Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის ეჭვები ქართული საბრძოლო არსენალის წარმომავლობაზე


სამხედრო აღლუმი რუსთაველის გამზირზე
სამხედრო აღლუმი რუსთაველის გამზირზე
შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის საბრძოლო იარაღის მიყიდვის თემა რუსეთისათვის კვლავაც აქტუალურია და სხვადასხვა სეზონურ სპეკულაციებს ასაზრდოებს. გასულ კვირას ეს თემა, რუსეთის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ აიტაცა რუსულმა მედიამ, რასაც ვაშინგტონის მხრიდან მეყსეული რეაქცია მოჰყვა.

რუსეთი ორ წელიწადზე მეტია ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები გეგმავს საქართველოს შეიარაღებული ძალების მომარაგებას ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით, ვაშინგტონი კი ცდილობს გადაარწმუნოს კრემლი, რომ მისი ეჭვები უსაფუძვლოა. რუსეთის უსაფუძვლო ეჭვიანობამ შეერთებული შტატების სამხედრო უწყების წარმომადგენელი იმდენად გააღიზიანა, რომ ამ ინფორმაციას რუსულ „რია-ნოვოსტისთან“ ანონიმურ საუბარში „სისულელე“ უწოდა.

თუმცა ამ შემთხვევაში სწორედ ისეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც საქართველოში ალბათ ბევრი ისურვებდა, მართალი იყოს რუსეთი და არა შეერთებული შტატები, ანუ მართალი იყოს ინფორმაცია, რომ „ვაშინგტონი - უფრო ზუსტად, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ და სენატორი ჯონ მაკკეინი - საქართველოს დაჰპირდა ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მიყიდვას“, მესამე ქვეყნების გავლით.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს საქართველომ დაკარგა რეზერვების უდიდესი ნაწილი, მათ შორის, ჯავშანმანქანების 30%, ამერიკული წარმოების AR-15 ტიპის კარაბინების 40% და საჰაერო თავდაცვის საშუალებების დაახლოებით 60%.
იარაღის მოწოდება მართლაც რეალური ჩანდა რუსეთის ოკუპაციის შემდგომი დამაიმედებელი განცხადებებისა და პენტაგონის სამხედრო მაღალჩინოსნების თბილისში ვიზიტების შემდეგ. საქართველოსათვის თავდაცვის იარაღის მიწოდების აუცილებლობაში ვაშინგტონს არწმუნებდა შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი, რომლის საიდუმლო ტელეგრამები ინტერნეტგამოცემა „ვიკილიკსმა“ გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნა.

ჯერ კიდევ 2009 წლის ივნისში გაგზავნილ ერთ-ერთ საიდუმლო ტელეგრამაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში თავის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აცნობს იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც საქართველოს ხელისუფლებას სასიცოცხლოდ აუცილებლად მიაჩნია ქვეყნის დასაცავად:

„საქართველოს სურს განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, რადგან ის, რაც აქვს, არასაკმარისია საჰაერო სივრცის კონტროლისა თუ რომელიმე მეზობელი ქვეყნისაგან მომდინარე აგრესიის შესაკავებლად. საქართველოს არსებული ოპერატიული გათვლა მდგომარეობს იმაში, რომ თუკი ისინი შეძლებენ 72 საათის განმავლობაში დაიცვან თბილისი, შემდგომში მოწინააღმდეგის წინსვლის შეჩერება საერთაშორისო ზეწოლით მოხერხდება.“

უფრო ადრინდელ საიდუმლო დიპლომატიურ ეპისტოლეში ჯონ ტეფტი მიუთითებს იმაზეც, რომ საქართველოს არა აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს შესყიდვები განადგურებული საბრძოლო ტექნიკის სანაცვლოდ. დეპეშა შეიცავს ასევე რუსეთთან ხუთდღიან ომში საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ განცდილი დანაკარგის ჩამონათვალს:

დანაკარგების შევსება არ მომხდარა. ჩვენ ინფორმირებულნი ვართ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მხოლოდ ორგზის მოხდა ლეტალური ტექნიკის მიწოდება საქართველოსათვის ...
„2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს საქართველომ დაკარგა რეზერვების უდიდესი ნაწილი, მათ შორის, ჯავშანმანქანების 30%, ამერიკული წარმოების AR-15 ტიპის კარაბინების 40% და საჰაერო თავდაცვის საშუალებების დაახლოებით 60%.“

სხვათა შორის, ამერიკელი დიპლომატის საიდუმლო ტელეგრამებში საუბარია რუსულ ტყუილზე, რასაც, როგორც სიუჟეტის დასაწყისში
ითქვა, ლამის პერმანენტული ხასიათი აქვს. საიდუმლო ტელეგრამებში ტეფტი მიუთითებს იმაზეც, რომ საქართველოს არა აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს შესყიდვები განადგურებული საბრძოლო ტექნიკის სანაცვლოდ. ამერიკელი დიპლომატი „ტყუილს“ უწოდებს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, თითქოს 2009 წლის ივნისისათვის „საქართველოს ჰქონოდეს უფრო მეტი სამხედრო შესაძლებლობები, ვიდრე ჰქონდა 2008 წლის აგვისტომდე“.

იმის საილუსტრაციოდ, რომ საქართველოში საზღვარგარეთიდან იარაღის მიწოდება შეჩერებული იყო თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ჯონ ტეფტს ასეთი მონაცემები მოაქვს:

„დანაკარგების შევსება არ მომხდარა. ჩვენ ინფორმირებულნი ვართ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მხოლოდ ორგზის მოხდა ლეტალური ტექნიკის მიწოდება საქართველოსათვის. ერთ შემთხვევაში ეს იყო თურქეთის ფირმის მიერ „ეჯდერის“ ტიპის ქვეითთა ჯავშანტრანსპორტიორები, ომამდე დადებული კონტრაქტის საფუძველზე, ასევე ე.წ. „ჰამერის“ ტიპის 16 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, 2007 წელს დაწყებული პროგრამის შესაბამისად.“

ჯონ ტეფტი იქვე მიუთითებს, ჯავშანმანქანები განკუთვნილია ავღანეთში გასაგზავნი საქართველოს ქვედანაყოფისათვის და მათი შესყიდვა დააფინანსა „კოალიციის მხარდამჭერმა ფონდმაო.“

მოკლედ ასეთია საქართველოსათვის არმიწოდებული ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის ისტორია. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთის შიში გამართლდეს და თვალსაწიერ მომავალში საქართველომ მიიღოს თავდაცვითი იარაღი. ოღონდ მანამდე თავად ქართული არმიის ხელმძღვანელობა უნდა ჩამოყალიბდეს იმაში, სჭირდება თუ არა მას ასეთი იარაღი და ჰყავს თუ არა მას პროფესიონალები, რომლებსაც მაღალტექნოლოგიური იარაღის უსაფრთხოდ გამოყენება შეუძლიათ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG