Accessibility links

logo-print

ბელორუსიის ოპოზიციის წევრები ევროკავშირისგან დახმარებას ელიან


ბელორუსიის ოპოზიციის საპროტესტო აქცია

ბელორუსიის ოპოზიციის საპროტესტო აქცია

ბელორუსიის ციხეებში რჩება 19 დეკემბრის საპროტესტო დემონსტრაციის დროს დაპატიმრებული რამდენიმე ათეული პოლიტიკოსი და აქტივისტი. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა დაგმო ბელორუსიის ხელისუფლების ქმედება, 12 იანვარს ბრიუსელში ბელორუსიის ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ვლადიმირ ნეკლიაევის, ქალიშვილს, ევა ნეკლიაევას, ელიან. მანამდე, 10 იანვარს, ბელორუსიის ოპოზიციის წარმომადგენლები ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ და შეხვედრებს მართავდნენ ჩეხეთის პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პრაღაში მყოფი ბელორუსიის ოპოზიციის წარმომადგენლები 10 იანვარს რადიო თავისუფლების შტაბბინასაც ესტუმრნენ და ბოლო ინფორმაცია მოგვაწოდეს ბელორუსიაში მიმდინარე რეპრესიებზე, დაპატიმრებულთა მძიმე მდგომარეობასა და ევროკავშირისგან მოსალოდნელ დახმარებაზე.

მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების და შეერთებული შტატების მოწოდებისა, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ 19 დეკემბერს დაკავებული ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები, ბელორუსიის ხელისუფლებას უშიშროების ციხეში გამომწყვდეული ჰყავს 25 ადამიანი - მათ შორის, პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი და საარჩევნო შტაბის წევრები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება პრეზიდენტობის ყოფილი კანიდატი ვლადიმირ ნეკლიაევი. მძიმედ ნაცემი პოლიტიკოსი 19 დეკემბრის ღამეს უშიშროების მუშაკებმა პირდაპირ რეანიმაციიდან წაიყვანეს საგამომძიებლო იზოლატორში, სადაც 10 დღეზე მეტია არ უშვებენ ადვოკატს, რომელსაც შეუძლია ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია დაპატიმრებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვლადიმირ ნეკლიაევის ქალიშვილმა, ევა ნეკლიაევამ:

„იცით? ახლა ჩვენ, უბრალოდ, ჭკუიდან გადავდივართ, რადგან კვირა-ნახევარზე მეტია არ მიგვიღია არანაირი ცნობა. ვიცით, რომ მას [ნეკლიაევს]ჰიპერტონიული კრიზი ჰქონდა საკანში და მხოლოდ შემთხვევამ იხსნა. საკანში მასთან მყოფმა კაცმა დაინახა, რომ თვალები გადატრიალებული ჰქონდა და გრძნობას კარგავდა. ამის შემდეგ უნდა ყოფილიყო დაკითხვა და წარედგინათ ბრალდება. გამოიძახეს ადვოკატი, მაგრამ დაკითხვა გადაიდო, რადგან მამას არ შეეძლო ნორმალურად საუბარი მომხდარის შემდეგ. ამისდა მიუხედავად, მას წაუყენეს ბრალდება.“

ბრალდება, რომელიც „მასობრივი არეულობის მუხლით“ წაუყენეს ვლადიმირ ნეკლიაევს, ასევე პრეზიდენტობის კიდევ ოთხ კანდიდატს, - ალეს მიხაილოვიჩს, ანდრეი სანნიკოვს, ნიკოლაი სტატკევიჩსა და ვიტალი რიმაშევსკის, - ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ბელორუსიის ხელისუფლებამ თავადვე მოაწყო ძალადობის პროვოცირება და განაჩენიც გამოტანილი აქვს, რაც ლუკაშენკოს მხოლოდ ევროპის ქვეყნების მხრიდან ზეწოლამ და სანქციებმა შეიძლება გადააფიქრებინოს, - ამბობს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ანდრეი სანნიკოვის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყოფილი დისიდენტი ვიქტორ ივაშკევიჩი, რომელიც რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინაში იმყოფებოდა ბელორუსიის ყოფილ პრეზიდენტ სტანისლავ შუშკევიჩსა და ევა ნეკლიაევასთან ერთად:

„თუკი ევროკაშირის მინისტრებმა განაცხადეს, რომ ლუკაშენკო ეს იგივეა, რაც სამხედრო რეჟიმი პოლონეთში, - მაშინ უნდა გავიხსენოთ, თუ რას აკეთებდა ევროპა იარუზელსკის სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ. იგი მიმართავდა ეკონომიკურ სანქციებს. თუკი ვადარებთ მილოშევიჩს, უნდა გავიხსენოთ, თუ რას აკეთებდნენ ისინი მილოშევიჩის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არ ვლაპარაკობ რაღაც უკიდურეს ზომებზე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 50-60 პროცენტი ბელორუსიის ექსპორტისა ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი ბერკეტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ.“

ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი გენერალ იარუზელსკისა და მილოშევიჩის რეჟიმებს ევროკავშირის ოთხი სახელმწიფოს - პოლონეთის, გერმანიის, შვედეთისა და ჩეხეთის -საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეადარეს. 24 დეკემბერს „ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნში“ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში კარლ ბილდტი, კარელ შვარცენბერგი, გიდო ვესტერველე და რადოსლავ შიკორსკი ლუკაშენკოს „ხელმოცარულ“ პოლიტიკოსს უწოდებენ, რომელთანაც სასაუბროდ ევროკავშირმა დრო აღარ უნდა დაკარგოს და ფინანსური დახმარება მხოლოდ ბელორუსიის ოპოზიციისა და დემოკრატიული ძალების გასაძლიერებლად მიმართოს.

