Accessibility links

logo-print

სამი სამხედრო დაიღუპა სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მომხდარი აფეთქების შედეგად


”დღეს 11:00 სთ-ზე პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს სასწავლო ცენტრ „კრწანისში“აფეთქება მოხდა. 120 მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება, სავარაუდოდ, წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 13. მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს”, - ნათქვამია ცოტა ხნის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აფეთქების შედეგად დაჭრილი სამხედრო პირები მოათავსეს. ”რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანილ ჯარისკაცებს ამ წუთებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ”, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში, დავით კირკიტაძემ, განუცხადა.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაჭრილთა ნაწილს თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანენ. ”რადიო პალიტრის” ცნობით, რუსთავის საავამდყოფოში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ.

თავდაცვის სამინისტრომ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სამძიმარი გამოუცხადა დღეს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს.
XS
SM
MD
LG