Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსონში მომხდარმა თავდასხმამ ამერიკა შეძრა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას
შაბათს აშშ-ის კონგრესის წევრ ქალზე, გაბრიელ გიფორდსზე, მომხდარი თავდასხმა ძლიერი შოკი აღმოჩნდა ამერიკელებისათვის, რადგან 30 წელზე მეტია, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წევრს ტყვია არ მოხვედრია. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდასხმას „ენით გამოუთქმელი ტრაგედია “ უწოდა.

ეს ტრაგედიაზე მეტია მათთვის, ვისაც იგი შეეხო. ეს არის ტრაგედია არიზონისათვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის...
აშშ-ის კონგრესის წევრ ქალს დემოკრატიული პარტიიდან, გაბრიელ გიფორდსს, ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც იგი საჯარო შეხვედრას მართავდა არიზონის შტატის ქალაქ ტუსონის ამომრჩევლებთან.

თავდამსხმელი, რომელმაც ექვსი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ხოლო 18 ადამიანი დაჭრა, პოლიციამ შეიპყრო და მას სასამართლო ელოდება. თავის არეში მძიმედ დაჭრილი კონგრესმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დაჭრილებთან ერთად მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერს მიმართა, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით პატივი მიაგონ წუთიერი დუმილით დაღუპულთა ხსოვნას. მანამდე კი ობამამ დაგმო მომხდარი ტერორისტული თავდასხმა:

„ეს ტრაგედიაზე მეტია მათთვის, ვისაც იგი შეეხო. ეს არის ტრაგედია არიზონისათვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. რასაც ამერიკელები აკეთებენ ტრაგედიის დროს, ეს არის ერთად ყოფნა და ერთმანეთის მხარდაჭერა“.

ასეთი ტრაგედია შეერთებულ შტატებს იშვიათად უნახავს - კონგრესის წევრი ბოლოს 30 წლის წინ მოკლეს. ეს მოხდა 1978 წელს, როდესაც დემოკრატიული პარტიის წევრი, ლეო რეიანი, კალიფორნიიდან სამხრეთ ამერიკის გაიანაში ჩაფრინდა სამშვიდობო მისიით. კონგრესმენი და მისი ჯგუფი იძიებდა საქმეს, რომელიც შეეხებოდა რელიგიურ სექტას სახელწოდებით „ხალხის ტაძარი.“ როდესაც ლეო რეიანი ჟურნალისტებსა და რამდენიმე მძევალთან ერთად უკან ბრუნდებოდა, იგი ალყაში მოაქციეს და სამ ჟურნალისტთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმეს. ამას მოჰყვა 1978 წლის მასობრივი მკვლელობა გაიანის სოფელ ჯონსტაუნში, რაც ისტორიაში შევიდა როგორც „ჯონსტაუნის სასაკლაო“. სენატორ ლეო რეიანამდე პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლი გახდა სენატორი რობერტ კენედი, 1968 წელს, მას შემდეგ, რაც დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია კალიფორნიის პრაიმერიზში. მისი მკვლელი იყო სირჰან სიჰრანი, პალესტინური წარმოშობის ამერიკელი, რომელიც უკმაყოფილო იყო კენედის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკით. ყველაზე დიდი რეზონანსი კი ჰქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობას ტეხასის შტატის ქალაქ დალასში, 1963 წლის ნოემბერში, რის შედეგადაც ტელეკომპანია სი-ბი-ესმა პირდაპირი მაუწყებლობა შეწყვიტა.

“ეს არის სი-ბი-ესის ახალი ამბების გამოშვება. დალასში, ტეხასის შტატში, სამჯერ ესროლეს პრეზიდენტ კენედის ავტოკოლონას. პირველი ცნობების თანახმად, პრეზიდენტი კენედი სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა“.

ჯონ კენედიმდე პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლი გახდა სამი პრეზიდენტი: აბრაამ ლინკოლნი - 1865 წელს, უილიამ მაკკინლი - 1901-ში და ჯეიმს გარფილდი - 1881 წელს. რამდენიმე პრეზიდენტი კი თავდასხმის დროს სიკვდილს გადაურჩა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შემთხვევა პრეზიდენტ რონალდ რეიგანისა, რომელსაც 1981 წლის მარტში თავდამსხმელის ტყვია მკერდში მოხვდა. პრეზიდენტ ჯერალდ ფორდზე კი 1997 წელს, ერთი თვის განმავლობაში, ორჯერ სცადეს უშედეგო თავდასხმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG