Accessibility links

logo-print

როგორ ჩხრეკდა ბელორუსიის კაგებე ოპოზიციონერის ბინას


ბელორუსია: ოპოზიციის მხარდამჭერი ანდრეი შარენდო

ბელორუსია: ოპოზიციის მხარდამჭერი ანდრეი შარენდო

ბელორუსიაში გრძელდება ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები, რომლებიც ამ ქვეყანაში 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. უშიშროების სამსახურმა (მას ბელორუსიაში დღემდე კაგებე ეწოდება) ოპოზიციის მხარდამჭერი ათობით აქტივისტის ბინები გაჩხრიკა, მათ შორის იყო ბინები ქალაქ ბრესტში, სადაც ოპოზიციის ოთხ მხარდამჭერს მიაკითხეს. ფართო საზოგადოება დეტალების შესახებ, ალბათ, ვერაფერს შეიტყბოდა, რომ არა ხმის ჩანაწერი, რომელიც ჩუმად, კაგებეს დაუკითხავად გაკეთდა ერთ-ერთ ბინაში ჩხრეკის დროს.

ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის, რომელთა ბინებიც ბელორუსიის კაგებემ ბრესტში გაჩხრიკა, აღმოჩნდა ანდრეი შარენდო, პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ვიტალი რიმაშევსკის მომხრე. როგორც იუწყებიან, კაგებემ 10 იანვრის დილას მიაკითხა შარენდოს შინ და იქ 45 წუთი იმუშავა.

კაგებეს თანამშრომელი: „მობილური ტელეფონები, თუ შეიძლება, თაროზე დადეთ. ფულიც, უცხო ვალუტა, ძვირფასეულობა... არავინ არსად არ მიდის!“

ამ ჩანაწერის არსებობა ანდრეი შარენდოს ბინაში მყოფთაგან ერთ-ერთის დამსახურებაა. ადამიანმა, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ, შეძლო, ჩუმად ჩაერთო ჩამწერი მოწყობილობა.

ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგომი საპროტესტო აქციების ასობით მონაწილისაგან განსხვავებით, ანდრეი შარენდო არ დაუპატიმრებიათ. თუმცა, ჩხრეკის ორდერში, რომელიც კაგებეს მუშაკებმა წარმოადგინეს, ნათქვამია, რომ მიმდინარეობს გამოძიება არჩევნების შემდგომ არეულობაში შარენდოს „აქტიურ როლთან“ დაკავშირებით.

ახალგაზრდა აქტივისტის ბინაში შესვლის შემდეგ რამდენიმე წუთში, კაგებეს მუშაკებმა განაცხადეს, რომ ეძებენ მტკიცებულებებს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

კაგებეს თანამშრომელი: „მოწმეებს ვთხოვთ, აქეთ მობრძანდნენ. გატყობინებთ, რომ ჩატარდება ჩხრეკა. ვეძებთ მასალას, საგნებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის გამოძიებისათვის ან საგნებს, რომელთა გამოყენებაც ეკრძალებათ სამოქალაქო პირებს (...) კიდევ ვინ ცხოვრობს ამ ბინაში? თქვენი ძმა? სად არის? მოდით აქ. მოდით აქ პასპორტით“...

ჩანაწერის დიდ ნაწილში მარტო ხმაური ისმის - ჩხრეკის ხმა, როგორ აღებენ უჯრებს, ჩანთებს, აგროვებენ მობილურ ტელეფონებს. ძირითად ნაწილში საქმიან მითითებებს ვისმენთ, თუმცა, არის ემოციური ეპიზოდიც, როცა ანდრეი შარენდოს მეუღლე, პოლინა შარენდო-პანასიუკი მოთმინებას კარგავს და კაგებეს ოფიცრებთან კამათს იწყებს.

კაგებეს ოფიცერი: „გთხოვთ, არ გადაიღოთ სურათები და არაფერი ჩაწეროთ, თუ საჩივარი გექნებათ“...
შარენდო-პანასიუკი: „მე კი გთხოვთ, დააპატიმროთ ლუკაშენკო იმისთვის, რასაც ზედიზედ ათი წელია აკეთებს - აქ მოსვლის და რაღაც კანონებზე ლაყბობის მაგივრად. ეს ვასილჩენკო, ჩხრეკის ორდერზე ხელი რომ მოუწერია, ნეტა ვისი ნათესავია? თქვენ ვინ გიშოვათ სამსახური კაგებეში?“

კაგებეს მუშაკის მოთხოვნას, შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთო, პოლინა პასუხობს: მე კი არა, თქვენ ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას, ბელორუს ხალხს, უზურპატორის მხარდაჭერით, ყველას კარგად მოეხსენება, როგორ მოაგროვა ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტიო...

ჩანაწერი, რომელიც 10 იანვრის დილას, შარენდოების ოჯახის ჩხრეკისას გაკეთდა, სულ რამდენიმე საათში მიაწოდეს ჩვენი რადიოს ბელორუსულ სამსახურს. ჯერ არ არის ცნობილი, მოჰყვა თუ არა ოპოზიციის მომხრეებისთვის რაიმე შედეგი ჩანაწერის გამოქვეყნებას.
XS
SM
MD
LG