Accessibility links

logo-print
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მეწარმეებს ახალ მომსახურებას სთავაზობს. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, რთული ოპერაციების განხორციელების წინ, შეცდომების გამოსარიცხად, მეწარმეს შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურს და ეგრეთ წოდებული გადასახადების წინასწარი მართვის მომსახურებით ისარგებლოს.

სიახლეს იწონებენ როგორც მეწარმეები, ასევე ეკონომიკის ექსპერტები, თუმცა „მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ მომსახურების საფასური - 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე - ძალიან მაღალია და მცირე მეწარმეებს სერვისს მიღმა ტოვებს. ასოციაცია მომსახურების გაიაფებას ითხოვს, ფინანსთა სამინისტრო კი არაფრის შეცვლას არ აპირებს.
ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი

საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის შესახებ პირველი განცხადება ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ შარშან პარლამენტში გამართულ ერთ-ერთ საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა. კახა ბაინდურაშვილის თქმით, დღეს უკვე ძალაში შესული ცვლილების მიხედვით, შემოსავლების სამსახური გადამხდელის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების თაობაზე.

„საგადასახადო ორგანოდან მიღებული პასუხი იქნება ნორმატიული აქტის ძალის მქონე. რას ნიშნავს ეს? საგადასახადო ინსპექცია ვეღარ მივა ხვალ მეწარმესთან და ვერ ეტყვის, რომ შენ არასწორად იხდიდი გადასახადებს“, - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.
ამ სერვისის ღირებულებაა ძალიან ძვირი. თუ რამე სერვისს აწარმოებს საგადასახადო ორგანო, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. არ შეიძლება გადამხდელები დავყოთ იმის მიხედვით, ვის მეტი შემოსავალი აქვს და ვის - ნაკლები...

წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის წესი და პირობები, საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა. 5-მილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანიისთვის მომსახურება 5 ათასი ლარია, 5 მილიონზე მეტი ბრუნვის მქონესთვის კი - 10 ათასი ლარი. „მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ მსხვილი კომპანიებისათვის აღნიშნული თანხის გადახდა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ მცირე საწარმოებისათვის 5 და 10 ათასი ლარი დაუძლეველი ტვირთია. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან კალანდაძის თქმით, თანხის შემცირებით სიახლის ეფექტიანობა ამაღლდება:

„თავისთავად ეს სერვისი არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვნად უმარტივებს გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობას წინასწარ დაგეგმონ საგადასახადო წელი. ეს ბიზნესის წარმოების პროცედურებისა და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც ძალიან პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, ამ სერვისის ღირებულება ძალიან ძვირია. თუ რამე სერვისს აწარმოებს საგადასახადო ორგანო, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. არ შეიძლება გადამხდელები დავყოთ იმის მიხედვით, ვის მეტი შემოსავალი აქვს და ვის - ნაკლები“.

„მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ კრიტიკის პასუხად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ წინასწარ გადაწყვეტილებას, რომელსაც კანონის ძალა აქვს, როგორც წესი, დიდი და სპეციფიკური ბიზნესის წარმომადგენლები უკვეთენ. სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია ამბობს:

„თქვენ, ალბათ, გახსოვთ „მაგთი“ და „ჯეოსელი“... კომუნიკაციების სფერო არის რთული. ამიტომ ეს კომპანიები დაინტერესდნენ იმით, თუ როგორ მოეხდინათ თავიანთი კონკრეტული ოპერაციების კანონთან შესაბამისად დაბეგვრა. ამ გადაწყვეტილებას რეალურად აქვს კანონის ძალა და ის განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესისთვის არის საჭირო“.
მიკრობიზნესი საერთოდ გათავისუფლებულია ყველა გადასახადისაგან და, მათ შორის, სალაროს აპარატის შეძენის ვალდებულებისგანაც. მცირე მეწარმე კი იხდის მხოლოდ ერთ გადასახადს...

შედარებით მარტივი სფეროა მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელსაც, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ჩახვაძე ამბობს, სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ზრუნვა და ხელშეწყობა სჭირდება. ცხადია, მცირე მეწარმეებს უჭირთ წინასწარი გადაწყვეტილების სერვისით სარგებლობა, თუმცა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია ამბობს, რომ რეალურად მცირე მეწარმეებს არც სჭირდებათ წინასწარი გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ წინასწარი განმარტება არ ეხება მუხლების განმარტებას.

„მცირე და საშუალო ბიზნესს განმარტება არ სჭირდება. ჩვენი საგადასახადო კოდექსი იცნობს მცირე და მიკრომეწარმეს. მიკრობიზნესი საერთოდ გათავისუფლებულია ყველა გადასახადისაგან და, მათ შორის, სალაროს აპარატის შეძენის ვალდებულებისგანაც. მცირე მეწარმე კი იხდის მხოლოდ ერთ გადასახადს. ეს არის ბრუნვის გადასახადი და საქმე გვაქვს არითმეტიკასთან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ცხაკაიამ.
XS
SM
MD
LG