Accessibility links

logo-print

ეუთო საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრს განაგრძობს


ლიტვის, საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი

ლიტვის, საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი

13 იანვარს ეუთოს ახალი მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის, საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი პირველად წარდგა ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე. პრიორიტეტების ნუსხაში, რომლითაც ლიტვის თავმჯდომარეობა 2011 წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს, ერთ-ერთ უმთავრეს ადგილს გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს და სწორედ ამ კონტექსტში მოიხსენიება საქართველოს პრობლემაც. ამ წელს ეუთო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მედიასაც.

ვიდრე ეუთოს 2011 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე ილაპარაკებდა, აუდრონიუს აჟუბალისმა ზუსტად 20 წლის წინათ ვილნიუსში ლიტვის დამოუკიდებლობისთვის დაღვრილი სისხლი გაიხსენა და ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომის მონაწილეებს დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა სთხოვა წუთიერი დუმილით... გავიხსენოთ, რომ 1991 წლის 13 იანვარს დაშლის პირას მდგომი საბჭოთა კავშირის ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ლიტველ ხალხს და ვილნიუსის სისხლიანმა მოვლენებმა 14 ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა.
ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად, დიალოგის გზით მოგვარება უნდა იყოს ჩვენი უზენაესი ვალდებულება...

ლიტველი გმირები 13 იანვარს თბილისშიც გაიხსენეს. ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სიმბოლური კოცონი დაანთეს ვილნიუსის სკვერში, ხოლო მანამდე ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი. ითქვა, რომ ლიტვის 13 იანვარმა და საქართველოს 9 აპრილმა საგანგებო როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში.

დამოუკიდებელი ლიტვისა და დამოუკიდებელი საქართველოს მეგობრობა მუდმივად დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში - ახლა უკვე ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა, ლიტვა, ყოველთვის მტკიცედ დგას საქართველოს სამომავლო ინტერესების დასაცავად.

ლიტვა ახლა ერთი წლით ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანაც არის და როცა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, პრიორიტეტებს შორის საქართველოც სახელდება. აუდრონიუს აჟუბალისის სიტყვებიდან ჩანს, რომ ის არ აპირებს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ეუთოს მისია ვერ ბრუნდება საქართველოში. გავიხსენოთ, რომ მისიის საქმიანობა 2009 წლის ზაფხულში რუსეთის ძალისხმევის შედეგად შეწყდა:

”ჩვენ გამოვიყენებთ ჟენევის პროცესს ნდობის აღსადგენად და ვიმუშავებთ ეუთოს მნიშვნელოვანი მისიის დასაბრუნებლად საქართველოში”.

აუდრონიუს აჟუბალისი, საქართველოს პრობლემასთან ერთად, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტებსაც ახსენებს და გამოხატავს სურვილს, რომ ეუთოს ქვეყნებმა გაჭიანურებულ კონფლიქტებთან მიმართებით ისეთივე სოლიდარობა და აქტიურობა გამოიჩინონ, როგორიც მათ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბალტიისპირეთის მისამართით გამოიჩინეს. ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, ორგანიზაციის ახალმა მოქმედმა თავმჯდომარემ თქვა, რომ ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარება საერთო საქმეა:

”ეს ყელა ჩვენგანის საქმეა... ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად, დიალოგის გზით მოგვარება უნდა იყოს ჩვენი უზენაესი ვალდებულება - ჩვენი უზენაესი ერთობლივი ვალდებულება... ”
პირად მოვალეობად მიმაჩნია მედიის თავისუფლების ხელშეწყობა და დაცვა; ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების დაცვა...

გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების გარდა, აუდრონიუს აჟუბალისმა 13 იანვარს საგანგებოდ ილაპარაკა მედიის თავისუფლების როლზე, მათ შორის - სამართლიანი არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით. როგორც ჩანს, მედიის საკითხს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ასე ვთქვათ, პირად კონტროლზე აიყვანს:

”პირად მოვალეობად მიმაჩნია მედიის თავისუფლების ხელშეწყობადა დაცვა; ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების დაცვა... მედიის თავისუფლების ოფისის წარმომადგენელთან თანამშრომლობით, ივნისში მე მოვიწვევ ეუთოს ჟურნალისტების უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციას ვილნიუსში”.

ეუთოს ლიტვის თავმჯდომარეობის ძირითად პრიორიტეტებს შორის არის ასევე გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და ამ კონტექსტში, უპირველეს ყოვლისა, ავღანეთის პრობლემა სახელდება. პრიორიტეტების ნუსხაში ასევე ვხვდებით ეუთოს როლის გაძლიერებას ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში და განათლების გზით ტოლერანტობის ხელშეწყობას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG