Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კავშირშია მედიკამენტების ფასების ზრდასთან აფთიაქების ვიდეოკონტროლი


არასამთავრობო ორგანიზაციები ჯანდაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის N397 ბრძანებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სანიტარულ-ჰიგიენურ-ტექნიკური პირობების ნორმად ვიდეოსათვალთვალო სისტემაა მიჩნეული და აფთიაქებს ევალებათ ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრზე ორი ვიდეოკამერის დამონტაჟება - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული ვიდეოარქივის წვდომის უფლებით. ამ პირობის შესრულება პირველი თებერვლიდან თბილისში მოქმედ 1227 აფთიაქს ევალება. მხოლოდ თბილისში პროექტის საინვესტიციო ღირებულება 9 მილიონი ლარია, რაც, ექსპერტთა შეფასებით, მედიკამენტების ფასებს გაზრდის.

”მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ბრძანება არაეთიკურია, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის ობიექტებში არ უნდა აწესებდეს ჯანდაცვის პერსონალისა და მომხმარებლის ურთიერთობის ვიდეოთვალთვალს. ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მოსალოდნელ გაზრდაზე კი პასუხისმგებლობა ჯანდაცვის მინისტრს დაეკისრება...”

ეს გახლავთ ნაწყვეტი არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილის მიერ მომზადებული განცხადებიდან, რომელიც, როგორც „კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის“ წარმომადგენელი ირინა ფუტკარაძე განმარტავს, ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას გაეგზავნება. ბრძანება, რომელიც ძალაში თებერვლიდან უნდა შევიდეს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეფასებით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლით დაცულ ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას.
ვიდეოკონტროლის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლთა პრესკონფერენცია

”არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია შეზღუდოს პირადი ცხოვრების უფლება, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაზარალდეს კერძო ინტერესი და დაცული იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. უნდა განჭვრიტონ რა შედეგებს მოიტანს ესა თუ ის ნორმატიული აქტი მათი შემოღების შემდეგ”, - ასეთია ორგანიზაცია ”ახალგაზრდები სამართლიანობისთვის” წარმომადგენლის ნიკა კვარაცხელიას შეფასება.
ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციის სისტემა არ იცნობს ვიდეოთვალთვალის ინსტრუმენტს...

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი თინათინ ტურძილაძე, დაბეჯითებით ამბობს, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციის პრაქტიკაში ვიდეოთვალთვალის ინსტრუმენტი, უბრალოდ, არ არსებობს. ის არგუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ეხებოდეს მკაცრი აღრიცხვის წამლების კონტროლს, თინა ტურძილაძისათვის მეტად სუსტია და ის განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში მსგავს მედიკამენტებზე ზედამხედველობა მათი საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვით ხდება და ვიდეოკონტროლთან კავშირი არა აქვს; ხოლო თუ ამ ბრძანების საჭიროება საზოგადოებრივი კონტროლის საჭიროებით აიხსნება, ამ შემთხვევაშიც მას უარყოფითი შედეგი მეტი ექნება, ვიდრე პირიქით:

”ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციის სისტემა არ იცნობს ვიდეოთვალთვალის ინსტრუმენტს. ეს არ ხდება ჯანდაცვის გაუმჯობესებისათვის და, მეტიც, მას არანაირი კავშირი არა აქვს ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან. ჩვენი გათვლებით, თითოეულ აფთიაქს ამ პროექტის განხორციელება 7 000 ლარი უჯდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მოთხოვნა თბილისში არსებულ 1 227 აფთიაქზე ვრცელდება, გამოდის, რომ პროექტის ღირებულება 9 მილიონი ლარია, რაც პირდაპირ აისახება წამლის ფასზე. ანუ გამოდის, ჩვენ უმთავრესს ვშორდებით - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. ამას მოჰყვება ისიც, რომ პატარა აფთიაქები, უბრალოდ, დაიხურება და შეიზღუდება ის კონკურენციაც, რომელიც თითქოსდა დეკლარირებული იყო 2009 წელს მიღებული კანონმდებლობით“.

ფარმაცევტული კომპანიების მფლობელები თავს იკავებენ შეაფასონ აღნიშნული ბრძანება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, თუმცა ვერ ხედავენ დამატებით ვიდეოთვალთვალის სისტემების დამონტაჟების აუცილებლობას, მით უმეტეს, რომ შიდა ვიდეოკონტროლი ყველა ავტორიზებულ აფთიაქს აქვს. კომპანია ”ეი ბი სი ფარმაციის“ დირექტორი ენრიკო ბერიძე გვეუბნება, რომ დამატებით კონტროლის საჭიროებას ის ვერ ხედავს, თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ წავა:
წარმოიდგინეთ, პატარა აფთიაქს რომ ეტყვიან 14 000 ლარი გადაიხადეო (ორი კამერის საფასური), როგორ გადაიხდის ის?..

”რადგან ეს კამერები ქალაქს სჭირდება და კონკრეტულ უწყებას საზოგადოებრივი წესრიგის კონტროლისათვის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის და არც ჩვენი ბიზნესისთვისაა საჭირო, მაგრამ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ მივდივართ. არც ამ კამერებისათვის საჭირო თანხის გაღების წინააღმდეგნი ვართ, ოღონდ იმ პირობით, რომ საგადასახადო გადასახადებიდან ეს დაგვექვითება”.

თუ, სიტყვაზე, კომპანიას 15 აფთიაქი აქვს და ყველგან 7 000 ლარიანი კამერა უნდა დაამონტაჟოს, ეს ნიშნავს, რომ კომპანიის ხარჯი 105 000 ლარი იქნება, რაც, ენრიკო ბერიძის ვარაუდით, აუცილებლად გაზრდის მედიკამენტებზე ფასს. პატარა აფთიაქების არსებობას კი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს:

”ეს 105 000 ლარი საიდან უნდა ამოვიღოთ ჩვენ? რა თქმა უნდა, მედიკამენტებს უნდა დავარიცხოთ და იქიდან მოხდეს ჩვენი ხარჯების კომპენსირება, ჩვენ, არავის, სახლში ეს ფული არ გვიდევს... და წარმოიდგინეთ, პატარა აფთიაქს რომ ეტყვიან 14 000 ლარი გადაიხადეო (ორი კამერის საფასური), როგორ გადაიხდის ის?”

ჯერჯერობით არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ამ საკითხზე კომენტარებს არ აკეთებენ.

ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქების მფლობელები მინისტრის ბრძანებას არ დაემორჩილებიან, ისინი პირველ ეტაპზე 1 000 ლარით დაჯარიმდებიან, შემდეგ კი ჯარიმის რაოდენობა გაიზრდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG