Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ხელმოწერილი დოკუმენტი და ენერგეტიკაში ევროკავშირის გეგმა


ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, მომავალში აზერბაიჯანიდან „გაზის სოლიდური რაოდენობა ხანგძლივი დროის განმავლობაში“ მიეწოდება ევროპის კავშირის ქვეყნებს.

მსგავს დოკუმენტს დიდხანს ელოდნენ. ხელმოწერილი შეთანხმება, მართალია, არ შეიცავს კონკრეტულ მონაცემებს არც ვადებზე, როდის დაიწყება მიწოდება და რა ხანგძლივობით, არც რაოდენობაზე, მაგრამ ის საფუძველს იძლევა, სულ მცირე, იმაზე ფიქრისა, რომ შეიძლება ევროპის კავშირის გეგმა განხორციელდეს. დოკუმენტში არც იმაზეა ლაპარკი, რომ ეს გაზი „ნაბუქოს“ პროექტის სახით არსებული გაზსადენის საშუალებით გავა ევროპაში. ევროკომიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ დოკუმენტს დიდი გარღვევა უწოდა:

„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის მამოძრავებელი ძალა კარგად აწყობილი ენერგეტიკული თანამშრომლობაა. ჩვენს დელეგაციაშია ენერგეტიკის ევროკომისარი გიუნტერ იოტინგერი. ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი გვქონდა პრეზიდენტ ალიევთან. აზერბაიჯანი მართლაც არის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე ამ სფეროში. ჩვენ დიდად ვაფასებთ აზერბაიჯანის, როგორც სატრანზიტო და მომწოდებელი ქვეყნის, როლს.“

ბრიუსელსა და ბაქოს შორის ამ შეთანხმებით აზერბაიჯანი ვალდებულებას კისრულობს ევროპის კავშირის „სამხრეთის დერეფანი“ - ენერგოსაიმპორტო მარშრუტი -გაზით უზრუნველყოს. დოკუმენტს აფასებს ენერგეტიკის ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი, რომლის თქმითაც, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია „სამხრეთის დერეფნის“ განვითარებაში. მასში არაა ნახსენები „ნაბუქო“, რადგან ევროკავშირის ენერგეტიკული პროექტი, „სამხრეთის დერეფანი“, შეიცავს კიდევ რამდენიმე მილსადენს.

თემურ გოჩიტაშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ამ პროექტს, „სამხრეთის დერეფანს,“ რომლის ფავორიტი არის „ნაბუქო“, აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა მწარმოებლის - აზერბაიჯანის - მხრიდანაც და მომხმარებლის - ევროპის კავშირის - მხრიდანაც. ის, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ამ პროექტს სავსებით ემხრობა, ცნობილია. აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის უთანხმოება, რომელიც აფერხებდა პროექტის განხორციელებას, ასევე მოგვარებულია. ასე რომ, გოჩიტაშვილის თანახმად, გარეგანი ხელშემშლელი ფაქტორები აბსოლუტურად მოხსნილია. რა არის ახლა საკეთებელი, რაღა უდგას საქმეს წინ? ენერგეტიკის ექსპერტის თანახმად, ახლა საქმე უნდა გადაწყვიტონ კომპანიებმა, მათ უნდა გასწიონ გარკვეული კომერციული რისკი და პროექტს აღარაფერი შეუშლის ხელს.

ცნობილია, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში კონკურენტად გამოდის და ამიტომ ცდილობს ევროკავშირის „სამხრეთის დერეფანს“ ხელი შეუშალოს. რუსეთი მალე აამოქმედებს „ჩრდილოეთის ნაკადს“. მაგრამ სამხრეთში „ნაბუქოს“ უშუალო კონკრუნეტია „სამხრეთის ნაკადი“, რომელმაც 2015 წელს უნდა მიაწოდოს გაზი შუა ევროპას. თემურ გოჩიტაშვილის თქმით, თუკი ევროკავშირის „სამხრეთის დერეფნის“ პროექტი არ განხორციელდა, რუსეთი შეძლებს თავისი პოლიტიკური პროექტების ამოქმედებას და ეს, საბოლოოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს „ნაბუქოს“. ცნობილია, რომ აზერბაიჯანს, თავის მხრივ, რუსეთთან ხელშეკრულება აქვს დადებული გაზის შესახებ. თემურ გოჩიტაშვილი განგვიმარტავს, რომ რუსეთთან შეთახმებაც არ გულისხმობს გაზის რაოდენობას და ვადებს. აზერბაიჯანი, ბუნებრივია, ეძებს გადახდისუნარიან პარტნიორს. ცნობილია, რომ რუსეთს გაზი არ სჭირდება. მას თავისი საკმარისად აქვს. რუსეთი ევროპაზე მეტს იმიტომ იხდის, რომ ეს სჭირდება პოლიტიკური თამაშებისთვის, გვითხრა თემურ გოჩიტაშვილმა. აზერბაიჯანისგან რუსეთი გაზს მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის ყიდულობს.

ექსპერტის თქმით, აზერბაიჯანი არ არის იმდენად გულუბრყვილო, რომ თვითონ რისი გასაღებაც შეუძლია, ხელში ჩაუგდოს კონკურენტს, ამ შემთხვევაში - რუსეთს.

რუსეთის ამ მიმართულებით ქმედებას თითქოს ადასტურებს კიდეც პრემიერ-მინისტრ პუტინის სიტყვები, რომ „ნაბუქოს“ მთავარი პრობლემა ნედლეულის ნაკლებობაა. რუსეთი მას არაფერს მიაწვდის, ირანის შესაძლებლობები არაა გამოკვლეული და აზერბაიჯანისა კი მცირეა და იქიდან რუსეთი იღებს გაზს, უთქვამს პუტინს. თემურ გოჩიტაშვილის თქმით, თუ „ნაბუქო“ არ აშენდა, აზერბაიჯანს მეტი საშუალება არ ექნება - ის იძულებული გახდება გაზი მთლიანად რუსეთს მიაწოდოს და ეს უკანასკნელი უკარნახებს მას თავის პირობებს. ესაა ის, რაც მოსკოვმა გაუკეთა თურქმენეთს. თემურ გოჩიტაშვილის თქმით, რუსეთმა თავის საზიანოდ იმოქმედა, როცა თურქმენეთისგან გაზის მიღება შეწყვიტა. ამით მან თვალი აუხილა აზერბაიჯანს, ევროკავშირს და თვითონ თურქმენეთსაც. თურქმენეთი კი, სადაც უკვე აგრძელებენ შეხვედრებს ევროკომისიის დელეგაციის წევრები, ასევეა მომხრე - სულ მცირე, სიტყვით - ევროკავშირის პროექტისა, რადგან მასაც სჭირდება, ასე ვთქვათ, ხელის დამცლელი. რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების შემდეგ თურქმენეთი სასწრაფოდ შეუკავშირდა ჩინეთს და სასწრაფოდ დაასრულეს გაზსადენის მშენებლობა ჩინეთის მიმართულებით.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG