Accessibility links

logo-print
დევნილების მორიგი გამოსახლების თარიღამდე, ანუ 15 იანვრამდე, ორიოდე დღით ადრე რადიო თავისუფლებამ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე # 8 შენობაში შესახლებული დევნილები მოინახულა. სანახევროდ შეკრული ბარგი, ყუთებში ჩაწყობილი ნივთები და გასახლების მოლოდინი - იქ სწორედ ასეთი სურათი და განწყობა დაგვხვდა.

გარეთ ცივა. 13 იანვარია. შენობის წინ მოწყობილ სათამაშო მოედანზე არავინაა. არც შენობის დერეფნებში გვხვდება ვინმე. მხოლოდ აქა-იქ გაბმულ თოკებზე სარეცხია გაფენილი. კედლებზე პლასტმასის ტაშტებია აყუდებული. აბაზანის და ტუალეტის კარი ყველა სართულზე ღიაა. უსიამოვნო სუნი დგას. ზოგ კარს ბოქლომი ადევს და ცარცით იქ მცხოვრები ოჯახის გვარი აწერია. რომელი ოთახიდანაც ხმა გამოდის, იმ კარს ვუახლოვდებით.

ერთ ოთახში ყველაფერი - საწოლები, პატარა მაგიდა, ორი სკამი. ელექტროქურით თბებიან. ერთ თაროზე ჭურჭელი - სამიოდე ფინჯანი, რამდენიმე თეფში.

- იქითაც გაქვთ ოთახი?
- ჰო, პატარა. საწოლები გვიდგას, - გვეუბნება მარი რაზმაძე და დანარჩენი დევნილების მოსაყვანად გადის. არც ერთი კაცი მთელ სამ სართულზე სახლში არ არის. ყველა საშოვარზეა, პურის ფულის საძიებლად.

ოთახში ცხინვალიდან დევნილი სვეტლანა ჭულუხაძე შემოდის:
- რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობთ?
- ორი წელი და ხუთი თვეა უკვე...
- პირველი დღე გახსოვთ, აქ რომ შემოხვედით? რა ხდებოდა?
- რა დაგვავიწყებს!.. აი, ახალი ომის შემდეგ შემოვედით. ოცი წელია დევნილები ვართ. აქამდე ხან ქირით ვცხოვრობდით და არანაირი საშუალება რომ აღარ დაგვრჩა, შემოვედით აქ საცხოვრებლად, დევნილების ახალ ნაკადთან ერთად. ბოლოს და ბოლოს, საქონელი ხომ არა ვართ, ხალხი ვართ...

პატარა შავ-თეთრი ტელევიზორი. იაფფასიანი გადასაფარებლები, აყრილი იატაკი. ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ნივთი - ერთ ოთახში. სივიწროვე. მაგრამ იმას, რასაც და სადაც სთავაზობენ, მაინც აქ ურჩევნიათ.

”ფოცხოო, აბაშაო, სადღაც კიდევ სხვაგან. ერთი სახლი ერთ ადგილას აქვთ, მეორე - სხვაგან... ხომ ვრეკავთ, ვიგებთ, იქ რა სიტუაციაა. ადგილები არ არისო, გვეუბნებიან.”

მარი რაზმაძის ოჯახმა ყველა ნივთი ნაწილ-ნაწილ დიდი გაჭირვებით შეაგროვა:

- აქ არაფერი დაგვხვედრია, მერე მოგვცეს საწოლები... ეს მაგიდა ვიღაცამ გვაჩუქა, ვიღაცამ სკამი გამოიმეტა და ასე...
- როგორია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი, თუ საიდუმლო არ არის?
- მე - არაფერი. რაღაც ეს დახმარების ფული, ოციოდე ლარია... მეუღლე დადის დღიურ სამუშაოზე და... ხანდახან რესტორანში სადმე ჭურჭელს თუ დავრეცხავთ. მერე გეტყვიან, აღარ არის სამსახურიო და ასე...
- ყუთში რა გიწყვიათ? - ვეკითხებით.
- აუცილებელი ნივთები. უცებ რომ მოვიდნენ...

”სულ გვეშინია, გამუდმებით. ხან გვეტყვიან აღარ გაგასახლებენო. ხან - პირიქით. გაურკვევლობის შიში გვაქვს. აქ კიდევ თბილისია. ბოლოს და ბოლოს, ვიღაც შეძლებულ ადამიანს ფანჯრებს გავუწმენდთ და ხუთ ლარს მოგვცემს და იქ? იქ რა უნდა ვქნათ? ნამდვილად სიკვდილი გველის. აქ კიდევ ბავშვები სწავლობენ, ზოგი სკოლაში, ზოგი ბაღში. ამდენი ცვლილება მათ ფსიქიკაზე ხომ მოქმედებს.”

ოთახში თითო-თითოდ შემოდიან მეზობლები. ყველას თავისი გაჭირვება აქვს. ზოგს სახელის თქმა არც უნდა, ისე ლაპარაკობს.

-ახალ წელს როგორ შეხვდით? - გვაინტერესებს, ვეკითხებით.

”არანაირი სადღესასწაულო განწყობა არ გვქონდა და რომ გვითხრეს, 15-მდე გადაგივადეს გასახლებაო, უნდა გენახათ, როგორ ვეხუტებოდით ერთმანეთს.”

არადა, ქალბატონს ოთხი შვილი ჰყავს. სულ პატარა, ლუკა, ოთხი წლისაა. იქვე ახლოს მდებარე ბაღში დადის, უფროსები - სკოლაში. თითქოს ცხოვრება ოდნავ აეწყო:

”ჩემი ქმარი ახლა მუშაობს. ბევრი არაფერი,მაგრამ თავი გაგვაქვს. სულ ასე წოწიალში ვართ, ”ციგნებივით”... აქედან იქეთ, მერე ისევ. ახლა კიდევ სად გვიკრავენ თავს...“

„იქამდე მაინც გაგვაჩერონ, სანამ შენობა გაიყიდება. ზამთარი მაინც გვაცალონ”, - ყველა ამას ამბობს.

ოთხი წლის ლუკა თურმე საღამოობით ასე ლოცულობს:

”არ დაიჯერებთ, ამბობს ხოლმე, ღმერთო, დამიტოვე ეს სახლიო...”

შვიდსულიან ოჯახს შედარებით დიდი ოთახი უჭირავს, სახელდახელოდ გადატიხრული. აქაც ყველგან - ყუთები, ფუთები. უცებ რომ მიხვდები, რომ გასახლებას ყველა ელის. წინააღმდეგობას აზრი არა აქვს.

გვერდით ოთახს დერეფნისგან თხელი ფანერის კედელი ყოფს. აქ კოდორიდან დევნილები ცხოვრობენ. სოფო ფირცხელიანის უმცროსი გოგონა სულ 6 თვისაა.
- რა ჰქვია თქვენს გოგონას?
- ნინო.
- ყველაზე მეტად რა სჭირდება ახლა პატარას?
- რა ვიცი, ყველაფერი - პამპერსი, სველი ხელსახოცები, საკვები...
- ოჯახში ვინ მუშაობს?
- ჩემი მეუღლე. მაგრამ არც არაფერზე არ გვყოფნის ფული. წარმოდგენაც არ მინდა გასახლების დღის...

კიდევ ერთი ქალბატონი გვიერთდება. ბოდიშს იხდის, ახლა გავიღვიძეო: ”ღამით შიშით არ გვძინავს და მხოლოდ გამთენიას გვეძინება ხოლმე. არ მოვიდნენ უცებ”.

მის ოთახშიც იგივე სურათია: შეკრული ჩანთები... ჩალაგებული რამდენიმე ხელი ტანსაცმელი...

დევნილთა მორიგ გამოსახლებას ხელისუფლება 15 იანვრიდან გეგმავს. უზნაძის 8 ნომერში, ისევე როგორც დევნილების სხვა კომპაქტურ ჩასახლებებში, ყოველ წუთს ელიან როდის მოსთხოვენ მათ საცხოვრებლის დატოვებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG