Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა


ტუნისის დედაქალაქში 2011 წლის 14 იანვარს
ტუნისის დედაქალაქში 2011 წლის 14 იანვარს
ტუნისიდან გავრცელებული ინფორმაციით, ტუნისის პრეზიდენტმა, ზინე ალ აბიდინე ბენ ალიმ, ქვეყანა დატოვა. ეს ცნობა სრულიად მოულოდნელია არა მარტო იმის გამო, რომ ბენ ალი 23 წლის მანძილზე რკინის ხელით მართავდა ტუნისს სერიოზული კონკურენციის გარეშე, არამედ იმიტომაც, რომ, უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ახლა კი იუწყებიან, რომ პრემიერ-მინისტრი მუჰამედ განუში შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. ის პირობას დებს, რომ პატივს სცემს კონსტიტუციას და სტაბილურობას აღადგენს ქვეყანაში.

პარასკევს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა მრავალათასიან საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეების წინააღმდეგ. ზოგი დემონსტრანტი ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სახურავზე აძვრა: ეს შენობა ითვლება პრეზიდენტ ბენ ალის მმართველობის სიმბოლოდ. დემონსტრანტები კი ბენ ალის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვდნენ მიუხედავად პრეზიდენტის დაპირებისა, რომ კომპრომისზე წავა საპროტესტო აქციების და არეულობებისთვის ბოლოს მოსაღებად. მანამდე საპროტესტო აქციების დარბევას ტუნისში ათობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა.

ხუთშაბათს პრეზიდენტმა ბენ ალიმ ტელევიზიით მიმართა მოქალაქეებს, მათ სიმშვიდისაკენ მოუწოდა და ბევრ რამეს დაჰპირდა, მათ შორის თავისუფალ მედიას და პირველადი მოხმარების პროდუქტების გაიაფებას.

„მე თქვენ გაგიგეთ, გაგიგეთ ყველას - გმირებს, ღარიბებს, პოლიტიკოსებს. გავიგე, რომ გჭირდებათ მეტი თავისუფლება. მაგრამ მოვლენები, რომელთა მოწმეც დღეს გავხდით ჩვენს ქვეყანაში, მიუღებელია. ნგრევა და ძალადობა არ არის ტუნისელების ტრადიცია. ტუნისელები ცივილიზებული და შემწყნარებელი არიან, ჩვენთვის მიუღებელია ძალადობრივი ქმედება“, განაცხადა პრეზიდენტმა ბენ ალიმ.

ამ ტელემიმართვის შემდეგ, გახარებული ტუნისელები დედაქალაქის ქუჩებში გავიდნენ, ნამდვილი ზეიმი მოჰყვა პრეზიდენტის უპრეცედენტო დაპირებებს, მანამდე რამდენიმე კვირის მანძილზე საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევის შემდეგ.

ტუნისში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მიზეზი პროდუქტების გაძვირებაა, უმუშევრობის მატებასთან, ისევე როგორც ავტორიტარიზმითა და კორუფციით უკმაყოფილებასთან ერთად.

დემონსტრაციებს, რომლებიც ჯერ კიდევ გასულ თვეში დაიწყო პროვინციებში, ხოლო გასულ კვირაში უკვე დედაქალაქს მიაღწია, ბიძგი მისცა 26 წლის ახალგაზრდის ტრაგიკულმა ბედმა. მას, უმაღლესი განათლების მიუხედავად, ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა უწევდა და დეკემბერში თავი მოიკლა (თავი დაიწვა), როცა ვაჭრობის ლიცენზიაზეც უარი უთხრეს. მას შემდეგ, საპროტესტო აქციების დარბევისას, გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა: ოფიციალური ინფორმაციით, 23, თუმცა, უფლებადამცავი ორგანიზაციების ვარაუდით, მსხვერპლი გაცილებით მეტია.

პრეზიდენტ ბენ ალის დაპირებებიდან, რომლებიც მან ხუთშაბათის ტელემიმართვისას მისცა თანამემამულეებს, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო განცხადებამ, რომ ის გადადგებოდა პრეზიდენტობის ამჟამინდელი ვადის 2014 წელს ამოწურვის შემდეგ. კომპრომისისთვის მისი მზადყოფნის გამოცხადებას უმალვე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები: ტელეპროგრამებში და ინტერნეტსაიტებზე გამოჩნდნენ ოპოზიციონერები, რომლებსაც აქამდე არ ეძლეოდათ საჯაროდ გამოჩენის შესაძლებლობა, შეზღუდვების ნაწილი მოეხსნა მედიას.

აშშ-მა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ტუნისში ჩასვლისაგან, ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის გამო. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტული კომპანიები უკვე შეუდგნენ ტუნისში მყოფი ტურისტების ევაკუაციას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG