Accessibility links

logo-print

ტუნისის პრეზიდენტის სასახლესთან შეტაკება მოხდა


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შეტაკება მოხდა ტუნისის პრეზიდენტის სასახლესთან, რომელიც დედაქალაქის ჩრდილოეთით, 15-მდე კილომეტრში მდებარეობს. როიტერსი და ასოშიეიტიდ-პრესი იუწყებიან სამხედროებსა და დამხობილ პრეზიდენტ ზინ ალ-აბიდინ ბენ ალის ერთგულ მცველებს შორის ურთიერთსროლის შესახებ. ორი საინფორმაციო სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობისა და თვითმხილველებისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იტყობინება სასახლის გარშემო ინტენსიური და ხანგრძლივი სროლის შესახებ. მანამდე ტუნისის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომ უშიშროების ძალებმა დღეს საღამოს რამდენიმე შეიარაღებული პირი მოკლეს დედაქალაქში. ამ წყაროს მიხედვით, ზოგი შეიარაღებული პირი შენობების სახურავებიდან ესროდა უშიშროების ძალებს. დღისით კი ტუნისში შედარებით მშვიდი ვითარება იყო. წამყვანი პარტიები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაზე მას შემდეგ, რაც დამხობილმა პრეზიდენტმა ბენ ალიმ 14 იანვარს ქვეყანა დატოვა და ბოლო მოეღო ტუნისში მის 23-წლიან ავტორიტარულ მმართველობას. ახლა პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე, ფუად მებაზა. ტუნისის კონსტიტუციით, 60-დღიან ვადაში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG