Accessibility links

logo-print
ოკუპირებული გალის, ოჩამჩირის, სოხუმის, გაგრის და გუდაუთის ცენტრალური ბაზრები უკვე წლებია ქართული პროდუქტებით მარაგდება და ამას ის ადამიანებიც ადასტურებენ, რომლებსაც გალის ავტობუსების გაჩერებაზე ზუგდიდში რადიო თავისუფლება გაესაუბრა.

როგორც რესპონდენტები ჰყვებიან, ოკუპირებულ აფხაზეთში საკვები პროდუქტების შეტანა მას შემდეგ გართულდა, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის კონტროლი გაამკაცრეს. ამასთან, როგორც გალელები ამბობენ, მათი მხრიდან ხშირია სურსათითა და ავეჯით დატვირთული მიკროავტობუსების დაკავების ფაქტები, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით და ფულის გამოძალვის მიზნით.

გალელების ცნობით, ოკუპირებული ქალაქების ბაზრები, გარდა ქართულისა, რუსული პროდუქტებითაც მარაგდება, მაგრამ ის გაცილებით ძვირია. ქართული სოფლის ნაწარმიდან აფხაზ დიასახლისებში განსაკუთრებულ მოწონებას ყველი იმსახურებს, ამბობს გალელი ქალი, რომელიც დიდი ხანია სოხუმის ბაზარში ვაჭრობს.

გალელი მოვაჭრეები ამბობენ, რომ, 2008-2009 წლებთან შედარებით, დღეს აფხაზებსა და ქართველებს შორის სამოქალაქო ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. რესპონდენტების თქმით, აფხაზები ხვდებიან, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები მათ ავიწროებენ.

“არასოდეს უთქვამთ ჩვენთვის, სოხუმის ბაზარში რატომ ვაჭრობთ ქართველებიო. პირიქით, აფხაზები მეტ ყურადღებას გვაქცევენ და გვეხმარებიან კიდეც. ომის დროს შვილმკვდარი დედებიც კი კარგად გვექცევიან“, - ჰყვება გალელი ქალი.

გალის მიკროავტობუსში ოჩამჩირელი ქალიც იმყოფებოდა. მან რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაიკეთა და შინ ბრუნდებოდა. ის ამბობს, რომ საავადმყოფოები სოხუმსა და ოჩამჩირეშიც არის, მაგრამ თბილისში მკურნალობა ამჯობინა.

“სოხუმში ექიმებს ვერ ვენდობოდი და გადავწყვიტე ოპერაცია თბილისში გამეკეთებინა. ეს ჩემი არჩევანი იყო. აფხაზები და ქართველები ოჩამჩირეში კარგად ვცხოვრობთ. არ მახსენდება ვინმეს კონფლიქტი ჰქონოდა ეთნიკურ ნიადაგზე. აფხაზებს ქართველები ხშირად მოჰყავთ ოჩამჩირეში და რესტორნებში ქეიფობენ. ასეა პირიქითაც. სიმართლე რომ გითხრათ, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს, არა აქვს მნიშვნელობა ეს აფხაზია თუ ქართველი, ყველა რუსებისთვის მუშაობს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ რუსებმა მთელი აფხაზეთი დიდი ხანია იყიდეს. ჩვენი პატრონი არ არის არც სააკაშვილი და არც ბაღაფში“, - ამბობს ოჩამჩირელი ქალი.

გასული წლის ბოლოს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენლებმა, დემარკაციის მოტივით, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების გავლება დაიწყეს. ე.წ. საზღვრის მონიშვნა კი მანამ გაგრძელდება, ვიდრე მთელი პერიმეტრი პირობითი რკინის კედლით საბოლოოდ არ გაიყოფა.
XS
SM
MD
LG