Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევის უარი უარჩევნებო უფლებამოსილებას


ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი
ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა უარი თქვა ქვეყნის პარლამენტის წინადადებაზე, ჩატარდეს რეფერენდუმი პრეზიდენტის უფლებამოსილების 2020 წლამდე გასაგრძელებლად. ნაზარბაევის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა, თუმცა ნაზარბაევის კრიტიკოსები, რომლებიც ამ ნაბიჯს დემოკრატიის გამოვლინებად არ მიიჩნევენ, მოელიან, რომ, ნაზარბაევის ოფიციალური უარის მიუხედავად, პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს რეფერენდუმის იდეას.

ყაზახეთის მედიის თანახმად, პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, უარი თქვა პარლამენტის განზრახვაზე შეიცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია და ჩატარდს რეფერენდუმი, რომელიც მას პრეზიდენტობის ვადას 2020 წლამდე გაუხანგრძლივებს; ერთი დღით ადრე კი რეფერენდუმის გამართვის საინიციატივო ჯგუფმა, რომელსაც აკადემიკოსი ერლან სიდიკოვი ხელმძღვანელობს, მოკლე დროში მოახერხა 2 მილიონამდე ხელმოწერის მოგროვება მაშინ, როდესაც რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნისათვის 200 ათასი მოქალაქის მხარდაჭერაც კი საკმარისი იყო. 6 იანვარს რეფერენდუმის გეგმას მხარი დაუჭირა ყაზახეთის პარლამენტმა. სენატორმა, ბერიკ იმაშევმა, განაცხადა, რომ რეფერენდუმის იდეას მთელმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი:

„ამ საკონსულტაციო ინიციატივას პირველი დღიდანვე დაუჭირა მხარი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქემ. რეფერენდუმის მზადებას დეტალურად აშუქებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. საკუთარი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ქვეყნის მრავალი პატივსაცემი და ცნობილი ადამიანი ლაპარაკობს ამ მოვლენის ეპოქალურ მნიშვნელობაზე ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის“.

ნაზარბაევი, რომელსაც „ელბაში“ - ერის ლიდერის ტიტული - სიცოცხლეშივე მიანიჭეს, ნავთობით მდიდარ ყახაზეთს 1989 წლიდან მართავს. მას აქვს უფლება იმდენჯერ იყაროს პრეზიდენტად კენჭი, რამდენჯერაც მოისურვებს. ქვეყანაში შემდეგი არჩევნები 2012 წელს უნდა გაიმართოს, მაგრამ რეფერენდუმის ინიციატორები ფიქრობენ, რომ მართებულია ნაზარბაევს საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2020 წლამდე გაუხანგრძლივდეს, რათა „ერის ლიდერი“ არ მოსცდეს სახელმწიფო საქმეს. თუმცა რეფერენდუმის გზით ნაზარბაევის უფლებამოსილების გაზრდას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც ყაზახეთში. ისინი ამ წინადადების მიმართ უკმაყოფილებას ოპოზიციური ვებსაიტის მეშვეობით გამოხატავენ. გარდა ამისა, განზრახულ რეფერენდუმს დემოკრატიიდან გადახვევა უწოდა შეერთებულმა შტატებმა. ამ ქვეყნის ელჩმა ყაზახეთში, რიჩარდ ჰოეგლანდმა, ამ კვირაში არაორაზროვნად განაცხადა, „ყაზახეთის ხალხს უფრო ფართო არჩევანი უნდა ჰქონდეს, ვიდრე რეფერენდუმზე მხოლოდ „ჰოს“ ან „არას“ თქმაა“.

ახლა, როცა ნაზარბაევმა თავად თქვა უარი რეფერენდუმსა და საკონსტიტუციო ცვლილებაზე, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, თუმცა ასე არ ფიქრობს ალმა-ათაში მცხოვრები ანალიტიკოსი დოსუმ სატპაევი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ნაზარბაევის მომხრეებს სხვა სცენარიც მომზადებული აქვთ:

„ვფიქრობ, ისინი [კანონმდებლები] დაიჟინებენ და კიდევ ერთხელ შესთავაზებენ პრეზიდენტს წინადადებას რეფერენდუმის ჩატარებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე“.

ოპონენტები იხსენებენ შარშანდელ ისტორიას, როდესაც ნურსულთან ნაზარბაევმა თავდაპირველად უარი თქვა კანონმდებელთა ინიციატივაზე მინიჭებოდა მას „ერის ლიდერის“ სტატუსი, თუმცა ვეტო არ დაადო პარლამენტის შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას და ის, საბოლოო ჯამში, ძალაში შევიდა. გარდა ამისა, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ყაზახეთის პარლამენტს აქვს უფლებამოსილება შეცვალოს კონსტიტუცია და ნაზარბაევს, მისი უარის შემთხვევაშიც კი, საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2020 წლამდე გაუხანგრძლივოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG