Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველასგან მიტოვებული სარაბუკი


ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელი კარავი სარაბუკში
ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელი კარავი სარაბუკში
ცხინვალის რაიონის სოფელ სარაბუკში დარჩენილი მცხოვრებნი ორი წელია კარვებში აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. მათი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ კოკოითის მიერ კონტროლირებული ადგილობრივი ტელევიზიაც კი დაინტერესდა სარაბუკელების არაადამიანური ყოფა-ცხოვრებით.

ოსური სოფელი სარაბუკი გორიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ეს სოფელი პატარა ლიახვის ხეობის ერთ დროს ყველაზე დიდ ქართულ სოფელს, ერედვს, ესაზღვრებოდა.

ქართული მედიის ყურადღების ცენტრში სარაბუკი 2008 წლის ომამდე ცოტა ხნით ადრე მოექცა. მაშინ სარაბუკის სტრატეგიული სიმაღლე ოსურ შეიარაღებული ფორმირებებს ჰქონდათ დაკავებული. ამ სიმაღლიდან კი პატარა და დიდი ლიახვის ხეობების დამაკავშირებელი შემოვლითი გზა კონტროლდებოდა. ამ გზით, ადგილობრივი ქართული მოსახლეობის გარდა, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც სარგებლობდნენ, რომლებიც ქურთაში ცხინვალის გვერდის ავლით ჩადიოდნენ.

2008 წლის ივლისში შემოვლით გზაზე რამდენიმე დივერსიული აქტი განხორციელდა. ცეცხლი გაუხსნეს დროებითი ადმინისტრაციის მეთაურს დიმიტრი სანაკოევს. მაშინ ქართველმა სამართალდამცავებმა სარაბუკში გამაგრებული ოსური დაჯგუფებები დაადანაშაულეს. მალე ქართულმა სამშვიდობო ბატალიონმა სარაბუკის სიმაღლე ბრძოლით აიღო და იქიდან ოსური დაჯგუფებები განდევნა, მაგრამ ამ სიმაღლისთვის ბრძოლა უკვე აღარ შეწყვეტილა. ცეცხლი ყოველ ღამით იხსნებოდა. ამ სიმაღლის დაცვისას არაერთი ქართველი მშვიდობისდამცველი დაიღუპა. მერე აგვისტოს ომი დაიწყო. ამ ომმა კი, სხვა სოფლების მსგავსად, სარაბუკიც დააზიანა.

დღემდე სოფელი ნანგრევებშია, ადგილობრივი მოსახლეობა კი ორ წელზე მეტია კარვებში ცხოვრობს. კოკოითის ხელისუფლებამ აღდგენითი სამუშაოები თითქოს დაიწყო და სარაბუკელებს იმედს აძლევდა, რომ ახალ წელს ახალ სახლებში შეხვდებოდნენ, მაგრამ დაპირება არ შესრულდა. ნახევრად აშენებულ სახლებში ცხოვრება შეუძლებელია, ამიტომ სარაბუკელები ისევ კარვებში რჩებიან.

ერთ დროს სარაბუკში 150 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი იქ რამდენიმე კომლია დარჩენილი. ომის შემდეგ ერთ-ერთმა რუსულმა სამშენებლო კომპანიამ სოფელში სახლების მშენებლობა და აღდგენა დაიწყო, მაგრამ სამუშაოები მოულოდნელად შეჩერდა, რადგან კომპანიის ხელმძღვანელი კოკოითის ხელისუფლებამ ფულის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. საქმე სხვა კომპანიას გადაეცა, მაგრამ სამუშაოები მაინც შეფერხებულია. კარვებში ცხოვრება კი ყოველდღიურად მძიმდება. აუცილებელია ღუმელი მთელი ღამე ენთოს, რომ იქ მყოფნი არ გაიყინონ. ამიტომ კარვებში მცხოვრებ ოჯახთა წევრებს რიგრიგობით ღუმელთან მორიგეობა უწევთ.

კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენელი სოსლან ბეკოევი ამბობს, რომ სახლების აშენება და აღდგენა ახალ სამშენებლო კომპანიას დაევალა და სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

კოკოითის ხელისუფლება დაზარალებულებს დიდი ხანია ჰპირდება, რომ ახალ წელს ახალ სახლებში შეხვდებიან, მაგრამ მას შემდეგ არაერთი ახალი წელი გავიდა. დე ფაქტო ხელისუფლებას აქცენტი ცხინვალის აღდგენაზე აქვს გადატანილი, სადაც სამუშაოები ასევე არაერთხელ შეჩერდა. დაზარალებული სოფლები კი ყველასგან მივიწყებულია.
XS
SM
MD
LG