Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა, 8 იანვარი 2011


უცხოეთის პრესაში გასულ კვირაში საქართველოზე, ყოველკვირეულმა „ნიუ იუროპმა“ დაბეჭდა წერილი, რომელიც ევროპარლამენტის წევრ კშიშტოფ ლისეკს ეკუთვნის. სტატიის დასაწყისში ის წერს საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაზე ევროპის პარლამენტში, სადაც, მისი თქმით, ისევე როგორც სხვა შეხვედრებისას ბრიუსელში, სააკაშვილს უპრეცედენტო ღიაობა გამოუმჟღავნებია. ლისეკი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაში ყურადსაღები ისაა, რომ მან საერთაშორისო პოლიტიკაში ძლიერად შეცვალა რიტორიკა და ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკოსის სახელი, მოქნილი მმართველის იმიჯით შეიცვალა. ლისეკი ვარაუდობს, რომ ასეთი გამოსვლა ძალის გამოყენებაზე უარის გარშემო, შეიძლება კავკასიაში მშვიდობის დამყარების გზაზე გარდამტეხ ეტაპად იქცეს. ის საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე წერს, რომ კრიზისს ქვეყანამ თავი კარგად გაართვა და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასაც დადებითად მიიჩნევს. პოლონელი დეპუტატის თანახმად, საქართველომ თავისი კონსტიტუცია პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე შეცვალა. საქართველო ახალი კონსტიტუციით საპარლამენტო და საკაბინეტო სისტემისაკენ წავა, წერს ის და გვამცნობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აირჩნევს და გააკონტროლებს მთავრობას, რომელსაც მეტი ძალაუფლება ექნება. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, ლისეკი მას ასევე დადებითად უყურებს და წერს, ჩვენი თვალსაზრისითაც, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად შეუწყობდა ხელს დემოკრატიულ პროცესებს, ეკონომიკურ რეფორმებს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როგორც თავად საქართველოში, ასევე მის მეზობლებში, საქართველო იმსახურებს ნამდვილ ევროპულ პერსპექტივასო. ოდნავ ქვემოთ ის რუსეთთან ურთიერობის კონტექტში თუმცა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს, რუსეთთან მისი ამჟამინდელი ურთიერთობების გამო, ევროკავშირში გაწევრიანების არავითარი შანსი არა აქვს. ევროპის არაერთმა პოლიტიკოსმა დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, წერს ავტორი, მაგრამ არ გარისკა მოსკოვთან ურთიერთობის გაუარესება სააკავშილისთვის მხარდაჭერით გამოცხადებითო. ლისეკი წერილის ბოლოს ზემოთხსენებულ თემას უბრუნდება და ამბობს, კარგია რომ საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის ევროკავშირთან თანამშრომლობას ესწორაფვის, მხოლოდ ასე მოხერხდება ექვსპუნქტიანი საზავო შეთანხმების შესრულება და ოკუპირებული ქართული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გამოყვანაო.

პოლონეთის საინტერნეტო გამოცემა, „Thenews.pl“ იუწყება, რომ პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, კაჩინსკი, რომელიც საავიაციო კატასროფაში დაიღუპა რუსეთში, ჰოლივუდის ფილმში იქნება ნაჩვენები. „აგვისტოს ხუთ დღეში“, იუწყება გამოცემა, კაჩინსკი, რომლის როლს ირანული წარმოშორის ამერიკელი მსახიობი თამაშობს, მხოლოდ მცირე ხნით გამოჩნდება. გამოცემა აქვეყნებს ფილმის ტრეილერსა და წერს, რომ მასშიცაა ნაჩვენები ჩთამბეჭდავი მომენტი, როცა შუა ევროპის ქვეყნების ლიდერებმა კაჩინსკის წინამძღოლობით სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს რუსეთთან ომში. ფილმის შინაარსია მოკლედ აღწერილი იქვე და ვკითხულობთ, რომ კრიტიკოსებმა შესაძლოა სამართლიანად აღნიშნონ, რომ ფილმი ქართული პოზიციის მიმართ უფრო კეთილადაა განწყობილი, ვიდრე რუსეთის თვალსაზრისისა. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილმა ფილმის ავტორებს გადაღებებისთვის პრეზიდენტის რეზიდენცია დაუთმო. გარდა ამისა, გადამღებ ჯგუფს უნიფორმა და სამხედრო ტექნიკა უფასოდ დაუთმეს. სტატიის ბოლოს წერია, რომ „აგვისტოს ხუთი დღის“ პრემიერა მარტში იქნება.

მოკლე წერილზე, რომელიც ენ ეპლბაუმმა „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნა. ის რუსეთზეა, კერძოდ კი იმაზე, თუ როგორ განსაზვრავდა ამ ქვეყნის ბედს ნავთობის ფასი. ეპლბაუმი ყოფილი ნავთობმაგნატის, ხოდორკოვსისთვის გამოტანილ განაჩენზე წერს. რომ მეორე სასჯელი იმ უსაზღვრო რაოდენობის ნავთობის მიტაცებისთვის გამოუტანეს, რომლის გაყიდვისას გადასახადების გადაუხდელობის გამო ადრე 8 წელი მისცესო. ეპლბაუმი თავის სტატიაში ამტკიცებს, რომ როცა ნავთობის ფასი იზრდება, (ამას ისტორიული ანალიზითაც ასაბუთებს) რუსეთის ხელისუფალნიც თავს უფრო მოძლიერებული გრძნობენ. ამით ხსნის ის რუსეთის მთავრობის რიტორიკის შეცვლას უარესისკენ. და თვითონვე აღიარებს, თუმცა ვიცი, ეს მარტივი ანალიზია, მაგრამ უკეთესი ახსნა ჯერ არავისგან მსმენიაო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG