპოზიციონერები, ან სავიზო სანქციებისთვის მოუწევს თვალის გასწორება.

მაშინ, როცა ბრიუსელი ლუკაშენკოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმების შეჯერებას ცდილობს, ლუკაშენკოს ქმედებების კრიტიკას კიდევ უფრო ამძაფრებს ვაშინგტონიც.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, ხუთშაბათს ვაშინგტონში შეხვდა ბელორუს და ამერიკელ ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტებს და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოპოზიციის დაკავებული მომხრეები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, მარკ ტონერმა, ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კლინტონის შეხვედრა ადამიანის უფლებების დამცველებთან, გზავნილი იყო ბელორუსიის ხელისუფლების მისამართით.

”სახელმწიფო მდივანი იზიარებს მათ შეშფოთებას ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებისა და არჩევნების შემდგომ სახელმწიფოს მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო. იგი მოითხოვს ჯერაც საპატიმროებში მყოფი პირების დაუყოვნებელ გათავისუფლებას და ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიების შეჩერებას”.

სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება ბელორუსიის მთავრობის მოქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს.

შერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფილიპ გორდონმა, ოთხშაბათს, 5 იანვარს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამ მიმართულებით აქტიურად განიხილავს შესაძლებლობებს, მათ შორის დამატებითი სანქციების ამოქმედების საკითხსაც.
უფრო ადრე კი 4 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც და ევროკავშირმაც დაგმეს ბელორუსიის გადაწყვეტილება, მინსკში ეუთოს მისიის ოფისის დახურვის შესახებ.

ეუთოს მისიის ოფისი 31 დეკემბერს დაიხურა, მას შემდეგ, რაც ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ჯგუფმა მკაცრად გააკრიტიკა ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნები. ეუთოს განმარტებით, ბეორუსიის 19 დეკემბრის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნების თითქმის ნახევარში შეაფასეს, როგორც ”ცუდი და ძალიან ცუდი”.

ეუთოს ოფისის დახურვის მიუხედავად, 6 იანვარს ბელორუსიაში განაცხადეს, რომ ეუთოს ვენის შტაბბინასთან კონტაქტების შენარჩუნებას შეეცდებიან.
XS
SM
MD
LG