Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვმა დასავლეთთან ურთიერთობას ხოტბა შეასხა


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქების სიტყვებით მოიხსენია დასავლეთთან გაუმჯობესებული ურთიერთობა, რაზეც, სერგეი ლავროვის რწმენით, გავლენას ვერ მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა ყოფილი მაგნატის მიხაილ ხოდორკოვსკისთვის გამოტანილი განაჩენის გამო. ამასთან, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნა შეუძლებელი იქნება რუსეთის, როგორც „სრულუფლებიანი პარტნიორის“, თანამონაწილეობის გარეშე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გასული წლის მთავარი მოვლენა იყო ნაკლებ კონფრონტაციასა და უფრო მეტ თანამშრომლობაზე დამყარებული „დემოკრატიული და სტაბილური მსოფლიო წესრიგი“, რამაც, ლავროვის თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში „ახალი პარადიგმა“ ჩამოაყალიბა:

„გასაგებია, რომ ყველა არ არის მზად ამ ცვლილებებისათვის - ზოგი გაურკვევლობაში იმყოფება, ზოგი ცდილობს დაამუხრუჭოს ეს ცვლილებები. საბოლოო ჯამში, ამაში ჩანს არაერთგვაროვნება და მრავალმხრივობა საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარებისა.“

ლავროვის თქმით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებამ განსაკუთრებული როლი შეასრულა „საერთაშორისო ვითარების გაჯანსაღებაში“.

„შეერთებულ შტატებთან დღეს ჩვენ უფრო მეტი გვაკავშირებს, ვიდრე გვაშორებს და... ეს ობიექტური რეალობა არ გახდება მსხვერპლი რაიმე კონიუნქტურული პოლიტიკური მანევრებისა.“

ლავროვის 13 იანვრის ეს შენიშვნა განსხვავდება წინა წლებისაგან, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთს კრიტიკით ესხმოდა თავს. ვაშინგტონი ლავროვის შექებას მიიღებს როგორც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ 2009 წელს რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ პოლიტიკის საზღაურს.

შეერთებული შტატების „გადატვირთვის“ პოლიტიკა გამოცხადდა რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის წლისთავზე, როდესაც დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა პრაქტიკულად „ცივი ომის“ დონემდე იყო დასული. დღეს კი ლავროვი ქების სიტყვებით ჩამოთვლის მიღწეულ წარმატებებს - სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, შეთანხმებას ენერგეტიკულ საკითხებში, მოლაპარაკებებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე და ნატოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რამაც, ლავროვის თქმით, „სერიოზულად გააუმჯობესა“ ურთიერთობა ევროკავშირთან. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იქვე გააფრთხილა დასავლეთი, რომ კრემლს უსაფრთხოების არსებული სისტემის შეცვლა სურს:

„ვიღაცას უნდა, რომ არაფერი შეიცვალოს და ევროპული უსაფრთხოება უზრუნველყოს „ნატოცენტრიზმის“ საფუძველზე. უფრო შორსმჭვრეტელ და გამჭრიახ ადამიანებს კი ესმით, რომ ამ გზაზე სიარული შეუძლებელია, ვინაიდან გარეშე რუსეთის ფედერაციისა, როგორც ევროპული უსაფრთხოების სისტემის თანასწორუფლებიანი პარტნიორის, არაფერი გამოვა.“

სხვა საერთაშორისო საკითხებზე საუბრისას, ლავროვმა „სერიოზული პრობლემა“ უწოდა ირანის ბირთვულ პროგრამას და განაცხადა, რომ სულ ახლახან ირანმა რუსეთსა და ჩინეთს შესთავაზა, დაათვალიერონ ის რეაქტორები, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მომეტებულ ყურადღებას იწვევს. თუმცა ლავროვმა დასძინა, ასეთი ძალისხმევა ვერ შეცვლის ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექციასო.

2011 წლის პირველ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა რუსეთში აკრედიტებული ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

კითხვაზე, როგორ აფასებს მოსკოვი დასავლეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ტერმინ "ოკუპაციის" დამკვიდრებას, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ისე უდგება, როგორც სუვერენულ სახელმწიფოებს. „ტერმინ ოკუპაციას ვტოვებ იმ ავტორების სინდისზე, ვინც ეს ტერმინი დოკუმენტებში გამოიყენა. ყველამ იცის, როგორ მოხდა ეს. სააკაშვილმა გასცა იმ ადამიანების დაბომბვის ბრძანება, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებად მიაჩნდა და ამ ხალხმა თავის გადასარჩენად სარდაფებს შეაფარა თავი", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
XS
SM
MD
LG