ამ მიმართვის პარალელურად, პოლონეთში შეიქმნა საზოგადოებრივი კომიტეტი, სახელწოდებით „დახმარება ბელორუსიის ოპოზიციას“.
სწორედ ამ კომიტეტმა უზრუნველყო ბელორუსიის ოპოზიციის წარმომადგენლების მოგზაურობა ევროკავშირის ქვეყნებში. 12 იანვარს კი, როგორც ზემოთ ითქვა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ბელორუსიაში შექმნილ ვითარებაზე და გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. იმედი მაქვს, რომ, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, ევროკავშირი „სწორ გადაწყვეტილებას“ მიიღებს და არ იხელმძღვანელებს მხოლოდ ე.წ. „რეალპოლიტიკით“ ნაკარნახევი ნახევარზომებით, - უთხრა რადიო თავისუფლებას საპატიმროში მყოფი ბელორუსიის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ვლადიმირ ნეკლიაევის ქალიშვილმა, ევა ნეკლიაევამ:

„პირველ ყოვლისა, ამის იმედს გვაძლევს ის საუბრები, რომლებიც ჩვენ გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრებთან. კერძოდ, დღეს ჩვენ ვესაუბრეთ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ ჩეხეთი გაატარებს ძალიან მკაცრ კურსს ევროკავშირში. იცით? მე რეალისტი ვარ. მესმის, რომ არსებობს ეკონომიკური ინტერესები, არსებობს გეოპოლიტიკური ინტერესები. მაგრამ ადამიანურად არ მესმის, ამ ექსტრაორდინარულ ვითარებაში, როდესაც ბელორუსიის ციხეებში სხედან არა პატიმრები, არამედ, მე ვიტყოდი, მძევლები,როგორ შეიძლება, ევროპამ არ დაიკავოს მკაცრი პოზიცია. ამ გადაუდებელი ზომების შესახებ, ჩემი აზრით, აუცილებელია პოზიციის მიტანა ევროპამდე, რადგან ციხეებში ადამიანებს ნამდვილად არ უტარდებათ სამედიცინო დახმარება.“

სწორედ რეალპოლიტიკით ნაკარნახევად მიაჩნია ვიქტორ ივაშკევიჩს, ბელორუს პოლიტიკოსსა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ანდრეი სანნიკოვის, საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, კრემლის გადაწყვეტილება. რუსეთის ხელისუფლებამ ჯერ საინფორმაციო ომი გამოუცხადა ლუკაშენკოს, მაგრამ სადავო არჩევნებისა და დემონსტრანტების მიმართ გატარებული რეპრესიების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა არჩევნებში გამარჯვება ალექსანდრ ლუკაშენკოს. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ასეთი მიდგომა ბელორუსიის დემოკრატიულ ოპოზიციას და მის მომხრეებს არ გაჰკვირვებიათ. მათ გაუკვირდათ და გულზე მოხვდათ ის ფაქტი, რომ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც მანამდე ბელორუსიის ოპოზიცია ძლიერ მხარდამჭერად მიიჩნევდაო, - განაცხადა ვიქტორ ივაშკევიჩმა.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დიდი იმედგაცრუება. ჩვენ თავის დროზე დიდი იმედით შევცქეროდით „ვარდების რევოლუციას“ - იქნებ ჩვენთანაც განხოციელდესო - და იმ ცვლილებებს, რაც საქართველოში ევროპული დემოკრატიისკენ შემობრუნების მიმართულებით ხდებოდა. და აქ კი უცებ, აი, ასეთი მეგობრობა ბელორუსიის დიქტატორთან ჩვენთვის მთლად გასაგები არ არის. არ ვიცი რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საქართველოს ხელისუფლება, რომ ახლა ასეთი მჭიდრო კავშირი ჰქონდეს დამყარებული ამ სისხლიან დიქტატორთან, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან სისხლი დაიღვარა.“

ალექსანდრ ლუკაშენკოს მეოთხე ვადით პრეზიდენტად არჩევა, ძირითადად, ავტორიტარული სახელმწიფოების ლიდერებმა მიულოცეს.

დემონსტრაციების დარბევა და ოპონენტების დაპატიმრება დაგმეს ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ და არჩევნებზე ეუთოს სამეთვალყურეო მისიამ, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, თუმცა ბელორუსიის ხელისუფლებამ ციხეებიდან მხოლოდ პატიმართა ნაწილი გაათავისუფლა. როგორც ზემოთ ითქვა, ციხეში რჩება პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი. პარალელურად ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზიამ ამ დღეებში აჩვენა პროკურატურის მასალებზე მომზადებული ფილმი, სახელწოდებით „რკინით მინაზე“, რომელშიც, ფაქტობრივად, საუბარია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, რაც, ბელორუსიის კანონით, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG