Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მწარე სიმართლე“ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფაზე


მოსკოვი: ავიაციის სამთავრობათაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, ტატიანა ანოდინა საუბრობს სმოლენსკის ავიაკატასტროფის გამოძიების შედეგებზე
მოსკოვი: ავიაციის სამთავრობათაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, ტატიანა ანოდინა საუბრობს სმოლენსკის ავიაკატასტროფის გამოძიების შედეგებზე
მფრინავებს, რომლებიც 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს (ტუ-154) მართავდნენ, სათანადო მომზადება აკლდათ და თან განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ბორტზე მყოფი გენერლისაგან, დაჯდომა განეხორციელებინათ უამინდობის მიუხედავად. ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს მთავარი დასკვნა, რომელიც რუსეთის ავიაციის წარმომადგენლებმა გამოიტანეს ავიაკატასტროფის გამოძიების საფუძველზე. შედეგები ოთხშაბათს წარმოადგინეს და ავიაციის სამთავრობათაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, ტატიანა ანოდინამ მოსკოვში, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე და ვიზიარებთ მათი ახლობლებისა და ნათესავების მწუხარებას და იმავდროულად მოვალე ვართ, ვიყოთ ღია და გამოვაქვეყნოთ სიმართლე, თუნდაც ძალიან მწარე, ამ კატასტროფის გარემოებების, ფაქტებისა და მიზეზების შესახებ. და ეს არის ჩვენი ვალი დაღუპულთა წინაშე და მომავალი რეისების უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოვალეობა“.

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი სამთავრობო თვითმფრინავ TU-154M-ში. სურათი გადაღებულია 2008 წლის 7 ნოემბერს.
2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავში მყოფი 96-ვე ადამიანი დაიღუპა: პრეზიდენტი და პირველი ლედი, პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ელიტის წარმომადგენლები, თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები. თვითმფრინავი დანიშნულების აეორდრომთან ჩამოვარდა. კაჩინსკის დელეგაცია მიეშურებოდა კატინის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად.

ტატიანა ანოდინას მიერ ნახსენებ „მწარე სიმართლეს“ რაც შეეხება, რუსი გამომძიებლები პოლონური მხარის რამდენიმე შეცდომაზე მიუთითებენ, მათ შორის ხარვეზებზე რეისის ორგანიზებისას, იქნებოდა ეს ეკიპაჟის მომზადება, თუ სათანადო სათადარიგო აეროდრომების შერჩევა. რუს დისპეჩერებს, ამ ანგარიშით, შეცდომა არ დაუშვიათ: მათ ურჩიეს პოლონელ მფრინავებს, რომ გეზი აეღოთ სათადარიგო აეროდრომისაკენ.

„თვითმფრინავ ტუ 154-ის ეკიპაჟმა არაერთხელ მიიღო ინფორმაცია დანიშნულების აეროდრომზე მეტეოროლიგიური პირობების შეუსაბამობის შესახებ, რაც დადგენილი იყო ბელორუსიის საჰაერო მიმოსვლის სამმართველოსა და აეროდრომ „სმოლენსკ სევერნის“ ორგანოების, ისევე როგორც პოლონეთის თვითმფრინავ იაკ 40-ის ეკიპაჟის მიერ“, განაცხადა მოსკოვში ტატიანა ანოდინამ. მის მიერ ნახსენებმა იაკ-40-მა იმავე დღეს, პოლონეთის პრეზიდენტის თვითმრიფნავამდე ცოტა ხნით ადრე განახორციელა დაჯდომა სმოლენსკის აეროდრომზე. პრეზიდენტის თვითმფრინავის ეკიპაჟმა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მიიღო გადაწყვეტილება სათადარიგო აეროდრომზე გადანაცვლების შესახებო, დასძინა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ავიაციის სამთავრობათაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ.

უნდა ითქვას, რომ რუსი გამოძიებლების ანგარიშის ნაწილი ბოლოხანს წარუდგინეს ვარშავას, რომლის რეაქციაც საკმაოდ მწვავე გამოდგა. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც ნამდვილად არ გამოირჩევა მკვეთრი განცხადებებით, წინასწარ ანგარიშს „მიუღებელი“, „შეცდომებით სავსე“ უწოდა. ახლა კი ფაქტია, რომ საბოლოო ანგარიში პოლონური მხარისადმი მძიმე ბრალდებებს მოიცავს - მათ შორის კრიტიკას პილოტის კაბინაში მაღალი რანგის გენერლის ყოფნის გამო...

„პოლონეთის რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის ყოფნამ პილოტის კაბინაში, რაც ბოლომდე, მიწასთან თვითმფრინავის დაჯახებამდე გაგრძელდა, ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა მეთაურის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, გაეგრძელებინა დაშვება გაუმართლებელი რისკის პირობებში, მთავარი მიზნით - განეხორციელებინა დაჯდომა ნებისმიერ ფასად“, განაცხადა ანოდინამ.

საყურადღებოა უშუალოდ პრეზიდენტ კაჩინსკისთან დაკავშირებული დასკვნაც: გამომძიებლები აღნიშნავენ, რომ შავი ყუთის ჩანაწერების მიხედვით, თვით კაჩინსკის არავისთვის დაუვალებია, თვითმფრინავი აუცილებლად ახლა უნდა დაჯდესო. მაგრამ ანოდინას პრეს-კონფერენციაზე მაინც იყო მითითება „მთავარ მგზავრზე“ - სავარაუდოდ, კაჩინსკიზე. თვითმფრინავის მეთაურის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, განაპირობა სურვილმაც, რომ „მთავარი მგზავრი“ კმაყოფილი ყოფილიყოო.

„მეთაურს ესმოდა, რომ შექმნილ პირობებში თვითმფრინავის დაჯდომა უსაფრთხო არ იყო. მეორე მხრივ, არსებობდა ძლიერი მოტივაცია, რომ დაჯდომა განხორციელებულიყო სწორედ დანიშნულების აეროდრომზე. ტექნიკური კომისიისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მასალებით, სათადარიგო აეროდრომზე გადანაცვლების შემთხვევაში, მეთაურს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ მთავარი მგზავრის უარყოფითი რეაქცია მოელოდა“, განაცხადა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტატიანა ანოდინამ.

ანგარიში დღეს გადასცეს პოლონეთს და უკვე ვრცელდება ცნობები მწვავე, უარყოფითი რეაქციის თაობაზე. უკმაყოფილოთა შორის არის დაღუპული პრეზიდენტის ძმა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი. მან დაგმო ანგარიში, რომლის ავტორებიც პოლონელ მფრინავებს აკისრებენ მთელს პასუხისმგებლობას. კაჩინსკის თქმით, ის პოლონეთის პარლამენტს მოუწოდებს, უარყოს რუსეთში ჩატარებული გამოძიების შედეგები.
XS
SM
MD
LG