Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატელიტური დაკვირვება ძალადობის შესაჩერებლად


ხელოვნური თანამგზავრი
ხელოვნური თანამგზავრი
აფრიკის სახელმწიფო სუდანი, სადაც 9 იანვარს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი რეფერენდუმი ჩატარდა, - ფართო სატელიტური დაკვირვების ქვეშ იყო. ამასთან, სატელიტური დაკვირვება სულ უფრო ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში არსებული ჰუმანიტარული კრიზისებისა და კონფლიქტების მონიტორინგისათვის.

ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ, როდესაც მათ ეკრანზე უყურებენ. ავტორიტარული რეჟიმები დიდი ხნის განმავლობაში ავიწროებენ სხვაგვარად მოაზროვნეებს, მაგრამ სიფხიზლე სასარგებლოა და ზოგჯერ შესაძლებელია შეაჩეროს მოსალოდნელი სისასტიკე, იმედოვნებენ სამი კომპანიის - გუგლის, გაერთიანებული ერების სატელიტის გამოყენების პროგრამისა და ჰარვარდის ჰუმანიტარული ინიციატივების - მიერ მხარდაჭერილი ერთობლივი პროექტის ავტორები.

პროექტი „სატელიტური გუშაგი“ კერძო სატელიტების საშუალებით ჯარის ნაწილების მოქმედებებისა თუ ნებისმიერი გადაადგილების ამსახველ სურათს იღებს, გადამწვარი სოფლების სურათებთან ერთად ათავსებს ამ მონაცემებს რუკაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას მოსალოდნელი ძალადობის პრევენციაზე იმსჯელოს. ამერიკელმა მსახიობმა, ჯორჯ კლუნიმ, ამ ინიციატივას უწოდა „გენოციდის საწინააღმდეგო პაპარაცი“; თუმცა, ჰარვარდის ჰუმანიტარული ინიციატივების პროექტის მენეჯერი, პატრიკ მაიერი, უფრო პრაქტიკული კომენტარით შემოიფარგლა:

„სატელიტურ გამოსახულებას „გუგლი დედამიწის“ შექმნამდე ჰქონდა ლამის ექსკლუზიური, სამხედრო კონოტაცია. ტექნოლოგია, რომელიც ადრე სახელმწიფოს კუთვნილებაში იყო და რომელზეც ხელი მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მიუწვდებოდა, ახლა, გარკვეული თვალსაზრისით, იმავე დანიშნულებით უფრო ფართოდ გამოიყენება, როგორც ღია წყარო, ღია მონაცემთა ბაზა, - რათა რეალურად მოხდეს მონიტორინგი, შესწავლა და ამა თუ იმ ფორმით ანგარიშვალდებულების დადგენა“.

სახელმწიფოები სატელიტურ გამოსახულებას ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებდნენ, როგორც ერთმანეთზე ჯაშუშობის ინსტრუმენტს. პირველად სატალიტი არაკომერციული მიზნით 1999 წელს გამოიყენეს. სატელიტური გამოსახულება უფრო ნაკლებ დეტალებს შეიცავს, ვიდრე ჰაერიდან გადაღებული ფოტოები, მაგრამ ვინაიდან სატელიტი მოძრაობს და ნანახს თანმიმდევრულად აფიქსირებს, ითვლება, რომ სატელიტური ჩანაწერი უფრო დამაჯერებელია.

სადამკვირვებლო საქმიანობაში, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სატელიტით მიღებულ გამოსახულებას აქტიურად იყენებდა „ამნესტი ინტერნეშნლი“. ჯგუფის თქმით, სატელიტით მიღებულმა გამოსახულებამ დაადასტურა ხმელეთზე მოპოვებული ანგარიში, რომ ქართული არტილერიის ცეცხლის შედეგად ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქში, 100-ზე მეტი ადამიანის სახლი განადგურდა. ასევე სატელიტით მოპოვებულმა ინფორმაციამ მისცა უფრო მყარი საბუთი „ამნესტი ინტერნეშნლს“ განეცხადებინა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ადგილი ჰქონდა ქართველებზე ეთნიკური ნიშნით ძალადობას.

სატელიტური დაკვირვება ფართოდ გამოიყენებოდა გასული წლის ივნისში ყირგიზეთში მომხდარი ეთნიკური ძალადობის დროს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სატელიტის გამოყენების პროგრამის ანალიტიკოსი, ლარს ბრომლი, ამბობს, რომ ყირგიზეთის შემთხვევაში სატელიტურმა დაკვირვებამ უფრო ფართოდ წარმოაჩინა ვითარება, ვიდრე ეს ადგილზე მყოფმა რეპორტიორებმა შეძლეს.

”ყირგიზეთის შემთხვევაში ადგილზე მუშაობდა მედია, რომელიც ინფორმაციას იძლეოდა, მაგრამ შედარებით უცნობი იყო მოსალოდნელი ძალადობის მასშტაბები; ამიტომ მიღებული გამოსახულება ძალიან სასარგებლო იყო. თქვენ შეგეძლოთ დაგენახათ, თუ რა ხდებოდა მთელი ქალაქის მასშტაბით მაშინ, როცა რეპორტიორი მხოლოდ ერთ რაიონში მომხდარზე ჰყვებოდა”.

”შესაძლებლობა იმისა, რომ მოხდეს გენოციდისა თუ მსხვილმასშტაბიანი შეტაკების პრევენცია, ძალიან საინტერესო, მაგრამ „წარმოუდგენლად ამბიციურია“, - ამბობს პატრიკ მაიერი. მკვლევარი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ სატელიტით გამოსახულების მიღებას 8-დან 24 საათამდე სჭირდება, რაც საკმაო დროა იმისათვის, რომ მთავრი იერიში განახორციელდეს და რამდენიმე დასახლებული პუნქტი განადგურდეს... თუმცა, ანალიტიკოსის თქმით, სატელიტური დაკვირვებით მიღებულ გამოსახულებას შეუძლია გავლენა მოახდინოს იმ თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო საზოგადოება უფრო მეტი ყურაღებით მოეკიდოს კონფლიქტს, მოშორებით მდებარე უკონტროლო ტერიტორიებს და თავიდან აიცილოს მცირე მასშტაბის მქონე ძალადობის ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაზრდა. გარდა ამისა, როგორც მეიერი ვარაუდობს, შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა იყოს ის, რომ სატელიტური გამოსახულება ჰააგაში არსებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობაში გამოიყენონ, როგორც ნივთმტკიცება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG