Accessibility links

logo-print

დევნილები მოსალოდნელ გამოსახლებას აპროტესტებენ


დევნილების აქცია პარლამენტის შენობასთან

დევნილების აქცია პარლამენტის შენობასთან

პარლამენტის შენობის წინ დევნილებმა მორიგი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, არის მოლოდინი, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესი 15 იანვრიდან განახლდება და ამის ხელშესაშლელად აქციების მეშვეობით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. იმ შემთხვევაში კი, თუ გამოსახლების პროცესი მართლაც დაიწყო, დევნილები პარლამენტის შენობის წინ მჯდომარე აქციის გამართვას არ გამორიცხავენ.

კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანმა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელიც დევნილთა აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია, დღევანდელი აქციის მოთხოვნები სამ პუნქტად ჩამოაყალიბა:

ეშინიათ, შვილო, დევნილებს, იმ ფართის დაკარგვისაც ეშინიათ, რომელიც მისცეს, თორე, მე მჯერა, ყველა დევნილი გამოვა ...
”ჩვენი მოთხოვნებიდან სამ ძირითადს გამოვყოფდი, რომელიც ერთმანეთთან კავშირშია: შეწყდეს დევნილთა თბილისიდან იძულებით გამოსახლების და გადასახლების პროცესი, დაუკანონდეთ მათ საცხოვრებელი ფართი, როგორც ამას წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდნენ და, მესამე, ზაფხულში დევნილების გამოსახლების სასტარტო ეტაპზე გამოსახლებული დევნილები დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით თბილისის ნებისმიერ უბანში. ეს მოთხოვნები გამომდინარეობს სააკაშვილისა და უგულავას წინასაარჩევნო განცხადებებიდან, რომ ყველა დევნილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, გახდება თბილისელი. ამის საწინააღმდეგოდ, მათ დაიწყეს დევნილების გამოსახლების პროცესი.”

ამას გარდა, დევნილებმა კიდევ ორი მოთხოვნა გაახმაურეს: მათ პირად საკუთრებაში გადაეცეთ ის ფართი, რომელშიც დღეს ცხოვრობენ, ან მიიღონ ღირსეული ფულადი კომპენსაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში და მაშინაც, თუ 15 იანვრიდან გამოსახლების პროცესი გაგრძელდა, დევნილები პარლამენტის შენობის წინ მჯდომარე აქციის დაწყებას გეგმავენ.

დღეს კი დევნილთა უმეტესობა იმას ჩიოდა, რომ აქციაზე ცოტა ხალხი მივიდა. მათ შორის ცოტანი იყვნენ იმ 25 ობიექტში მცხოვრები დევნილებიც, რომელთაც ფართის დაცლის შესახებ შეტყობინება დეკემბერში მიიღეს. თუმცა სიმცირის მიზეზებს დევნილები თავადვე ხსნიდნენ:

”ეშინიათ, შვილო, დევნილებს, იმ ფართის დაკარგვისაც ეშინიათ, რომელიც მისცეს, თორე, მე მჯერა, ყველა დევნილი გამოვა.”

აქციაზე მისული დევნილების ნაწილი კი ამბობდა, რომ სოლიდარობას უცხადებენ მათ, ვისაც გამოსახლების მორიგი ტალღა უნდა შეეხოს, რადგან იმავე საფრთხის წინაშე შეიძლება მალე თავადაც აღმოჩნდნენ. ასეთად მოიაზრებს თავს აფხაზეთიდან დევნილი ციალა ჯალაღონია:

”მე შეტყობინება არ მიმიღია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ჩემოდნებზე ვსხედვართ მაინც. როდის მოგვადგებიან და მოგვთხოვენ ფართის დაცლას, არ ვიცით. ”

სახლში ინფარქტიანი და ინსულტიანი კაცი მიწევს. იქიდან რომ გამომაგდონ, სად წავიდე მერე მე? ...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიცია კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით ცნობილია. მინისტრი კობა სუბელიანი რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებდა, რომ კომპენსაციები დეკემბერში უკვე გაიცა, იანვარში დააკმაყოფილებენ კიდევ რამდენიმე ოჯახს და ამით ეს პროცესი დასრულდება. მისივე განცხადებით, დღეს საკუთრებაში ფართს ფლობს 22 ათასი დევნილი, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის განცხადებით, სამინისტრო რეგიონებში ფართით დაკმაყოფილებული დევნილების დასაქმების საკითხსაც პოზიტიურად უყურებს. მისი განცხადებით, დევნილებს მიკროსესხებით ეხმარებიან, რაც მათი თვითდამკვიდრების პროცესს ხელს უწყობს:

”ვიყავი წინამძღვრიანთკარში - დუშეთისკენ არის ეს - და ვნახე, რომ იქ რამდენიმე ოჯახმა მიკროსესხით ფუტკრის სკები გააკეთა, ზოგიერთმა ქათმები მოაშენა, 20-25 ფრთა ქათამი ჰყავს, რაც სერიოზული შეღავათია ოჯახისთვის. ერთმა კაცმა საერთოდ გაგვაგიჟა: საკუთარი სახლის სარდაფში სოკო მოაშენა და ორ დღეში ერთხელ 100 კილოგრამს აბარებს და 5-6 ლარი ღირს თურმე კილო ხის სოკო.”

მიუხედავად ამგვარი პრეცედენტების არსებობისა, დევნილთა გარკვეული ნაწილი თბილისიდან რეგიონებში საცხოვრებლად წასვლას მაინც აპროტესტებს და საკუთარი არგუმენტებიც მოჰყავს. კოდორიდან დევნილი როენა არღვლიანი გვეუბნება, რომ, მისი ასაკის, ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, რეგიონში ცხოვრებას ვერ შეძლებს:

”სახლში ინფარქტიანი და ინსულტიანი კაცი მიწევს. იქიდან რომ გამომაგდონ, სად წავიდე მერე მე? ცოცხალი თავით მე იქიდან არ გამოვალ - ან თავს მოვიკლავ, ან სხვა რამეს გავაკეთებ და იცოდეს ეს ყველამ.”

დევნილთა მორიგი საპროტესტო აქცია 15 იანვრისთვის დაიგეგმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG