Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისათვის


შალვა კიკნაველიძე, ახალგაზრდული ფორუმის ლიდერი
შალვა კიკნაველიძე, ახალგაზრდული ფორუმის ლიდერი
ახალგაზრდული ფორუმი ინიციატივით გამოდის დაიწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის პარალელური პროცესი და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ მხარეებს თანადგომისაკენ მოუწოდებს.

”ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისათვის” - ამ დევიზით აპირებენ მუშაობის დაწყებას ახალგაზრდული ფორუმის წარმომადგენლები, რომელთა მიზანსაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა წარმოადგენს. როგორც ფორუმის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა ის საკითხი იქნება განხილული, რომლებსაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფი დაამუშავებს.

ჩვენ უნდა დავარწმუნოთ არჩევნებისადმი ინდიფერენტულად განწყობილი ახალგაზრდობა და სტუდენტობა, რომ ისინი არჩევნეში მონაწილეობით საკუთარ მომავალს ირჩევენ, არჩევნების სამართლიანად ჩატარება კი მათი საზრუნავიც უნდა იყოს, აცხადებს ”ახალგაზრდული ფორუმის” თავმჯდომარე შალვა კიკნაველიძე.

”საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დღეს ახალგაზრდული ფორუმი სთავაზობს კოლეგებს, დავიწყოთ პარალელური პროცესი - ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისათვის, რომელშიც ჩაერთვებიან ყველა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა, არსებობს თემები, რომელთა თაობაზეც ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს - ერთიანი ხედვა, რადგან ჩვენი თაობა წარმოადგენს ქვეყნის მომავალს. ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის პარალელურად იმუშავებს ყველა იმ საკითხზე, რომლებიც განიხილება და დამუშავდება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფში”, - ამბობს შალვა კიკნაველიძე.

მთავარია, რომ ხელისუფლებამ უკვე კონკრეტული წინადადებები დააყენოს, რას ეთანხმება და რას არა და ალბათ გაზაფხულისათვის იქნება საბოლოო რაუნდი...
საბოლოო ჯამში კი ახალგაზრდული ორგანიზაციების ერთობა საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკუთარ დასკვნას და ხედვას წარუდგენს, აცხადებენ ახალგაზრდულ ფორუმში.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფი - რვიანის ფორმატით ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში შეიქმნა. ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”, ”ეროვნული ფორუმი”, საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ”ახალი მემარჯვენეები”, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ხალხის პარტია და ”საქართველოს გზა”, - ეს ის რვა ოპოზიციური პარტია იყო, რომლებმაც 2010 წლის შემოდგომაზე სამთვიანი მუშაობის შედეგად საზოგადოებას საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარუდგინა: საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი, არჩევნების დღე, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც პროექტში გაერთიანდა, თუმცა, მოგვიანებით ოპოზიციურ რვიანს კიდევ რვა პარტია შეემატა და ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლებმაც განხილვების პირველი ანუ პროექტების პრეზენტაციების ეტაპი ნოემბერში დაიწყეს და დეკემბრის ბოლოს დაასრულეს.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფი კონსულტაციებს იანვრის ბოლოდან განაახლებს და დაიწყება კონსულტაციების მეორე, კერძოდ, დისკუსიების ეტაპი, რითაც უნდა დასრულდეს ყველა მხარის პოზიციების დაფიქსირება, აცხადებს რადიო ”თავისუფლევასთან” საუბარში პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ზურაბ აბაშიძე:

”მთავარია, რომ ხელისუფლებამ უკვე კონკრეტული წინადადებები დააყენოს, რას ეთანხმება და რას არა და ალბათ გაზაფხულისათვის იქნება საბოლოო რაუნდი, რომელიც დაკავშირებულია რეალურად შეთანხმების მიღწევასთან კონკრეტულ საკითხებზე, მაგალითად, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საპარლამენტო არჩევნები, ბიომეტრიული პასპორტები, საიდენტიფიკაციო ბარათები, საარჩევნო კომისიები, დაფინანსების საკითხები და მედიათავისუფლების კონკრეტული მიმართულებები”.

ჯგუფის მუშაობის პირველმა ეტაპმა საინტერესოდ ჩაიარა, რადგან ყველა პარტიას მიეცა საშუალება წარმოედგინა საკუთარი ხედვა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი. როგორც ის რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აცხადებს, ამ ეტაპისთვის უკვე შესაძლებელია იმის თქმაც, რომ რიგ საკითხებში ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების პოზიციები შეჯერდება.

”პარტიების პოზიციები, ბუნებრივია, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და, ბუნებრივია, ისინი საკუთარი გადასახედიდან უყურებენ საარჩევნო კოდექსს, თუმცა მე ვფიქრობ, ძალიან ბევრ ნაწილში შეიძლება, რომ პოზიციები დაახლოვდეს, განსაკუთრებით საარჩევნო სისტემისა და ამომრჩეველთა სიების ნაწილში; და ვფიქრობ, რომ ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე შეიძლება მივიდეთ. თუ როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილებები, ამას მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გვიჩვენებს”, - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.
XS
SM
MD
LG