Accessibility links

logo-print
”24 საათი” პარიზში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთ-საქართველოს ომისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის თემაზე ორგანიზებულ კონფერენციაზე წერს. საქართველოს დელეგაციის არმონაწილეობის მიზეზების განხილვას ავტორი ასე ასრულებს: ”17 იანვარს დანიშნულ მოსმენას მაშინ ექნება აზრი, როდესაც იქნება მკაფიო გარანტია, რომ ამგვარ მოსმენებს რეალური შედეგები მოჰყვება რუსეთის მიერ ასამბლეის რეზოლუციების შესრულების სახით. გარანტიებს კი შექმნის ასამბლეის მიერ საკუთარი გადაწყვეტილებების უგულებელმყოფთათვის საკადრისი პასუხის გაცემა.”

”მთელი კვირა” აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ გია ნოდიასთან. საუბარი ეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის საკითხებს. ნოდია თვლის, რომ საქართველოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა, ”ზოგადად, დადებითი მოვლენაა”, მაგრამ არ არის იმის თქმის საფუძველი, რომ ეს შეხვედრა რაიმე ”გადატრიალებას” მოახდენს. ჟურნალისტი ნოდიას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალზეც ეკითხება: ”მიხეილ სააკაშვილი ბოლო დღეს ელოდება იმის გადასაწყვეტად, რას იზამს პრეზიდენტობის შემდეგ? გარკვეული გეგმები მას უკვე ექნება...”. გია ნოდიას პასუხი: ”არ ვიცი. საიდან უნდა ვიცოდე მიხეილ სააკაშვილის თავში რა ხდება? რამდენადაც მე მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ, მგონია, რომ მას კონკრეტული გეგმები, რას იზამს პრეზიდენტობის მერე, არ აქვს. ბოლო დღეს თუ არა, ის ბოლოს წინა დღეს მაინც დაელოდება და მერე მიიღებს გადაწყვეტილებას.”

”მთელი კვირა” დღეს წერს იმის შესახებაც, რომ ახალი წლის დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ თედო ჯაფარიძესა და მის მეუღლეს დიპლომატიური პასპორტები შეუჩერა. გაზეთის თანახმად, თავად თედო ჯაფარიძისთვის ”ამ ქმედების ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის”.

”ვერსია” განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სკოლების დაფინანსების შესახებ ელაპარაკა. დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ დაფინანსების ახალი ფორმულის შემუშავებისთვის თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტები.

”სომხები 653 ეკლესიას გვედავებიან” - ამ სათაურს ”ახალი თაობის” პირველ გვერდზე ნახავთ. ჟურნალისტი წერს: ”სომეხი მეცნიერი სამველ კარაპეტიანი ქართულ ძეგლებს ძალიან ცუდი თვალით უყურებს. რამდენიმე წლის წინ მან გამოსცა რუკა-ცნობარი, სადაც ამტკიცებს, რომ მარტო აღმოსავლეთ საქართველოში 653 სომხური ეკლესია დგას. მოგვიანებით მან სამების საკათედრო ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით გაინერვიულა თავი. რამდენიმე დღის წინ კი ტაო-კლარჯეთში არსებულ ძეგლებზე გამოთქვა პრეტენზია.”

დღევანდელი ”კვირის პალიტრა” ვლადიმერ სანაკოევის ამბავს ეხმაურება სტატიაში, სათაურით ”ფანდარასტი 007”. ავტორი სანაკოევის წერილის ზოგიერთ დეტალს ეხება და ბოლოს წერს: ”ყველაზე რეალური ვერსია ის არის, რომ სანაკოევს რუსეთში ჩასვლის შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდებოდა. მას საქართველოში ძალიან კარგი ხელფასი ჰქონდა, რუსეთში კი, ალბათ, მანქანების მრეცხავადაც არ ამუშავებენ; შესაძლოა, იქაურმა ოსებმა მოღალატის იარლიყიც მიაკერეს, ამიტომ რეაბილიტაციისათვის შეთხზა ისტორია "ფანდარასტ 007"-ზე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ ქარს გავატანეთ ის მილიონობით დოლარი, რაც 2006-2010 წლებში ამ ადამიანების შენახვაში დავხარჯეთ (სანაკოევზე დიდი ხელფასი ძმებ ქარქუსოვებს ჰქონდათ, რომლებიც 2008 წელს რუსეთში გაიქცნენ და ფაშისტურ ზრახვებში გვამხილეს). და თუ სანაკოევი მართლა იყო რუსული სპეცსამსახურების აგენტი, ჩვენ ვანოსთან კი არა, ისევ ვანიასთან გვექნება პრეტენზია - კარგით რა, აშშ-ში ტოპმოდელ ანა ჩეპმენს გზავნით და ჩვენთან - წვერებიან სანაკოევს?” - წერს ”კვირის პალიტრის” ავტორი.

”ჩვენ არ ვაპირებთ 2012 წლამდე ამ პროცესის გაწელვას”, - ხელისუფლების შეცვლაზე ამბობს ნინო ბურჯანაძე ინტერვიუში, რომელსაც ”ასავალ-დასავალი” აქვეყნებს, და განაგრძობს: ”ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა თქვა, რომ 2011 წელს უნდა დასრულდეს ამ ხელისუფლების შეცვლის პროცესი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, მაგრამ საზოგადოებამაც უნდა მოინდომოს! ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული!” - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

”კვირის ქრონიკა” დევნილობაში მყოფ ვალერი გელბახიანთან ინტერვიუს უთმობს გაზეთის ორ გვერდს. ის 2007 წლის შემოდგომის ამბებს იხსენებს და ამბობს: ”ლევან გაჩეჩილაძის, როგორც სპრეზიდენტო კანდიდატის, შტაბის წარმომადგენლები პატარკაციშვილისგან ითხოვდნენ არა მარტო იმას, რომ ბადრის მოეხსნა თავისი კანდიდატურა, არამედ ფინანსურ დახმარებასაც.” გელბახიანი ამბობს, რომ 2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ბადრი პატარკაციშვილის დავალებით, ”ეროვნული საბჭოსთვის” ”10 მილიონზე მეტი იყო გაღებული”.
XS
SM
MD
LG