Accessibility links

logo-print

შინ მისასვლელად ვიზა, გზად კი მავთულხლართები


ენგურის ხიდი

ენგურის ხიდი

ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფმა რუსმა სამხედროებმა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე დემარკაციის მიზნით მავთულხლართების გავლების პროცესი სადღესასწაულო დღეების შემდეგ კვლავ განაახლეს.

როგორც რადიო თავისუფლებას გალელმა რესპონდენტმა შეატყობინა, ამჯერად რუსმა ჯარისკაცებმა ორი მეტრი სიმაღლის მავთულხლართები დიხაზურგა-რიყის პირობით საზღვართან გააკეთეს. ეს ადგილი კი, რესპონდენტის თქმით, ყველაზე ხელსაყრელია ზუგდიდში გადმოსასვლელად იმ მოსახლეობისთვის, რომელიც დიხაზურგაში, თაგილონსა და ჭუბურხინჯში ცხოვრობს.

„დღეს დილით ზუგდიდში გადმოსვლა გვინდოდა. როცა თაგილონი-რიყის ე.წ. საზღვართან მივედით, ვნახეთ, რომ მავთულხლართებია გაკეთებული. ორი მეტრი იქნება სიმაღლე და მასზე გადახტომა შეუძლებელია. შემდეგ ტყე-ტყე ვიარეთ და ნაბაკევი-ხურჩის პირობით საზღვართან გადმოვედით. არადა, თაგილონი-რიყის გადასასვლელი ყველაზე ხელსაყრელი იყო ჩვენთვის“, - ამბობს თაგილონის მკვიდრი, რომელმაც, საფრთხის შიშით, ვინაობის გამხელა არ ისურვა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ე.წ. დემარკაციის მიზნით დაწყებული მავთულხლართების გავლება უკვე დასრულებულია სამეგრელოსთან მოსაზღვრე ოტობაია-ორსანტიის, ფიჩორი-განმუხურისა და ლეკუხონა-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვართან.

ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მონიშვნის პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის აღწერისთვის ემზადება. აღწერის ერთკვირიანი პროცესი თებერვლის ბოლოს უნდა დაიწყოს და უნდა მოიცვას ყველა ქალაქი, რაიონი და სოფელი, გარდა კოდორის ხეობისა. ოკუპირებული რეგიონის ამ ნაწილში დე ფაქტო მთავრობამ მოსახლეობის აღწერა შარშან შემოდგომაზე ჩაატარა, თუმცა შედეგები არ გამოუქვეყნებია. სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, თებერვალში დაგეგმილი აღწერისთვის უკვე გახსნილია 900-მდე სპეციალური პუნქტი. დე ფაქტო მთავრობაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის აღწერის მეთვალყურეობისთვის, არჩევნების მსგავსად, უცხოელ დამკვირვებლებს მიიწვევენ.

ოკუპირებული აფხაზეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, აღწერის ბარათში 16 სხვადასხვა შეკითხვაა. ტრადიციული სახელის, გვარის, სქესის, დაბადების თარიღისა და ადგილის გარდა, დე ფაქტო სტატისტიკის სამსახურს აინტერესებს მოქალაქეობა, ეროვნება, მშობლიური ენა, უცხო ენების ცოდნა, განათლების დონე და საარსებო წყაროები. ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს 21-დან 28 თებერვლის ჩათვლით მოუწევთ. რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტები ფიქრობენ, რომ მოსახლეობის აღწერის შემდეგ კიდევ უფრო გართულდება გადაადგილება ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში, ხოლო, ის ვინც, მათივე თქმით, აღწერის მომენტში ოკუპირებულ აფხაზეთში არ იქნება და სტატისტიკის სპეციალურ პუნქტში ბარათს არ შეავსებს და რეგისტრაციას არ გაივლის, მომავალში საკუთარ სახლში დაბრუნება, ნათესავის ან მეზობლის მიერ გაგზავნილი ე.წ. ვიზის საშუალებით მოუწევს.

ვიდრე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობის აღწერას დაიწყებდეს და დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. სავიზო რეჟიმს შემოიღებდეს, მანამდე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენლები გასულ თვეში დაწყებულ დემარკაციის პროცესს გააგრძელებენ. ამიტომ გალელები ფიქრობენ, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში დარჩებიან, ოჯახის წევრებსა და ნათესავებს დიდი ხნით დაშორდებიან.
XS
SM
MD
LG