Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მობილურ ოპერატორებს ტარიფების შემცირება მოუწევთ


მობილურ ოპერატორებს აპრილიდან ტარიფების გაიაფება მოუწევთ. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ ზღვრულ ტარიფს აწესებს. მარტივად თუ ვიტყვით, მობილური ოპერატორები ვალდებულნი ხდებიან წუთის ღირებულება მაქსიმუმ 24 თეთრამდე განსაზღვრონ. მობილური კომპანიები დაწესებულ ტარიფს არ ეთანხმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებენ.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მობილური ოპერატორებისათვის საცალო ტარიფზე ზედა ზღვრის დაწესება არსებული ტარიფის არაგონივრულობის გამო გადაწყვიტა, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კომისიის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ელისო ასანიძე. მისივე თქმით, უკანასკნელ წლებში დაფიქსირდა არათუ ტარიფის შემცირების ტენდენცია, არამედ, პირიქით, ტარიფის ზრდის შემთხვევაც, რაც ხელს უშლიდა ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას.

მარეგულირებელი კომისიის დასკვნით, კომპანია ”მაგთიკომის” ხარჯი, წუთზე გაანგარიშებით, 17,1 თეთრს შეადგენს, „ჯეოსელისა“ კი - 18,8 თეთრს, მაშინ როცა „ჯეოსელის“ ქსელში 1 წუთის ღირებულება 28,8 თეთრია, „მაგთის“ ტარიფი კი - კიდევ უფრო მეტი, 32 თეთრი.

მობილური ოპერატორები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ზღვრული ტარიფის დათვლის მეთოდიკას არ ეთანხმებიან. კომპანია ”ჯეოსელის” მთავარი იურისტი სანდრო სადაღაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ კომისიის საბოლოო სხდომაზე მათ არ მიეცათ იმის საშუალება, რომ კონკრეტული საკითხები განეხილათ. ის მარეგულირებელ კომისიას ტარიფის დათვლის მეთოდს უწუნებს:

”ეს მეთოდი არ არის სტანდარტიზებული. ეს იყო პირველი პრეცედენტი, რომელიც შეიქმნა მარეგულირებელ კომისიასა და მობილურ ოპერატორებს შორის მჭიდრო მუშაობის პროცესში, რაც ბოლომდე არ ითვალისწინებდა ოპერატორის აზრს. ანუ კომისიამ მოითხოვა ოპერატორებისაგან ის ინფორმაცია, რომელიც ტარიფის დასადგენად ჩათვალა საჭიროდ, მაგრამ ოპონირების საშუალება, თუ რა ხარჯები უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და რა მეთოდოლოგიით უნდა დათვლილიყო და დარეგულირებულიყო საბოლოო ტარიფი, სამწუხაროდ, ”ჯეოსელს” არ მიეცა.”

კომპანია ”ჯეოსელის” იურისტს არ ეთანხმება მარეგულირებელი კომისიის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ელისო ასანიძე და ის რადიო თავისუფლებას ტარიფის გამოთვლის მექანიზმზე ესაუბრება:

”ჩვენ გავაკეთეთ დანახარჯების განაწილების მოდელები. კომპანიებმა თვითონ წარმოადგინეს ინფორმაცია. არსებული დანახარჯი განაწილდა მომსახურების ყველა სახეზე, რაც კი არსებობს კომპანიებში და, შედეგად, ხმოვან სატელეფონო მომსახურებაზე მიკუთვნებულმა დანახარჯებმა და მომგებიანობამ ”მაგთისა” და ”ჯეოსელისათვის” შეადგინა 17-დან 18 თეთრამდე. მათი წარმომადგენლები თითქმის ყოველდღე ჩვენთან ერთად მუშაობდნენ. ყველა შეხედულება და მოსაზრება, რაც კი არსებობდა, გათვლილი და გათვალისწინებული იყო და ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებულნი.”

„ჯეოსელის“ მსგავსად, 24 თეთრიანი ტარიფის დადგენას არ ეთანხმება "მაგთიკომი". როგორც კომპანიაში აცხადებენ, მძაფრი კონკურენციის გამო, დღეისთვის ბაზარზე არსებული ტარიფები ისედაც ლიბერალურია და ის არ საჭიროებდა ზედმეტ ჩარევას.”

მერაბ ჯანიაშვილი, ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი
კომპანიები ძალიან მაღალ მოგებაზე მუშაობდნენ და მოსახლეობა არაადეკვატურ ტარიფს იხდიდა, რაც ოფიციალურადაც დადასტურდა, ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი. ის მობილური ოპერატორებისათვის გარკვეული სანქციების დაწესების მომხრეა:

”როდესაც კომისია აღიარებს, რომ კომპანიებს აქვთ ძალიან მაღალი ტარიფი და ისინი მუშაობენ ძალიან მაღალი მოგების მარჟაზე და ამას 15 წლის მანძილზე ახორციელებდნენ, ჩემი აზრით, უბრალოდ უსამართლობაა, რომ მათ მიმართ არანაირი სანქციები არ გატარდა.”

მიუხედავად იმისა, რომ მობილური კომპანიები დაწესებულ 24 თეთრიან ტარიფს არ ეთანხმებიან, აცხადებენ, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებენ. თუმცა, ”ჯეოსელის” იურისტის განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილების საფუძვლიანად შესწავლისა და მასში კომპანიისთვის საზიანო დეტალების აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიაში კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენებას არ გამორიცხავენ. ხოლო თუ საქმე სასამართლომდე არ მივიდა, მობილური ოპერატორებისთვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დაწესებული ახალი ზღვრული ტარიფი - 24 თეთრი - პირველი აპრილიდან შევა ძალაში.
XS
SM
MD
LG