Accessibility links

logo-print

ვლადიმერ სანაკოევის გაფრთხილება მოსალოდნელი ომის შესახებ


ვლადიმერ სანაკოევი

ვლადიმერ სანაკოევი

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, ოსთა ეროვნული ხსნის კავშირის თავმჯდომარე და აქცია “კოკოითი ფანდარასტის” ხელმძღვანელი ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებებს ასრულებდა. ამის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ვლადიმერ სანაკოევმა ინტერნეტგამოცემებში - “უასდან.კომსა” და „კავკაზსკი უზელზე“ - გაავრცელა. ეს არის ერთგვარი აღიარება თავისი კავშირების შესახებ ჯერ საბჭოთა კაგებესთან და შემდეგ რუსეთის ეფესბესთან. წერილში ნათქვამია, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე იგი ქალაქ სოჭში დათანხმდა და მისი ფსევდონიმი იყო „ირონი“, რაც ოსს ნიშნავს. სანაკოევის განმარტებით, რუსულმა სპეცსამსახურმა მისგან გააქტიურება საქართველოში „ვარდების რევოლუციისა“ და აჭარაში თბილისის იურისდიქციის სრული აღდგენის შემდეგ მოითხოვა.

მისი მტკიცებით, დავალების შესასრულებლად მან ცხინვალში ნათესავებთან სტუმრობას მოუხშირა და ქართული მხარის ნდობის მოპოვებისათვის პროქართულად განწყობილი სტატია დაწერა. ეს სტატია ეფესბეში მისი კურატორების მეშვეობით გავრცელდა. ამის შემდეგ მას თბილისში ეპატიჟება მისი ბავშვობის მეგობარი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს. მისივე მტკიცებით, სწორედ ამ მეგობრის საშუალებით გაიცნო მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ამირან მესხელი.

ამ ყველაფრის გამოქვეყნებას არ ვაპირებდი, მაგრამ 4 იანვარს მივიღე ასპროცენტიანი ინფორმაცია, რომ იქ (ცხინვალში) ჩართეს მექანიზმი ჩემი ფიზიკური განადგურებისთვის.
საკუთარ წერილში სანაკოევი ამტკიცებს, რომ „სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის“ იდეის ავტორი სწორედ იგია, რის შესახებაც მან თავისი მოსაზრებები ამირან მესხელს თბილისში მეორედ ჩამოსვლისას, 2005 წლის 17 სექტემბერს, გაუზიარა. პარალელურად ინფორმაციას იგი სოჭში, ეფესბეში, საკუთარ კურატორსაც აწვდიდა.

მისივე თქმით, წინასწარი სამოქმედო გეგმის თანახმად, იგი თბილისში 2005 წლის 21 ნოემბერს ჩამოვიდა. ამის შემდეგ ვლადიმერ სანაკოევი დაწვრილებით აღწერს, როგორ მიიღო 2005 წლის 24 ნოემბერს სააკაშვილისაგან საქართველოს მოქალაქეობა და როგორ ჩაერთო ქართულ პოლიტიკაში იმის მტკიცებით, რომ საქართველო მისი სამშობლოა.

სანაკოევის განცხადებით, საქართველოში მისი საქმიანობის მთავარი ამოცანა იყო, არ დაეშვა საომარი მოქმედებების დაწყება. იგი თავის დამსახურებად მიიჩნევს საქმიანობიდან ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოშორებას და „პროექტ ვანო მერაბიშვილის“ ამოქმედებას. მისივე მტკიცებით, ოქრუაშვილი რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო, იგი ძალის გამოყენებით შეძლებდა ცხინვალის დამორჩილებას და რუსეთი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას ვერ მიიღებდა.

ვლადიმერ სანაკოევი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის 2 ივნისს „მოდულის“ შენობაში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა მისთვის ნათელი, რომ ომი აგვისტოს პირველ დეკადაში დაიწყებოდა. მისივე მტკიცებით, იმ დროიდან იგი ცდილობდა „თამაშიდან“ გასვლას და კვლავ რუსეთში დაბრუნებას. ჩვენთან ინტერვიუში სანაკოევი ამბობს, რომ ცხინვალში მისი, როგორც მოღალატის, ლიკვიდაციის გეგმა მუშავდება. ეს ინფორმაცია მან წინასწარ მიიღო და აღსარების წერილის გამოქვეყნებაც ამიტომ გადაწყვიტა:

„ამ ყველაფრის გამოქვეყნებას არ ვაპირებდი, მაგრამ 4 იანვარს მივიღე ასპროცენტიანი ინფორმაცია, რომ იქ (ცხინვალში) ჩართეს მექანიზმი ჩემი ფიზიკური განადგურებისთვის.“

წინასწარ განგაშის ატეხა არ მინდა, მაგრამ ამ წლის ბოლოს - გეუბნები, ოქტომბერში - დაიწყება ულტიმატუმი. აქ სხვა კონფიგურაციაა. ყველაფერი მიდის ომისკენ წლის ბოლოს ...
რადიო თავისუფლება: თუ თქვენ მეგობრები გყავთ ეფესბეში, ისინი არ დაგიცავენ?

„არ მყავს მე მეგობრები ეფესბეში. მე ერთი ადამიანი მყავდა მეგობრად, რომელსაც ჩემი ესმოდა, რომელმაც იცოდა, რომ მე საქართველო მიყვარს, რომელმაც იცოდა, რომ პატარა ოსეთი ჩემი გული და ჩემი სულია. თუ მექნება რაიმე საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნამდვილად მშვიდობა დადგეს და ხალხი აღარ დაიღუპოს არც ერთ მხარეს.“

საუბრის ბოლოს ვლადიმერ სანაკოევმა რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, 2011 წლის ბოლოს რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყება. წყაროს შესახებ იგი არაფერს ამბობს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მთავრობასთან სასწრაფოდ დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

„მე ვიცი, რომ საქმე მიდის ომისკენ. ამ წლის ბოლოს იქნება.“

რადიო თავისუფლება: საიდან ეს ინფორმაცია? იქ, საიტზეც, წერთ. რას ეყრდნობით?

„ვიცი. წინასწარ განგაშის ატეხა არ მინდა, მაგრამ ამ წლის ბოლოს - გეუბნები, ოქტომბერში - დაიწყება ულტიმატუმი. აქ სხვა კონფიგურაციაა. ყველაფერი მიდის ომისკენ წლის ბოლოს, თუ რუსეთი და საქართველო არ გადავლენ, რუსულად ვიტყვი, ვ პოლიტიკე პრავავოე პოლე, ტო ვოინა ბუდეტ სტოპროცენტნო.“

ვლადიმერ სანაკოევის რუსეთში წასვლა და იქ ეფესბესთან თანამშრომლობის შესახებ აღიარების გაკეთება აგვისტოს ომის შემდეგ პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე რუსეთის დედაქალაქში ძმები ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები გაიქცნენ, რომლებსაც სამხრეთ ოსეთის დროებით ადმნისტრაციაში მაღალი თანამდებობები ეკავათ. მათ საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. ამჟამად სანაკოევიც და ქარქუზოვებიც ვლადიკავკაზში ცხოვრობენ. როგორც ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ, ამ აღიარებებით მათ ხელშეუხებლობა მოიპოვეს. ცხინვალში თითოეულ მათგანზე სისხლის სამართლის საქმეები სამშობლოს ღალატის მუხლით არის აღძრული, მაგრამ რუსეთი მათ გადაცემას არ ჩქარობს და საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომში აქტიურად იყენებს.
XS
SM
MD
LG