Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო წვრთნები მსხვერპლით დასრულდა


კრწანისის სამხედრო პოლიგონი
კრწანისის სამხედრო პოლიგონი
11 იანვარს, დილის 11 საათზე კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ აფეთქებას სამი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. 13 ჯარისკაცი დაიჭრა. თავდაცვის უწყების ცნობით, პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს 120-მილიმეტრიანი ნაღმტყორცნის ჭურვი აფეთქდა, რაც წინასწარი ინფორმაციით, დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს.

”თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დღეს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს. როგორც იცით, ჩვენს დანაყოფებში ინტენსიური წვრთნები მიმდინარეობს, ერთ-ერთი ასეთი სწავლების დროს მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა სამი ადამიანი და დაჭრილია ცამეტი. სავარაუდოდ, ეს გამოიწვია 120-მილიმეტრიანი ნაღმტყორცნის ჭურვის აფეთქებამ, რაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს ტექნიკური შეცდომით. გამოძიების დასრულებამდე წვრთნები შეჩერებულია”.

ეს განცხადება დღის პირველ ნახევარში თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სალომე მახარაძემ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კრწანისის სასწავლო ცენტრიდან რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფო გადაყვანილ ჯარისკაცებს პირველადი სამედიცინო დახმარება სწორედ იქ ჩაუტარდათ. საავადმყოფოს მთავარი ექიმმა, პაპუნა ბახტაძემ, მედიას დაჭრილების შესახებ პირველი ინფორმაცია მიაწოდა:

რუსთავის საავადმყოფოს მიმღები
”შემოყვანილი დაჭრილებიდან ოთხის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მაგრამ ჩაუტარდათ სათანადო სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება”.

საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია პოლიციამ დილიდანვე გადაკეტა. ნათესავები ჯარისკაცებს ჯერ კრწანისის სასწავლო ცენტში ეძებდნენ, მოგვიანებით - რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.

თავდაცვის უწყებამ აფეთქების მიზეზად ტექნიკური შეცდომა დაასახელა. რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, რა ტიპის შეცდომა შეიძლება დაეშვათ სამხედროებს. სამხედრო ექსპერტი, ნოდარ ეფრემიძე, ფიქრობს, რომ შესაძლოა, წვრთნების დაწყების წინ ჯარისკაცებს არასათანადო ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ:

”120-მილიმეტრიანი ნაღმი თავისთავად საკმაოდ სახიფათოა, რადგან განადგურების არეალიც ფართო აქვს. ამიტომაც დაშავდა ამდენი სამხედრო. ვფიქრობ, მიზეზი შეიძლება იყოს მაღალი რანგის ოფიცრების არაკომპეტენტურობა, ვითარების უკონტროლობა... როდესაც ასეთი ტიპის სწავლება იგეგმება, სამხედრო მოსამსახურეებს ყოველთვის უტარდებათ ინსტრუქტაჟი, ყველაფერს დეტალურად უხსნიან. ჩემი აზრით, სწორედ ამ პროცესში დაირღვა რაღაც და ეს ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურეებამდე არ სათანადოდ მიიტანეს”.

მოგვინებით, ოფიციალური კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის პრესმდივანმა, მანანა მანჯგალაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ დაღუპულების დაკრძალვისა და დაჭრილების მკურნალობის ხარჯებს, წესის მიხედვით, სახელმწიფო გაიღებს.

დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა სტაბილურია. ჯარისკაცების ნაწილი გორის ჰოსპიტალში მოათავსეს, მსუბუქად დაჭრილები კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

სალომე მახარაძის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის აფეთქება წვრთნების დროს ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში არ მომხდარა.

თუმცა აქ უნდა გავიხსენოთ, გასულ წელს სამხედრო პოლიგონზე ჯარისკაცების დაღუპვის რამდენიმე ფაქტი. მათ შორის, 2010 წლის 21 ივნისის ტრაგედია, როდესაც საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ასკილაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა თანამებრძოლმა; ასევე, 23 მარტის შემთხევა, როცა, გონიოს პოლიგონზე ისევ თანამებრძოლის ბრმა ტყვიას კაპრალი სოსო ჟვანია შეეწირა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG