Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრწანისის ტრაგედიას სამი ბრალდებული ჰყავს


კრწანისის სამხედრო სასწავლო ბაზა
კრწანისის სამხედრო სასწავლო ბაზა
თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციამ დააკავა სამი სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც, ოფიციალური ინფორმაციით, „ბრალი ედებათ მომეტებული საშიშროების შემცველ იარაღთან მოპყრობის წესების დარღვევაში“. 11 იანვარს, წვრთნების დროს, ნაღმტყორცნის ჭურვის აფეთქების შედეგად თავდაცვის სამინისტროს სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ცამეტმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. როგორ მიმდინარეობს კრწანისში მომხდარი ტრაგედიის გამოძიება?

თუ რომელიმე სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, სრული სიმკაცრით დაისჯება!
11 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილი სამხედროებიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კაპრალი ალექსანდრე თომაშვილი იყო, თუმცა რთული ქირურგიული ოპერაციის შედეგად მისი გადარჩენაც მოხერხდა.

„აღდგენილი იქნა ტრაქეა - მთავარი სასუნთქი გზა. დაზიანებული იყო როგორც კისრის, ასევე გულმკერდის მიდამოში. ფილტვიც დაზიანებული იყო ორ ადგილას, მაგრამ ყველაფერი აღვადგინეთ და ყველაფერი კარგადაა“, განაცხადა ექიმმა ვახტანგ ქაცარავამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მინისტრ ბაჩო ახალაიას თქმით, გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს:

„თუ რომელიმე სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, სრული სიმკაცრით დაისჯება!“

საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევაა, იმდენი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა! ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის ყველა შეკითხვაზე პასუხის მიღება ...
მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ გამოძიების პირველი შედეგები გამოაქვეყნა. სამინისტროს წარმომადგენელმა სალომე მახარაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დაკავებულია სამი ოფიცერი:

„საქმე აღძრულია. თავიდანვე გამოიკვეთა, რომ უსაფრთხოების ნორმები იქნა დარღვეული და ამან გამოიწვია უბედური შემთხვევა. ამის გამო, ბუნებრივია, დადგა იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც კანონით ავალია უზრუნველყოს უსაფრთხოება.“

სალომე მახარაძის თქმით, დაკავებულია უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლზე პასუხისმგებელი სამი პირი: ეროვნული სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსის უფროსი, საარტილერიო ქვედანაყოფების შეფასებისა და მომზადების კურსის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ტრისტან ტყეშელიაძე, საცეცხლე პოზიციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მამუკა ფარეშიშვილი და პირველი საარტილერიო ბრიგადის ბატარეის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ქობალია. სამხედრო უწყება, ძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ მწირი ინფორმაციის გავრცელებით შემოიფარგლება, რაც თავდაცვის ეროვნული აკადემიის ყოფილ რექტორს, პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძეს უპასუხისმგებლობის ერთგვარ გამოვლინებად მიაჩნია.

„საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევაა, იმდენი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა! ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის ყველა შეკითხვაზე პასუხის მიღება. ამერიკასა და ევროპაში რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, გამოქვეყნდებოდა დეტალური ინფორმაცია - გაიმიჯნებოდა სამხედრო საიდუმლოება, მაგრამ მომხდარის არსი იქნებოდა საზოგადოებისათვის ახსნილი“, უთხრა გიორგი თავდგირიძემ რადიო თავისუფლებას.

ინფორმაციის სიმწირის გამო, გიორგი თავდგირიძეს უჭირს იმის თქმა, თუ რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს გამოძიება და არის თუ არა დაკავებული უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი. გიორგი თავდგირიძის მიერ დასმულ ამ შეკითხვას თავდაცვის სამინისტრო გამოძიების დასრულებამდე უპასუხოდ ტოვებს. ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დაკავებულებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 403–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში. გარშემო მყოფთათვის მომეტებული საშიშროების შემცველ იარაღთან მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით - ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG