Accessibility links

2010 წელს ბრიტანეთმა, ახალ წელს კი შეერთებულმა შტატებმა ბიძგი მისცეს ტენდენციას, რომელსაც შესაძლოა მსოფლიოს სხვა დიდ სახელმწიფოებშიც მოჰყვეს სამხედრო დანახარჯების შემცირება. სამხედრო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად მცირდება საქართველოშიც, რომლის ხელისუფლებამ გასულ წელს საბოლოოდ თქვა უარი დაკარგული ტერიტორიების ძალით აღდგენის გეგმაზე.

შეერთებული შტატები, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი აქვს, მომდევნო 5 წლის განმავლობაში 78 მილიარდით აპირებს თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებას. ამის შესახებ 6 იანვარს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა, განაცხადა და იქვე დაამატა, რომ სამხედრო ხარჯების შემცირება არ აისახება არმიის ბრძოლისუნარიანობაზე:

„ჩემი შეხედულებით, ეს გეგმა წარმოადგენს თავდაცვის ხარჯების მინიმალურ დონეს, რაც საჭიროა შეერთებული შტატების წინაშე გლობალური მასშტაბით წამოჭრილი უსაფრთხოების კომპლექსური და არაპროგნოზირებადი გამოწვევების - გლობალური ტერორისტული ქსლის, სამხედროთა ძალაუფლები ზრდის, ბირთვული იარაღის მქონე ექსტრემისტული სახელმწიფოებისა და კიდევ ბევრი, ბევრი რამის გასამკლავებლად”.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების თავდაცვის ხარჯები 2009 წლამდე იზრდებოდა; ხოლო 2010 წელს, როდესაც პირველად იჩინა თავი შემცირების ტენდენციამ, ამერიკის არმიის ბიუჯეტი 693 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

თუმცა, შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული სამხედრო ხარჯების შემცირების გეგმა ეტაპობრივად განხორციელდება და 2012 საფინანსო წელს პირიქით, თავდაცვის ბიუჯეტი მცირედით, 3 პროცენტით გაიზრდება და 553 მილიარ დოლარს მიაღწევს. ამ თანხაში არ შედის საზღვარგარეთის - ერაყის, ავღანეთისა და კოსოვოს სამხედრო მისიების დაფინანსება, თუმცა, როგორც რობერტ გეითსმა განაცხადა, შემცირება, შესაძლოა, შეეხოს ევროპაში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო სტრუქტურებს.

„ჩვენი მიმოხილვის საფუძველზე ცხადია, რომ ჩვენ ევროპაში გვყავს ზედმეტი რაოდენობის სამხედრო სტრუქტურები. ჩვენ ყურადღებით ვეძებთ მოქმედების ალტერნატიულ გზებს, მაგრამ არაფერი არ იქნება განხორციელებული 2015 წლამდე, ანდა ჩვენს მოკავშირეებთან კონსულტაციების გარეშე“.

თუმცა ბიუჯეტის დაზოგვა მხოლოდ ბიუროკრატიული აპარატის ან გენერალთა რაოდენობის შემცირებით ვერ შემოიფარგლება. პენტაგონის ხუთწლიანი გეგმის თანახმად, 2015-2016 წლებში სახმელეთო ჯარი 27 ათასი კაცით, საზღვაო ძალები კი 15-20 ათასი კაცით შემცირდება. შეერთებულ შტატებამდე სამხედრო ბიუჯეტისა და პირადი შემადგენლობის შეკვეცის ხუთწლიანი გეგმა, გასული წლის ოქტომბერში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომაც წარმოადგენა. ბრიტანეთის შემთხვევაშიც სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, მთავრობის მიერ გამოცხადებული გეგმის ნაწილია, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის წინააღმდეგაა მიმართული.

„ჩვენ ვაპირებთ, დავასრულოთ წლები, როდესაც სულ უფრო და უფრო გაზრდილი ვალების აღება ხდებოდა. ჩვენ, როგორც ნებისმიერ გადახდისუნარიან ოჯახს, განზრახული გვაქვს, რასაც ვყიდულობთ, შეგვეძლოს მისი ყიდვა, შეგვეძლოს დანახარჯების მიღებული შემოსავლით გასტუმრება და აღარ ავკიდოთ ჩვენს შვილებს ახალ-ახალი პროცენტები იმ ვალებისა, რომელთა გადახდა ჩვენ თავადვე არ შეგვიძლია“, - განაცხადა გასული წლის 20 ოქტომბერს ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა.

2015-2016 წლებში ბრიტანეთი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2 პროცენტს დახარჯავს, ამჟამინდელ 2,5-თან შედარებით. შესაბამისად 5-5 ათასი კაცით შემცირდება ბრიტანეთის სამეფო საჰაერო-ძალები და საზღავო ძალები. არმიას კი უფრო დიდი მასშტაბის - 7 000 ათასი საშტატო ადგილით შემცირება ემუქრება.

საბოლოო ჯამში, მსოფლიოს სამხედრო ძალთა ბალანსს უფრო ზუსტად სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტი შეაჯამებს, რომელიც „სამხედრო ბალანსის“ შესახებ კვლევებს ყოველი წლის დასაწყისში აქვეყნებს.

კვლევაში შედის, როგორც ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტების მქონე ქვეყნები - შეერთებული შტატები, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, რუსეთი და საფრანგეთი, ასევე ის ქვეყნებიც, რომელთა წლიური ბიუჯეტი სულ რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს.

საქართველო, რომელსაც ყველაფერში უყვარს ლიდერობა, სამხედრო დანახარჯების თვალსაზრისით საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. მომავალ წელსაც საქართველოს თავდაცის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით 100 მილიონი ლარით ნაკლები იქნება და 660 მილიონს შეადგენს. საქართველოს სამხედრო უწყება ირწმუნება, რომ ბიუჯეტის თითქმის 20-პროცენტიანი შემცირება არ დააზარალებს ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

საქართველოსაგან განსხვავებით, თავდაცვითი ხარჯები იზრდება აზერბაიჯანსა და სომხეთში. 2011 წლის სახელმწიფო ბუჯეტის კანონის თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებზე სახელმწიფო 2 მილიარდ დოლარზე მეტს დახარჯავს; სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი კი 405 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც შარშანდელთან შედარებით 5 პროცენტითაა გაზრდილი.
XS
SM
MD
LG