Accessibility links

logo-print

იორდანიის სამეფოს ინტერესები აფხაზეთში


სოხუმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი შენობა

სოხუმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი შენობა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს ”აფსნიპრესის” ცნობით, აფხაზეთისა და იორდანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატებს შორის გაფორმდა შეთანხმება ”საქმიანი საბჭოს” შექმნის თაობაზე. ეს შეთანხმება ადასტურებს ხელმომწერთა მზადყოფნას, ხელი შეუწყონ იორდანიისა და ოკუპირებული აფხაზეთის საქმიანი წრეების თანამშრომლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. რა ბერკეტები აქვს საქართველოს მსგავსი უკანონო ბიზნესაქტივობების აღსაკვეთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

ცნობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და იორდანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატებს შორის გაფორმებული შეთანხმების თაობაზე 13 იანვარს გამოჩნდა. ”აფსნიპრესი” იუწყება, რომ ხელმძღვანელი პირების დონეზე ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ”მხარეები აპირებენ ხელი შეუწყონ სავაჭრო, ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების განმტკიცებას იორდანიისა და აფხაზეთის საქმიან წრეებს შორის და კომპანიების მოზიდვას ორმხრივი თანამშრომლობისთვის.” ამავე წყაროს ცნობით, იორდანელი სტუმრები იმ დღეს დიდი პატივით მიიღო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ. ითქვა, რომ სოხუმი დიდი იმედებით უყურებს ორი ქვეყნის სამომავლო ბიზნესთანამშრომლობას.

ოფიციალურად იორდანიის ხელისუფლება ასეთ ქმედებებს მხარს არ უჭერს და ეს ერთმნიშვნელოვანია ...
ეს ინფორმაცია გავრცელებისთანავე, 13 იანვარს, შეიტყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიაში ზურაბ ერისთავმა, თუმცა, რადგანაც 13 იანვარი ხუთშაბათი იყო, ხუთშაბათი კი იორდანიაში კვირის ბოლო სამუშაო დღედ ითვლება, საქართველოს საელჩოს შესაბამისი რეაგირების საშუალება ჯერჯერობიოთ არ მიეცა. როგორც ზურაბ ერისთავმა აღნიშნა 14 იანვარს რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას იორდანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატების მესვეურებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს და იგეგმებოდა მათი დელეგაციების მოწვევა საქართველოში, თუმცა ქართულ მხარეს შესაძლოა ამ ურთიერთობების გადახედვა მოუხდეს, ”თუკი ეს მათი მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ჰქონდეთ კავშირი სეპარატისტულ ხელისუფლებასთან, თბილისის გვერდის ავლით.” ერისთავი ამბობს, რომ საელჩოს რეაქცია საკმაოდ პრინციპული იქნება:

”ჩვენ საკმაოდ მკაცრი საუბარი გვექნება მათთან და ამ საკითხებს განვიხილავთ მაღალ დონეზე - სამეფო კარზე, იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ასევე მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში, რომელთანაც ეს პალატები გარკვეულ კავშირში არიან...”

მიუხედავად იმისა, რომ იორდანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატებს გარკვეული კავშირი აქვთ ქვეყნის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსთან, ზურაბ ერისთავი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტის ხაზგასმას, რომ ხსენებული პალატები საზოგადოებრივი სექტორის ნაწილად მიიჩნევა, რომ ისინი მხოლოდ კერძო მეწარმეებს აერთიანებენ და სამთავრობო უწყებებს არ წარმოადგენენ. რაც შეეხება იორდანიის სამეფოს ოფიციალურ პოზიციას, ელჩის განმარტებით, პოზიცია განსხვავებული და კვლავინდებურად მტკიცეა:

”ოფიციალურად იორდანიის ხელისუფლება ასეთ ქმედებებს მხარს არ უჭერს და ეს ერთმნიშვნელოვანია... იორდანიის სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ იორდანიაში არის ჩრდილოკავკასიური დიასპორა, რომელიც საკმაოდ უთანაგრძნობს აფხაზ სეპარატისტებს.”

ეს არის კანონის დარღვევა და ჩვენ შეგვიძლია, როგორც უკანონოდ მოქმედი ასეთი კომპანიის მფლობელის გადაცემა ინტერპოლისთვის, ასევე ამ კომპანიის ანგარიშებზე ყადაღის დადება ...
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიუხედავად, ცალკეული ქვეყნების ბიზნესწრეების მხრიდან არცთუ იშვიათად ვლინდება გარკვეული კავშირების დამყარების მცდელობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, კვლავაც თურქეთი ლიდერობს - მიუხედავად იმისა, რომ ანკარამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით, ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე გააფრთხილა თურქი ბიზნესმენები, რომ ”უკანონოდ მიიჩნევა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი ნებისმიერი კაპიტალდაბანდება აფხაზეთში.”

მსგავს ნაბიჯებს რიგ შემთხვევებში ინფორმაციის ნაკლებობით ხსნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია. მისი თქმით, ქართული მხარის მიერ შესაბამისი ახსნა-განმარტებების მიწოდების შემდეგ ასეთი ტიპის პრობლემები ხშირად საკმაოდ მარტივად აღმოიფხვრება ხოლმე. თუმცა ამა თუ იმ ქვეყნის კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან მიმართებით, რომლებიც არ ემორჩილებიან საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, შოთა მალაშხია ამავე კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ ზომებზე ლაპარაკობს. მოგეხსენებათ, რომ კანონით იკრძალება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისთან შეუთანხმებელი ყველანაირი კომერციული თუ არაკომერციული საქმიანობა, თუკი ის გადაუდებელი არ არის.

”ეს არის კანონის დარღვევა და ჩვენ შეგვიძლია, როგორც უკანონოდ მოქმედი ასეთი კომპანიის მფლობელის გადაცემა ინტერპოლისთვის, ასევე ამ კომპანიის ანგარიშებზე ყადაღის დადება არა მხოლოდ აქ, არამედ საერთაშორისო დონეზეც”, - უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა მალაშხიამ.

თუმცა, როგორც ჩანს, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გარკვეული ურთიერთობების დამყარების მცდელობა მხოლოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს ბიზნესწრეების სათვალავზე არ მოდის. მაგალითად, გასული წლის 10 დეკემბერს სოხუმში, თურმე, სტუმრად იმყოფებოდნენ დომინიკელთა რესპუბლიკის პარლამენტარები. საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, სტუმარმა დეპუტატებმა ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებასთან ”სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის” სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. არადა, დომინიკელთა რესპუბლიკა ერთ-ერთია იმ 23 სახელმწიფოს შორის, რომლებთანაც საქართველომ 2010 წელს ერთგვარი დაჩქარებული წესით დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა, რაც ტერიტორიული საზღვრების ურღვეობის დადასტურებასაც ნიშნავს.
XS
SM
MD
LG