Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილების გასახლების მოლოდინი და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი


დევნილთა საპროტესტო აქცია პარლამენტთან
დევნილთა საპროტესტო აქცია პარლამენტთან
ქვეყანაში გასულ კვირას მიმდინარე პროცესების დიდი ნაწილი დევნილთა გარშემო ტრიალებდა. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და თავად დევნილები ელოდნენ 15 იანვარს, როდესაც, როგორც მანამდე იყო გამოცხადებული, უნდა განახლებულიყო დევნილთა იძულებითი გამოსახლება მათ მიერ დაკავებული შენობებიდან.

კვირის დასაწყისში პოლიტიკურმა პარტია ”ქართულმა დასმა” გამოსახლების პროცესის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, ანტიკრიზისული საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა. მონიტორინგმა, “ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, დევნილთა ორი მთავარი პრობლემა გამოკვეთა: არასწორად გაცემული კომპენსაციები და დევნილის სტატუსი, რომლის მინიჭებაც ხელისუფლებამ ომის შემდეგ უსაშველოდ გაწელა.

ჯონდი ბაღათურიას რადიო თავისუფლებასთან საუბარში პასუხი გასცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა, რომელმაც თქვა, რომ კომპენსაციები დეკემბერში უკვე გაიცა და დასაკმაყოფილებელი მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დარჩა, რაც იანვარში მოხდებაო. სუბელიანმა ასევე აბსურდული უწოდა ბრალდებას დევნილის სტატუსის მინიჭების პროცესის ხელოვნურად გახანგრძლივების შესახებ.

სუბელიანის განცხადებების მიუხედავად, საპროტესტო აქციები მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შაბათს ჩატარდა პარლამენტის შენობის წინ, სადაც 300-მდე მომიტინგე შეიკრიბა.

დევნილები მყარ გარანტიებს და კომპენსაციებს მოითხოვენ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში კი არ აკონკრეტებენ, როდის განახლდება გამოსახლების პროცესი.

გასულ კვირას სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილმა წევრმა, ოსთა ეროვნული ხსნის კავშირის თავმჯდომარემ და აქცია “კოკოითი ფანდარასტის” ხელმძღვანელმა ვლადიმერ სანაკოევმა განაცხადა, რომ ის საქართველოში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებებს ასრულებდა. სანაკოევის განცხადებით, საქართველოში მისი საქმიანობის მთავარი ამოცანა იყო არ დაეშვა საომარი მოქმედებების დაწყება. იგი თავის დამსახურებად მიიჩნევს საქმიანობიდან ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოშორებას და „პროექტ ვანო მერაბიშვილის“ ამოქმედებას. მისივე მტკიცებით, ოქრუაშვილი რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო, იგი ძალის გამოყენებით შეძლებდა ცხინვალის დამორჩილებას და რუსეთი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას ვერ მიიღებდა. სანაკოევმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ცხინვალში მისი, როგორც მოღალატის, ლიკვიდაციის გეგმა მუშავდებოდა, მან ეს ინფორმაცია წინასწარ მიიღო და აღსარების წერილის გამოქვეყნებაც ამიტომ გადაწყვიტა:

გასულ კვირას „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენმა“ და „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ გამოაქვეყნეს მსოფლიოში "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2011”, რომელშიც საქართველომ 29-ე ადგილი დაიკავა. მასში შესული 183 ქვეყანა თავისუფლების ათი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვითაა განხილული. შარშან საქართველოს უკეთესი, 26-ე, პოზიცია ეჭირა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ქულა შარშანაც და წელსაც საქართველოს ერთნაირი მიენიჭა. რეიტინგში 3 ადგილის დაკარგვა კი სხვა ქვეყნების მაჩვენებლების გაუმჯობესებამ გამოიწვია.

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ აღწერს არა ქვეყნებში არსებულ ცხოვრების დონეს, არამედ იმ საკანონმდებლო გარემოს შეისწავლის, რომელიც ეკონომიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ ერთ-ერთი ავტორი, რობერტ ლოუსონი, საქართველოს ურჩევს ეკონომიკური თავისუფლების გზას არ გადაუხვიოს.

კვირის ბოლოს კი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ვაშინგტონში შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას. თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ობამას და სააკაშვილის საუბარს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც შეუერთდა. მანამდე სამივე ლიდერი დაესწრო ცნობილი ამერიკელი დიპლომატის, რიჩარდ ჰოლბრუკისადმი მიძღვნილ ცერემონიას. ჰოლბრუკი დეკემბერში გარდაიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ობამამ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ვაშინგტონში ჩასვლისა და ჰოლბრუკისათვის გარდაცვალების შემდეგ ჯილდოს მინიჭების ცერემონიაზე დასწრებისათვის. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ძალისხმევა ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის ზრდის მიმართულებით. განიხილეს აგრეთვე „კავკასიაში უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევები“ და მრავალეროვანი ძალების მუშაობა ავღანეთში, სადაც საქართველო თითქმის 1000-კაციანი სამხედრო კონტინგენტით არის წარმოდგენილი.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG