Accessibility links

logo-print

ახალგორში გადაადგილება ისევ იზღუდება


ახალგორის საგუშაგო

ახალგორის საგუშაგო

მეორე დღეა ახალგორის რუსულ და ოსურ საგუშაგოებზე გადაადგილების რეჟიმი გამკაცრდა. ეგრეთ წოდებული მესაზღვრეები დეტალურად ამოწმებენ იმ ცნობებს, რომლებიც დაბაში დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ თანამშრომლებისთვის ეგრეთ წოდებული საზღვრის გადასაკვეთად გაიცა; ოსური უშიშროების სამსახური კი იმას ამოწმებს, რამდენად შეესაბამება ეს ცნობები საგუშაგოებზე დაფიქსირებულ მონაცემებს.

ახალგორიდან რადიო თავისუფლებას კომპეტენტურმა წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცნობა, რომ ახალგორისა და რაიონის მხოლოდ რამდენიმე დიდი სოფლის - ახმაჯის, მოსაბრუნის და იკოთის - რეგისტრაციის მქონე მოქალაქეები შეძლებენ უპრობლემოდ გადაადგილებას; სხვა შემთხვევაში დაბაში შესვლა შეუძლებელი იქნება.

ახალგორში არსებულ ორგანიზაციებში დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების თანამშრომლები უკვე მივიდნენ და ხელმძღვანელებს ცნობების გაცემისას მეტი კონტროლი მოსთხოვეს. გაფრთხილება დაბის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, თამარ მეარაყიშვილმაც, მიიღო.

„როგორც ხელმძღვანელმა, მივიღე გაფრთხილება, რომ ყველა თანამშრომელი, რომელიც დააპირებს ახალგორიდან გადაადგილებას, სამსახურის მიერ გაცემული ცნობა უნდა ჰქონდეს, სადაც დასახელებული იქნება სად და რისთვის მიდის. არის შემთხვევები, რომ გამშვები პუნქტების მორიგეები არ სთხოვენ ცნობებს, მერე ეს ადამიანები ნომრებსა და თარიღებს გადააკეთებენ ხოლმე, ამიტომ ჟურნალსა და ცნობებს შორის შეუსაბამობებია ხოლმე. ეს ყველაფერი ახლა მეტი კონტროლისთვის კეთდება“, – ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

თვე ისე არ გავა, რომ ახალგორის ოსურმა ადმინისტრაციამ რაიონისკენ გადაადგილების მსურველებითვის ახალი ბარიერი არ მოიფიქროს. ჯერ პირადობის მოწმობების ნოტარიულად დამოწმებულ რუსულ თარგმანებს ითხოვდნენ, შემდეგ - ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ცნობებს, მოგვიანებით - ფორმა N9-ს რომელიც პირადობის მოწმობის ფუნქციას ასრულებდა; ახლა კი ორგანიზაციების მიერ გაცემული ცნობებია ძალაში. დაბაში ჯერ ოსური პასპორტების გაცემა არ დაუწყიათ.

კოკოითის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა ახალგორის მოსახლეობას ქართული პირადობის მოწმობების ჩაბარებისა და ოსური პასპორტების აღებისკენ, მაგრამ როგორც ახალგორელები ამბობენ, პასპორტების კი არა ”ფორმა N9”-ის გაცემაც შეწყვეტილია. ბოლო ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლებას 2011 წლის იანვრიდან უნდა დაეწყო პასპორტების გაცემა, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას ჯერ არავინ აწუხებს.

ამჟამად რუსული საგუშაგოდან ახალგორისა და მიმდებარე დიდი სოფლების რეგისტრაციის არმქონე პირებს უკან აბრუნებენ. ინტერნეტგამოცემა ”კავკაზსკი უზელის” ცნობით, დე ფაქტო ხელისუფლება მომავალში საგუშაგოებზე გადაადგილების იმ მსურველთათვის, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეები არ იქნებიან 320 რუბლის ოდენობით სპეციალური გადასახადის დაწესებას აპირებს. გამოცემას დე ფაქტო რესპუბლიკის მიგრაციის სამსახურის უფროსმა, სოსლან ტიგიევმა, დაუდასტურა, რომ საქართველოს პასპორტის მქონე მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებად გამოცხადდებიან და მათ გადაადგილებისას გადასახადის გადახდა მოუწევთ. თამარ მეარაყიშვილის თქმით, დღეს ბევრი ადამიანი დაბაში ნათესავთან ჩასვლას ვერ ახერხებს და გადასახადის გადახდას არაერთი დათანხმდება:

„მაგალითად, არ უშვებენ შვილებს, რომლებიც დროებით არიან წასულები ან სხვაგან ცხოვრობენ. ვისაც ჩაწერა არა აქვს რუსები არ უშვებენ და ეგრევე უკან აბრუნებენ. ახლახან გასვენებაში რამდენიმე საათით შემოუშვეს ხალხი - დროს აძლევენ და რაღაც პერიოდში უნდა დატოვონ რაიონი. ოსურ საგუშაგომდე რუსულია და თუ რუსები არ შემოუშვებენ, ოსები როგორ გადაახდევინებენ გადასახადს, არ ვიცი“.

ახალგორში მცხოვრებლებს პრობლემები არ ელევათ. ახლა ისინი ვალდებულნი არიან ოსურ უშიშროებას აცნობონ თბილისისკენ გადაადგილების დროისა და მიზეზის შესახებ. კოკოითი კი თითქმის ყველა პრესკონფერენციის დროს აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება წეროვანში წასული ახალგორელების დაბრუნების მომხრეა.
XS
SM
MD
LG