Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელ ადვოკატს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ადვოკატი ნასრინ სოთუდე
ადვოკატი ნასრინ სოთუდე
ირანელი უფლებადამცველების ცნობილ ადვოკატს, ნასრინ სოთუდეს, 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ მას აუკრძალა 20 წლის განმავლობაში იურიდიული საქმიანობა და ქვეყნის დატოვება. მსოფლიოს უფლებადამცავი ორგანიზაციები გმობენ განაჩენს და მას მიიჩნევენ, როგორც ირანის ხელისუფლების მხრიდან უფლებადამცველების ადვოკატებისა და აქტივისტების სისტემატური დევნის გაგრძელებად.

ბავშვები ძალიან შეწუხებული არიან, დედაც ძალიან ცუდად გრძნობს თავს, რადგან ბავშვებს ვერ ხედავს და ოჯახს, შვილებს ჩამოშორებულია...
ნასრინ სოთუდე დამნაშავედ ცნეს საქმიანობაში, რომელიც ზიანს აყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ანტისამთავრობო პროპაგანდაში. სოთუდე დააპატიმრეს შარშან სექტემბერში მას მერე, რაც უცხოეთის მასმედიას ინტერვიუები მისცა თავისი საქმიანობის, 2009 წლის ივნისის შემდგომი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა დაცვის შესახებ. ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ირანელი შირინ ებადისთან თანამშრომლობს. ებადიმ რადიო თავისუფლების სპარსულ სამსახურს უთხრა, რომ ირანის მართლმსაჯულება სულ უფრო კარგავს დამოუკიდებლობას:

„უკიდურესად იმედგაცრუებული ვიყავი, როცა ჩემი კოლეგის, ნასრინ სოთუდეს მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ შევიტყვე. კიდევ უფრო მიცრუებს იმედს ის, რომ ჩვენი მართლმსაჯულება სულ უფრო მეტად კარგავს დამოუკიდებლობას და სულ უფრო მეტად ემსახურება უშიშროების სამსახურის გამოძიებას. საპატიმროში ყოფნისას, სოთუდეს განუცხადეს, თუ არ ითანამშრომლებ ჩვენთან, თუ არ მოგვცემ ყალბ ჩვენებას, ათ წელზე მეტხანს მოგიწევს ციხეში ყოფნაო. სამწუხაროდ, მუქარა შეუსრულეს“.

45 წლის სოთუდეს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ის ცალკე საკანში ჰყავდათ მოთავსებული. მისი ჯანმრთელობა შერყეულია არაერთხელ შიმშილობის გამოცხადების გამო. ადვოკატის ქმარი, რეზა ხანდანი, შემდეგს გვიამბობს:

„სასამართლომდე ერთხელაც არ შევხვედრივარ პირადად. დაპატიმრებიდან ორ თვეში ბავშვებმა ერთხელ ნახეს დედა, მერე 12 დღეშიც შეახვედრეს ისინი პირისპირ, მხოლოდ ხუთი წუთით. ბავშვები ძალიან შეწუხებული არიან, დედაც ძალიან ცუდად გრძნობს თავს, რადგან ბავშვებს ვერ ხედავს და ოჯახს, შვილებს ჩამოშორებულია. ჩვენი ბიჭი სამი წლისაა, გოგონა - 11-ის“.

შირინ ებადის დაკვირვებით, განაჩენი ირანის რეჟიმის მცდელობაა, ხმა ჩააკმედინოს უფლებადამცველებს:

„უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ უფლებადამცველისთვის ასეთი უსამართლო და მკაცრი განაჩენის გამოტანა ამტკიცებს, როგორ ეშინია ისლამურ რესპუბლიკას ადამიანის უფლებების დამცველებისა. ამ განაჩენით სურთ დააშინონ სხვები, რომ არ ჩაერთონ უფლებადაცვით საქმიანობაში, მათ აფრთხილებენ: რაც უნდა ძალადობას მივმართოთ, ნუ ილაპარაკებთ ამაზე, ნუ მისცემთ ამის თაობაზე ინტერვიუებსო“.

მსოფლიოს არაერთმა უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებების კომისარიატმა, დაგმეს ირანელი ადვოკატისათვის გამოტანილი განაჩენი და მისი განთავისუფლება მოითხოვეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG