Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი შეკითხვა: 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი?


7 იანვარი, ალილო თბილისში
7 იანვარი, ალილო თბილისში

ჩემი რუბრიკის მკითხველებს ბოდიშს ვუხდი, რომ მათთან არა მუსიკაზე,არამედ ერთ ძველ, მაგრამ ყოველწლიურად განახლებად თემაზე მომიწევს საუბარი. მოგეხსენებათ, ზოგჯერ "პაუზას" უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მუსიკაში.

ვერ გამიგია, ასეთი რა დამსახურება მიუძღვის ქართული და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიების მიმართ გაიუს იულიუს კეისარს, რომ დღემდე მისი კალენდრის მიხედვით ვზეიმობთ საშობაო დღესასწაულს?..

სად იულიუს კეისარი და სად ქართულ-რუსული მღვდელ-მონაზვნობა!
განა აბსურდი არ არის, ჯერ ქრისტე არ დაბადებულა (ქართულ-რუსული ეკლესიების ვერსიის მიხედვით, 7 იანვარს) და ჩვენი პატრიარქი კი უკვე 31 დეკემბერს გვილოცავს ახალ წელს? ახალი წელი ხომ სწორედ შობას უნდა მოსდევდეს! ასე არ არის? თუკი, რა საკვირველია, ქრისტიანებად მოგვაქვს თავი და არა - იულიუს კეისრის დარად - იუპიტერის კულტის მიმდევრებად.

როგორც ჩანს, აქ პაპ გრიგორიუსშია პრობლემა. ის ხომ კათოლიკე-ქრისტიანია. შესაბამისად, რომაელ იულიუს კეისარზე საეჭვო ფიგურაა. მრევლის გაუნათლებელ ნაწილს, ალბათ, ეჭვიც არ ეპარება, რომ ახალი სტილი რაღაც სატანისეულია. მიდი და უმტკიცე ახლა ამათ, რომ ასტრონომია სატანიზმი არ არის!

პაპმა გროგორიუს XIII-ემ 1582 წელს კეისრის სისტემის რეფორმა განახორციელა. რამ გამოიწვია ეს? აი, რას მოგვითხრობს ამის შესახებ რელიგიის ისტორიის ერთ-ერთი სახელმძღვანელო: "იულიუს კეისარმა ქრისტეს დაბადებამდე 45 წელს, ეგვიპტელი ასტრონომის, სიზოგენეს რჩევით, შემოიღო სისტემა, რომლის მიხედვითაც ყოველი მომდევნო სამი წლის ხანგრძლივობა უდრის 365 დღეს, ხოლო ყოველი მეოთხისა - 366 (ესაა ნაკიანი წელიწადი, როდესაც თებერვალი 29 დ დღე-ღამეს ითვლის). ამრიგად, წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365, 25 დღე-ღამე, რაც ძალიან ახლოა ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობასთან (ერთი ტროპიკული წელი შედგება დღე-ღამეთა არა მთელი, არამედ წილადი რიცხვისგან - 365, 2422 დღე-ღამე ანუ 365 დღე-ღამის 5 საათის 48 წუთისა და 46 წამისგან, ე. ი. ყოველი წლის ბოლოს რჩება, ნაშთის სახით, ზედმეტი დრო - ზედნადები).

იულიუსის კალენდარი ქრისტიანულმა ეკლესიამ ხმარებაში შემოიღო 325 წელს. მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაჭრა. საქმე ისაა, რომ ოთხი წლის მანძილზე დაგროვილი განსხვავება იულიუსის საშუალო და ტროპიკულ წელიწადთა შორის უმნიშვნელოა (44 წთ. და 46 წმ.), საუკუნეთა მანძილზე კი იგი იმდენად შესამჩნევი ხდება, რომ მისი უგულებელყოფა შეუძლებელია. მაგალითად, IV საუკუნეში გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტს მოდიოდა, XVI საუკუნეში კი 11 მარტს. ამრიგად, იულიუსის წელთაღრიცხვა XVI საუკუნეში უკვე 10 დღე-ღამით "ჩამორჩებოდა ბუნებას". სწორედ ამან მოითხოვა იულიუსის სისტემის რეფორმა.

რომის პაპ გრიგორიუსის 1582 წლის დადგენილების თანახმად, დღეთა ანგარიში გადანაცვლებულ იქნა 10 დღით: 4 ოქტომბრის მომდევნო დღე გამოცხადდა 15 ოქტომბრად. ამის შემდეგ გაზაფხულის ბუნიობა კვლავ 21 მარტს დაემთხვა. ასე რომ, თუკი იულიუსის კალენდარში სამი დღე-ღამის ცდომილება ანუ სამი ზედმეტი (ზედნადები) დღე გროვდებოდა ყოველ ოთხ საუკუნეში, გრიგორისეულში ერთი დღე-ღამის ცდომილება 3 300 წლის მანძილზე დაგროვდება. ეს კი, ფაქტობრივად, კალენდრის პრობლემის გადაჭრას ნიშნავს.

ჩვენთვის ცნობილია, რომ "ახალი სტილის" შემოღების საკითხი საქართველოს წინაშეც იდგა მეოცე საუკუნის ოციან წლებში. საკათალიკოსო საბჭომ რამდენჯერმე მიიღო დადგენილება რეფორმის თაობაზე, რაც დასტურყო IV საეკლესიო კრებამ 1927 წელს. ამ იდეას მხარს უჭერდა სამღვდელოების უმრავლესობა, მათ შორის კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია)...

იცით აგრეთვე, რომ მან პატიმრობის დროს (1923-25წწ) მარხვები ახალი სტილით დაიჭირა (!). თუმცა, მიუხედავად ამისა, სიახლე მაინც ვერ დამკვიდრდა. საკათალიკოსო საბჭო რუსულენოვანი ნაწილის გაგულისებას მოერიდა, რაც სქიზმას ანუ განხეთქილებას გამოიწვევდა...

აი, როგორი ამბავია. თუმცა მაინც არა მგონია, რომ ჩვენთან ტრადიციაზე მაღლა დააყენონ ჭეშმარიტება - 7 იანვარს კვლავაც ჯიუტად ვიმღერებთ ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG