Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიშ თორდია - მხატვარი


1 იანვარი, შაბათი
წუხელ 12 საათზე 2011 წლის დადგომა სახლში აღვნიშნეთ მე და მარინამ, ხოლო ჩვენი ხათათო ახალ წელს, თავის მეგობრებთან ერთად, სხვაგან ხვდებოდა. შემდეგ ბათუმში ანდრეა ბოჩელის მონაწილეობით გამართულ კონცერტს ვუყურეთ ტელევიზიით და მოუთმენლად ველოდით Time to Say Goodbye-ს, - არაჩვეულებრივ სიმღერას - მაგრამ ჩვენს ეზოში ამ დროს შუშხუნებისა და სპეციალური სასროლების ისეთი შხუილი და ბათქი ისმოდა, გეგონებოდა, გაგანია ომი იყო გარეთ. ერთადერთი რამ, რაც ამ ორომტრიალს და გულისწამღებ ხმაურს საზეიმო ელფერს აძლევდა, იყო ფერადი ფოიერვერკებით განათებული ცა. მომავალში, ალბათ, შეიქმნება ისეთი შუშხუნები (ალბათ, არსებობს კიდეც მსგავსი რამ, ცხადია – საზღვარგარეთ), რომელთა ზარბაზნებისდარი ზალპის ხმას სასიამოვნო მუსიკალური ბგერები ჩაენაცვლება. ისე კი, სიმართლე რომ ვთქვა, ასეთი აჟიტირებული, ხმაურიანი ზეიმების მოტრფიალე არ ვარ.

შაბათ დღეს გვიან გამეღვიძა. ქალაქში უკვე სასიამოვნო სიჩუმე და სიმშვიდე სუფევდა და, რატომღაც, ამ სიმშვიდეში უფრო მქონდა ახალი წლის დადგომის შეგრძნება, ვიდრე წუხელ. დილითვე დამირეკა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ელდარ ნადიბაიძემ და მითხრა, რომ მისი სიძე ზვიად შუშანაშვილი გვეპატიჟებოდა სახლში. სუფრასთან სულ სამი კაცი ვისხედით. მეოთხე – ჩემი ცოლისძმა ზურა გველესიანი – ვერ მოვიდა გადაუდებელი საქმის გამო. სამაგიეროდ მის მიერ დაწურულ ზღაპრულ ღვინოს ვწრუპავდით პატარა ჭიქებით, თან ძველი წლის კარგსა და ცუდ ამბებსაც ვიგონებდით. ახალ წელს ახალი სურვილების ახდენა შევთხოვეთ. საღამომ ძალზე სასიამოვნოდ ჩაიარა.
თავისუფლების დღიურები - რადიშ თორდია
please wait

No media source currently available

0:00 0:12:14 0:00
გადმოწერა

2 იანვარი, კვირა
კვირადღე გათენდა. ისევ მზიანი ამინდია. ვგონებ, ზამთარმა საახალწლოდ გაზაფხული მოიწვია სტუმრად. ამბობენ, რომ აყვავებულა ტყემლისა და ვაშლის ხეები, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში (ნეტავ ჩემთან, არაგვისპირში რა ხდება? დროც არ მაქვს, რომ წავიდე და დავხედო იქაურობას). ამიტომ წელს ხილის მოსავალი ნაკლები იქნებაო, თუმცა ვერაფერს გაიგებ კაცი – ხანდახან რასაც ამბობენ, სწორედ იმის საწინააღმდეგო ხდება!

ყავა დავლიე და მაშინვე მანსარდაში ავედი, სადაც სამხატვრო სახელოსნო მაქვს მოწყობილი. რადიოარხი „მუზა“ ჩავრთე და, როგორც ყოველთვის, კლასიკური მუსიკის ქვეშ დავიწყე მუშაობა. ასეა ყოველთვის, როცა სახელოსნოში ვარ. თუ „მუზა“ არ არის, მაშინ დისკებს ვრთავ. მარინა ხანდახან მსაყვედურობს: „ხომ იცი, მეც როგორ მიყვარს კლასიკა, მაგრამ დილიდანვე, როცა სამზარეულოში ვტრიალებ, თან დღის გეგმებს ვაწყობ და თავში იმავდროულად ათასი ფიქრი მიტრიალებს – რა როგორ მოვასწრო! – ძალიან მიჭირს ბახისა და ბეთჰოვენის მოსმენა, მაგას ხომ სხვაგვარი განწყობა და გარემო ჭირდება!“

სწორია, რა თქმა უნდა, მაგრამ აბა, რა ვქნა? მუსიკის გარეშე ვერ ვმუშაობ, ასე ვარ მიჩვეული ახალგაზრდობიდან. ჩემი აზრით, თუ ქორეოგრაფიას არ ჩავთვლით, მუსიკას ყველაზე ორგანულად ფერწერა ერწყმის, რადგან მათი ერთობლიობა რაღაც სხვაგვარ ჰარმონიას ქმნის. ოღონდ ეგეცაა: მოქანდაკე, ალბათ, ამასვე იტყოდა ქანდაკებაზე...

საღამომდე სახლში ინტენსიურად ვიმუშავე. საღამოს 9 საათზე მარინასთან ერთად მიწვეული ვიყავი ფილარმონიაში საახალწლო ზეიმზე. სამწუხაროდ, „საჩვენო“ არ გამოდგა: ორივენი თავის ტკივილით დავბრუნდით შინ, რადგან იტალიის რომელიღაც როკ-ჯგუფის გამაყრუებლად ხმაურიანი, დისკოთეკის ტიპის კონცერტი აღმოჩნდა, რის გამოც ვინანეთ წასვლა და დროის დაკარგვა.

3 იანვარი, ორშაბათი
დილას სამხატვრო აკადემიაში დროზე წავედი. წინდაწინ ვიცოდი, რომ სტუდენტები ცოტანი იქნებოდნენ. მართლაც ასე მოხდა: მხოლოდ სამი ახალგაზრდა დამხვდა. რა თქმა უნდა, სამუშაო განწყობილება არც ერთს არ ჰქონდა. „მივუჭახუნეთ“ ლიქიორიანი შოკოლადები და ერთმანეთს ახალი წელი მივულოცეთ. შემდეგ კარგა ხანს ვისაუბრეთ თითქმის ყველაფერზე: ფერწერაზე, მხატვრებზე, ძველ და ახალ წლებზე, ახალგაზრდობაზე და სიბერეზე, ქალაქზე, სოფელზე და ა.შ.

წამოვედი სახლში. სამუშაო განწყობა არც მე მაქვს. სახელოსნოში ორ სურათს ჩარჩო გავუკეთე, ზოგ ტილოს ლაქი წავუსვი. თან „მუზას“ ვუსმენ და მოგონებებს ვეძლევი – ვიხსენებ როგორც მნიშვნელოვან, ასევე უმნიშვნელო მოვლენებს. სასიამოვნო მოგონებად დამრჩა შარშან ივნისში, ჰოლანდიის ძველ ქალაქ ლაიდენში (გენიალური რემბრანდტის მშობლიურ ქალაქში) მოწყობილი ქართული კულტურის დღეები სახელწოდებით Festival Iberia. მისი ორგანიზატორი იყო ამ ქალაქში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე დალი უბილავა-გრაფი, რომელმაც ხუთი ქართველი მხატვრის: ვახტანგ ონიანის, ლევან ცუცქირიძის, ზურაბ ნიჟარაძის, დიმიტრი ერისთავისა და ჩემი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო ლაიდენის სამ გალერეაში, რასაც მე და ხათათო ვესწრებოდით. ამავე პროგრამით ლაიდენში კონცერტებს მართავდა ანსამბლი „რუსთავი“ ანზორ ერქომაიშვილისა და ფრიდონ სულაბერიძის ხელმძღვანელობით. კულტურის დღეებმა დიდი წარმატებით ჩაიარა, ყველანი გავხდით არაერთი სასიამოვნო შეხვედრისა და მოვლენის მონაწილე. წარუშლელ მოგონებად დამრჩა, ამსტერდამში ჩასვლისას, აეროპორტშივე, ჰოლანდიელების მიერ ქართული „მრავალჟამიერის“ არაჩვეულებრივი შესრულება. ქართული კულტურის დღეებს ლაიდენში ესწრებოდა ჩვენი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

4 იანვარი, სამშაბათი
დილის ცხრის ნახევარზე გამეღვიძა. საწოლის წინა კედელზე მზეს თბილი ფერის ნათებით ფანჯრის ოთხკუთხა პატარა ჩარჩოები აღებეჭდა: თითქოს მნათობმა, ოთახში ასე თავისუფლად შემოშვებისათვის მადლიერების ნიშნად გამოსახა ისინი კედელზე. გავიფიქრე, ვინ იცის, იქნებ მონდრიანმაც მზის სხივების, შუქის მეშვეობით ფორმადქმნილი ოთხკუთხა ფიგურები დაინახა სადმე კედელზე, ტილოზე გადაიტანა და... შეიქმნა შედევრი! გამახსენდა მისი ერთი ნამუშევარი, რომელიც ნიუ-იორკში, ვგონებ, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ MOMA-ში ვნახე რამდენიმე წლის წინ. მახსოვს, დიდხანს ვიდექი და ვუყურებდი, როგორც გამოცანას, თუ როგორ ახერხებს ეს კაცი სწორი, ურთიერთმკვეთი ხაზებით შექმნილ კვადრატულ თუ მართკუთხა დანაყოფებში სხვადასხვა სიღრმის მიღწევას: მუქ ფორმებს ფუნჯის ერთი მიმართულებით მოსმით ქმნის, თეთრს კი – სხვადასხვა; ფენას ფენაზე ადებს თეთრში და ამით ისეთ წონადობას აღწევს, რომ „ქვემოთ სწევს“ ყველა დანარჩენს. თუმცა, რა დროს ამაზე ფიქრია, როდესაც სამსახურში გაგვიანდება, სადაც სტუდენტები გელოდებიან?!

სწრაფად დავეშვი მეცხრე სართულიდან, 20 წუთში უკვე აკადემიაში ვიყავი, მაგრამ სტუდენტები ისევ „გამოყოლილები“, ნაბახუსევ-ნაქეიფარნი ჩანდნენ და ამიტომ უხალისოდ, იძულებით მუშაობდნენ, რამაც გუნება გამიფუჭა. დავბრუნდი სახლში, ავედი სახელოსნოში, სადაც რამდენიმე საათი ვიმუშავე ფერწერაში. ახლა კი ვწერ დღიურს.

5 იანვარი, ოთხშაბათი
დღესაც მზიანი დილა გათენდა. გუნება-განწყობილება ამინდის შესაბამისი მაქვს. კარგი იქნებოდა, პირდაპირ სახელოსნოში ავსულიყავი და რაიმე მაჟორული განწყობის ფერწერა დამეწყო, მაგრამ ისევ აკადემიაში მომიწევს წასვლა – დღეს ხომ ახალი ნატურმორტი უნდა დავდგა. ნატურმორტიც ამინდისა და ჩემი განწყობილების სადაგი გამოვიდა: მუქშინდისფერ დრაპირებაზე ვერცხლისფერი, ძალიან პრიალა ჩაიდანი, თეთრი მოცისფრო ლამბაქი და ყავის ჭიქა, მომწვანო-მოყვითალო სამი ცალი ლიმონით. მშვენიერია! სტუდენტები ზეთის ფერებით ხვალ დაიწყებენ მუშაობას. ვნახოთ, რა გამოვა.

სახლში წამოსვლისას გზად, ზემელზე, გავიარე ბაგეტების სახელოსნოში, სადაც ბაგეტის ჩარჩო გავაკეთებინე. მოვედი შინ და უკვე თითქმის დამთავრებული სურათი „მხატვარი“ ჩავსვი ამ ჩარჩოში. ვგონებ, მოუხდა. ამავე სურათზე დაბინდებამდე ვიმუშავე და დავამთავრე კიდეც.

ჩემი სახელოსნოს ფანჯრიდან უკვე კარგად მოჩანს, თუ როგორ გავარდისფრდა ყაზბეგის მწვერვალზე დადებული თეთრი თოვლი და შემდეგ, ბინდში, თანდათან ვერცხლისფრად გაიცრიცა.

6 იანვარი, ხუთშაბათი
ხუთშაბათი დღე მიყვარს. აკადემიიდან პირველ საათზე დავბრუნდი. პარასკევი, შაბათი და კვირა თავისუფალი დღეებია ჩემთვის - ხვალ აკადემიაში არ მივდივარ, ანუ შემიძლია, სახელოსნოში დილიდან ვიმუშავო. ბევრს უჭირს იმის გაგება, თუ რას ნიშნავს მხატვრისთვის არათუ რამდენიმე საათით, მცირე ხნითაც კი სახლიდან გასვლა! ის დღე თითქოს დაიკარგა და, რაც მთავარია, დაიკარგა სამუშაო განწყობაც ამის გამო. ის კი არა, იგივე შეიძლება გამოიწვიოს სრულიად უწყინარმა, უმნიშვნელო, თუნდაც ორწუთიანმა საქმემ, როგორიცაა, მაგალითად, ვინმეს სატელეფონო ზარი: გაესაუბრე ვინმეს, ამით თითქოს რა დაშავდა, მაგრამ არა - ამოვარდები საიდანღაც (მიჭირს ამ ბოლო სიტყვის დაკონკრეტება, არ მინდა, მოვიხმო გაცვეთილი სიტყვა „სამყარო“), და თითქოს თავსაც კარგავ გარკვეული დროით. ვიცი მხატვრები, დილიდან საღამომდე რომ იკეტებიან და კარს არავის უღებენ. ეს სწორი გზაა, რადგან მხატვრობა ფრაგმენტული პროცესი არ არის.

ბედნიერებაა, როდესაც ჯანმრთელად ხარ, გარშემო ყველა ახლობელი კარგადაა, ქვეყანაც მშვიდადაა, სახელოსნოში ზიხარ, ტილო, საღებავები, ფუნჯები - ყველაფერი ბევრი გაქვს, არ გცივა, ხელს არავინ გიშლის, საყვარელი მუსიკა ჩაგესმის და ფერწერაში მუშაობ შენთვის. ახლა სწორედ ამ მდგომარეობაში ვარ.

დღის სამი საათია. ხათათო ბაკურიანში გავუშვი ორიოდ დღით თავის ამხანაგთან ერთად. მარინა უზომოდ კმაყოფილი და ბედნიერია, რომ გუშინ დაასრულა ორწლიან სამეცნიერო პროექტზე მუშაობა და მოასწრო მასალების დროზე ჩაბარება. მე ისევ ჩართული მაქვს „მუზა“, ისმის ბეთჰოვენის „პრომეთეს ქმნილებანი“, გარეთ კი ნაცრისფრად ცრის. ამინდით და მუსიკით ერთი მთლიანი სევდიანი განწყობილება იქმნება. ვცდილობ, ეს განწყობილება ტილოზე ფერებით შეიქმნას.

7 იანვარი, პარასკევი
შობის დილა გათენდა და ამ პროექტის მეშვეობით მე მერგო ეს პატივი – მოვულოცო ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს ეს უდიდესი დღესასწაული – ქრისტეშობა. უფლის მადლი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს!

ჩემთვის დღეს მთავრდება ამ მართლაც უაღრესად საინტერესო პროექტის, „‘თავისუფლების’ დღიურების“ წერის შვიდი დღე. არ ვიცი, რამდენად საინტერესო იქნება ჩემი დღიურების წაკითხვა, მაგრამ მაინც დღეისათვის შემოვინახე გასული წლის ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მოვლენის აღნიშვნა.

ბოლო წლებში ჩემი სანუკვარი ოცნება იყო, გამომეცა ჩემს ძირითად ფერწერულ ნამუშევართა რეპროდუქციების ალბომი. ყველასათვის გასაგებია, რაგვარ სირთულეებთან არის ეს საქმე დაკავშირებული. მქონდა კიდეც ამის მცდელობა ორ დაწესებულებაში, მაგრამ უშედეგოდ. ის იყო, უკვე იმედი დავკარგე და ხელიც ჩავიქნიე, რომ ერთ მშვენიერ დღეს სახელოსნოში მესტუმრა თანამედროვე სახვითი ხელოვნების დიდი მოამაგე და მეცენატი, „მაგთიკომის“ თავკაცი გია ჯოხთაბერიძე, რომელმაც თავად შემომთავაზა ალბომის გამოცემა, რაც ჩემთვის დიდზე დიდი სიხარულის მომგვრელი იყო. ბატონმა გიამ ეს საქმე წარმატებით აღასრულა დათქმულ ვადაში და სადღეისოდ უკვე გამოცემულია 250 რეპროდუქციის მომცველი 280-გვერდიანი მაღალხარისხიანი ალბომი, რომლის შესანიშნავად ორგანიზებული პრეზენტაცია, რაც მოეწყო „მაგთიკლუბში“ გასული წლის 18 ნოემბერს, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო მოვლენად დარჩება.

დიდ მადლობას ვუხდი ბ-ნ გიას ასეთი ბედნიერების მონიჭებისათვის! წელს მისრულდება 75 წელი და, ვფიქრობ, ოქტომბრის თვეში ეროვნულ გალერეაში რეტროსპექტული პერსონალური გამოფენა მოვაწყო. მზადება უკვე დავიწყე.
XS
SM
MD
LG