Accessibility links

logo-print

იარაღის ფლობა - „არიზონული ტრადიცია“?


აშშ-ის კონგრესის წევრი, გაბრიელ გიფორდსი

აშშ-ის კონგრესის წევრი, გაბრიელ გიფორდსი

შეერთებული შტატების კონგრესის წევრის მოკვლის მცდელობამ, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამერიკელებში ძლიერი რეაქცია მოჰყვა - შოკი, რომელსაც პოლიტიკური მოღვაწეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა იწვევს ხოლმე, როგორც ეს სამოქალაქო უფლებების დამცველი მარტინ ლუთერ კინგის, პრეზიდენტ ჯონ კენედის, სენატორ რობერტ კენედის მკვლელობების, ან პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მოკვლის მცდელობის შემთხვევებში მოხდა.

ორშაბათს, ანუ იმ დღეს, როცა თავდასხმაში ბრალდებული ჯარედ ლი ლაფნერი სასამართლოს წინაშე წარდგა, ხოლო მილიონობით ამერიკელმა, მათ შორის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულების ხსოვნას, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, ახლა დაფიქრების დრო არისო.

“მომდევნო დღეებში ბევრი დრო გვექნება დასაფიქრებლად. ახლა მთავარია, ჩვენი თანაგრძნობა გავუზიაროთ და ლოცვებში მოვიხსენიოთ ისინი, ვინც დაზარალდა და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ, მთელ ქვეყანაში. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ისევე როგორც ჩემი შვილების მამა, რასაკვირველია, ბევრს ვფიქრობ (დაზარალებულთა) ოჯახებზე და მათდამი თანადგომაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ბევრს განსაკუთრებული დაფიქრებისა და განხილვის ღირსად მიაჩნია ორი საკითხი: იარაღის ფლობა, რაც მეტად იოლია შეერთებულ შტატებში და პოლიტიკური მოღვაწეების უსაფრთხოება.

არიზონის შტატში, რომელშიც მოხდა კონგრესის წევრ გაბრიელ გიფორდსზე თავდასხმა ამომრჩევლებთან მისი შეხვედრის დროს, იარაღის ფლობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონი მოქმედებს: თუ ფედერალური კანონი კრძალავს მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას 21 წლამდე ასაკის პირებისთვის, არიზონის კანონებით, ამის გაკეთება 18 წლის ასაკშიც შესაძლებელია. ცეცხლსასროლი იარაღის ტარება დაშვებულია ლამის ყველგან, სკოლის ეზოებისა და მთავრობის შენობების ჩათვლით.

ბედის ირონიით, თვით გაბრიელ გიფორდსი, რომელიც იარაღის ტარების მოყვარულებს მიეკუთვნება, მუდამ ენერგიულად იცავდა შტატის კანონებს: იარაღის ტარება „არიზონის ტრადიცია“ არისო. სხვა საქმეა, რომ არიზონის იარაღი ყოველთვის არიზონაში არ რჩება: გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ გამოკვლევამ აჩვენა, რომ 2009 წელს არიზონაში შეძენილი 1600-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი იქნა გამოყენებული სხვა შტატებში ჩადენილი ბოროტმოქმედებების დროს.

იარაღი, რომელიც 22 წლის ჯარედ ლი ლაფნერმა გამოიყენა კონგრესის წევრ გიფორდსზე თავდასხმისას, იყო „გლოკ 19“ ტიპის ნახევრად ავტომატური პისტოლეტი - ამ პისტოლეტით კი უიოლესი ამოცანაა ზედიზედ, სწრაფად გასროლა. ლაფნერმა იარაღი სავსებით კანონიერად შეიძინა შარშან, ნოემბერში...

ბუნებრივია, რომ ტუსონის ტრაგედიის შემდეგ იარაღის ფლობის შესახებ კანონების გამკაცრების მოწოდება გაისმის. ასეთი მოთხოვნით გამოდის დემოკრატი კონგრესმენი ნიუ-იორკიდან, კეროლაინ მაკკარტი - ქვრივი კაცისა, რომელიც 1983 წელს მოკლა შეიარაღებულმა პირმა, ნიუ-იორკში მატარებელზე თავდასხმისას. მაკკარტი ამზადებს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს იმ ტიპის იარაღის აკრძალვას, როგორიც ჯარედ ლი ლაფნერმა 8 იანვარს გამოიყენა.

შეერთებული შტატების კონგრესს ტუსონის ტრაგედიაზე რეაგირებისაკენ მოუწოდა ასევე ორგანიზაცია „ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის თავიდან აცილების, ბრედის სახელობის კამპანიის“ პრეზიდენტმა, პოლ ჰელმკემ. ჯეიმს ბრედი, რომლის სახელიც მიანიჭეს ამ ორგანიზაციას, რეიგანზე განხორციელებული თავდასხმისას მოკლეს: ის თეთრი სახლის პრესმდივანი იყო.

მოწოდებების მიუხედავად, ძნელი წარმოსადგენია, კონგრესი მართლაც მიემხროს იარაღის ფლობის წესების გამკაცრებას. არიზონაში სისხლისმღვრელი თავდასხმიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული, კონგრესის წევრები კი (როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები) უკვე თავგამოდებით იცავდნენ არსებულ კანონებს: ისინი კარგია, მათი უკეთ დაცვაა საჭიროო...

არიზონის ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ ბევრს საუბრობენ კონგრესის წევრების უსაფრთხოებაზეც.

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვზე აღმართული შენობა, თუ კანონმდებლების ოფისები მიუვალ ციხესიმაგრეებს ჰგავს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე პოლიციელებითა და დეტექტორებით. მაგრამ, როცა კანონმდებლები შინ ბრუნდებიან, მშობლიურ რეგიონებში თუ შტატებში, და საჯარო შეხვედრებს მართავენ, რიგით ამომრჩევლებს ესაუბრებიან, რის გარეშეც, პრაქტიკულად, შეუძლებელია არჩევნებში წარმატება, მათი უსაფრთხოება გაცილებით ნაკლებადაა დაცული. გაბრიელ გიფორდსზე თავდასხმამ აჩვენა, რამდენად დიდ რისკზე უწევთ წასვლა კანონმდებლებს საჯარო ღონისძიებების დროს. გიფორდსს, როგორც ცნობილია, თავში ესროლეს. მას ტუსონის საავადმყოფოში მკურნალობენ.

„იცით, ჩემი აზრით, ამან უნდა გამოაფხიზლოს კონგრესის წევრები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობდნენ საკუთარ უსაფრთხოებას. ვიცი ის, რომ როცა მე ვმართავ საჯარო შეხვედრას, რაც რეგულარულად ხდება, ყოველთვის ადგილზე არიან პოლიციელები“, - განაცხადა კონგრესის წევრმა, დემოკრატმა დები ვასერმან შულცმა გიფორდსზე თავდასხმის მომდევნო დღეს ტელეკომპანია NBC-ის პროგრამაში.

ბოლო 10 წლის მანძილზე გამოძიების ფედერალურ ბიუროს აღრიცხული აქვს კონგრესის წევრების მოკვლის მუქარის 236 შემთხვევა...

რა გასაკვირია, რომ ახლა კანონმდებლები განსაკუთრებით შეშფოთებული არიან. შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის პოლიციამ, რომელიც კონგრესის წევრების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, განაცხადა, რომ კვირის მიწურულს მას ათობით კანონმდებელმა დაურეკა და ჰკითხა, რა ზომებისთვის მიემართათ საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების დასაცავად.
XS
SM
MD
LG