Accessibility links

ინფლაციამ საქართველოში, გასული წლის ბოლოს პროგნოზირებული 6 პროცენტის ნაცვლად, 11,2 პროცენტი შეადგინა, რაც, ეკონომისტების შეფასებით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. რა საფუძვლები განაპირობებს ფასების ამ მასშტაბით ზრდას და ინფლაციის წინააღმდეგ რა ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ეროვნული ბანკი?

ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2011 წლისთვის ინფლაცია ქართული ეკონომიკისთვის მთავარი გამოწვევა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ფასების ზრდას სპეციალისტები, ძირითადად, საერთაშორისო ბაზარზე სამომხმარებლო პრიდუქტებზე ფასების მატებით ხსნიან, სახელდება სხვა შიდა განმაპირობებელი ფაქტორებიც. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ ფასებზე სერიოზულ გავლენას ახდენს შიდა ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ნაკლებობა, ამას ემატება იმპორტისა და ექსპორტის ის თანაფარდობა, რომლის მიხედვითაც საქართველოში იმპორტირებული საქონელი ექსპორტირებულს მინიმუმ სამჯერ აღემატება.

ინფლაციის შემცირების ქმედით მექანიზმად ეკონომიკის სპეციალისტები, უპირველესად, ბაზარზე ფულის მასის შემცირებას მიიჩნევენ. ამ თვალსაზრისით კი, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ძირითადად მხოლოდ ინფლაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს, ეროვნული ბანკის, ქმედებები ეფექტური ვერ იქნება სახელმწიფო უწყებებთან სინქრონული მუშაობის გარეშე:

”პრობლემა იმაშია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ბანკის ქმედებები ინფლაციის ეფექტურ დათრგუნვას ვერ იწვევს. აქ არის ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის მხრიდან სხვადასხვა ღონისძიებები გასატარებელი იმისთვის, რომ პირველ რიგში დეფიციტი შემცირდეს. ასევე გამოსაყენებელია ფისკალური მეთოდებიც, მაგალითად, ინვესტიციების გზით მიღებული თანხების საგარეო ვალების მიმართულებით გამოყენება და ა.შ.. ანუ ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის სინქრონული მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ შემცირდეს ინფლაცია.”

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ინფლაციის დასათრგუნად ბანკი რამდენიმე ბერკეტს იყენებს. პირველი ეს არის ფულადი მასის შემცირება; ამასთან, ბანკებისთვის საპროცენტო განაკვეთების გაზრდა და მეტი გარანტიების განსაზღვრა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი არჩილ იმნაიშვილი ამბობს, რომ ინფლაცია ძირითადად გარე ფაქტორებმა განაპირობა, რის წინააღმდეგაც ბანკის რესურსები შეზღუდულია, მაგრამ შესაძლო ბერკეტებს ბანკი მაინც იყენებს, თუმცა ეფექტი მყისიერი ვერ იქნება:

” 2010 წლისთვის დაფიქსირდა ინფლაციის პროცენტული მაჩვენებელი 11,2. აქედან სურსათის წვლილი არის 9, 5 პროცენტული მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია არასახარბიელო მოსავლის გამო მსოფლიო ბაზარზე სურსათის გაძვირებით. გარე შოკებით გამოწვეული ინფლაციის წინააღმდეგ ეროვნული ბანკი გაამკაცრებს პოლიტიკას იმ შემთხვევაში, თუ ეს შოკები გავლენას მოახდენს ფუნდამენტურ ფაქტორებზე, მაგალითად, ინფლაციის მოლოდინზე. აქედან გამომდინარე, გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ეროვნული ბანკი ამკაცრებდა მონეტარულ პოლიტიკას. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საჭიროა გარკვეული დრო იმისათვის, რომ ეს მონეტარული პოლიტიკა აისახოს ინფლაციაზე”,- აცხადებს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი არჩილ იმნაიშვილი.

ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ ხადურს მიაჩნია, რომ ინფლაციის გამომწევევი ერთ-ერთი ფაქტორი ნამდვილად არის გაძვირებული იმპორტირებული პროდუქცია, რომლის ფასიც დოლარშია განსაზღვრული. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა, ანუ ლარი გაუფასურდა, ეს ნიშნავს იმას, რომ იმპორტირებული პროდუქციის ფასი ავტომატურად კიდევ უფრო ძვირი გახდა.

ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ ხადურს გამოსავლად მიაჩნია ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მოახერხოს ლარსა და დოლარს შორის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება მის ხელთ არსებული სავალუტო რეზერვებით, მეორე ნაბიჯად კი მთავრობასთან ერთად მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის შეემცირებას მიიჩნევს:

”ეროვნულ ბანკს აქვს 2 მლრდ დოლარამდე. მიმოქცევაში არის ლარის გარკვეული რაოდენობა. როგორც ჩანს, იანვარში შემცირდა უცხოეთიდან დოლარის შემოდინება, ანუ, პირობითად, ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და საქართველოში ფულს უგზავნიან ნათესავებს და ახლობლებს, ცდილობდნენ ფული გადმოერიცხათ ახალ წლამდე. შემცირებულია უცხოური ინვესტიციები, შემცირებულია ექსპორტი იმპორტთან შედარებით, ანუ საქართველოში დოლარზე მოთხოვნილება გაზრდილია, დოლარის მიწოდება - შემცირებული. შესაბამისად, გაზრდილია დოლარის კურსი. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიმოქცევაში ცოტა მეტი დოლარი აუშვას, ანუ თვითონ გაყიდოს დოლარი, რაც გააკეთა სექტემბერ-ოქტომბერში. ამას ის აკეთებდა და ამით ცდილობდა დაეჭირა კურსი”, - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ ხადური.

მოკლევადიან პერიოდში რყევები როგორც გაუფასურების, ისე გამყარების მიმართულებით დაფიქსირდება, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილური იქნება. რაც შეეხება მთავრობის გეგმას, უახლოეს მომავალში მან ანტიინფლაციური პროგრამა უნდა წარმოადგინოს.
XS
SM
MD
LG