Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პროტესტი ევროსაბჭოს?


საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ საგანგებო მოსმენაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნებოდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის დიკ მარტის მიერ ორგანიზებული მოსმენა 17 იანვარს პარიზში დახურულ კარს მიღმა თბილისის დროით 12 საათზე დაიწყო და 9-ის ნახევარზე დასრულდა. რატომ თქვა საქართველომ ბევრისთვის მოულოდნელად უარი შეხვედრაში მონაწილეობაზე და რა მისამართით გამოიხატა პროტესტი?
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე დიკ მარტი თბილისში ყოფნის დროს

მართალია, საქართველოს უარის შესახებ 17 იანვარს დილით გახდა ცნობილი, მაგრამ, როგორც ირკვევა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას თბილისმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის ბოლოს აცნობა, რომ პარიზში ჩასვლას არ აპირებდა. ეს გადაწყვეტილება აშკარად მოულოდნელი იყო მათთვის, ვისაც ახსოვს, რომ 20 დეკემბერს, როდესაც პარიზის შეხვედრის მთავარი ინიციატორი - დიკ მარტი - თბილისში ჩამოვიდა, საქართველოს მხარე მაშინ აშკარად თანახმა იყო პარიზის შეხვედრაში მონაწილეობაზე. გავიხსენოთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე დეკემბერში მოსკოვსა და თბილისს სწორედ პარიზის შეხვედრის ორგანიზების მიზნით თავად ეწვია.
ამ ყველაფერმა ორგანიზების პროცესში მიიღო ისეთი სახე, რომ თითქოს მარტო ჰუმანიტარულ საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა მაშინ, როდესაც ძალზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნაწილი...

წინადადება იმის შესახებ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები მაღალი დონის გაფართოებულ შეხვედრაზე განხილულიყო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ დიკ მარტიმ ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში წამოაყენა. ითქვა, რომ ასეთი საგანგებო შეხვედრა სიტუაციის ”მკვდარი წერტილიდან” დასაძრავად იყო საჭირო. აქვე გავიხსენოთ, რომ, რუსეთისა და საქართველოს მხარეების გარდა, დიკ მარტი ამ შეხვედრის მონაწილეებად განიხილავდა ყველა იმ ორგანიზაციასა თუ ელჩს, რომლებიც ამჟამად მუშაობენ ან ერთ დროს უმუშავიათ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებულ თემებზე. მათ შორის არიან, მაგალითად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები, საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი, თუ ომთან დაკავშირებული საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, ელჩი ჰაიდი ტალიავინი.

რა შეიცვალა 20 დეკემბრის შემდეგ და რატომ თქვა საქართველომ უარი რუსეთთან ომის შედეგების განხილვაზე?

”კი, ბატონოო, - ვუთხარით... მაგრამ ამ ყველაფერმა ორგანიზების პროცესში მიიღო ისეთი სახე, რომ თითქოს მარტო ჰუმანიტარულ საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა მაშინ, როდესაც ძალზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნაწილი... იმისათვის, რომ მკაფიოდ გვეთქვა, ჩვენ ამოვდივართ რეზოლუციებიდან, რაც არის არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების გამომხატველი პოზიცია, არამედ ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაცვის პოზიციაც, და ადამიანების შეცდომაში შემყვან თამაშებზე უარს ვამბობთ - ამ პოზიციის გამოსახატავად ვთქვით უარი ამ კონკრეტულ კონსულტაციებში მონაწილეობაზე...” - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დავით დარჩიაშვილმა.

როგორც დარჩიაშვილის კომენტარიდან ვიგებთ, საქართველომ უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ პარიზის შეხვედრაზე არ იგეგმებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2008-2009 წლებში მიღებული რეზოლუციების შესრულების საკითხი. არადა, თავად ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობა გვატყობინებს, რომ ჰუმანიტარული ასპექტების გარდა, პარიზის საგანგებო მოსმენაზე მონაწილეები ”რეზოლუციების შესრულების” საკითხის გარშემოც იმსჯელებდნენ. რადგანაც მოსმენა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და დეტალების გახმაურების ალბათობა ძალიან მცირეა, ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, ხომ არ აჯობებდა, რომ ქართული დელეგაცია მაინც დასწრებოდა ამ შეხვედრას, ყველაფერი მოესმინა და საკუთარი პოზიციაც სწორედ იქ დაეფიქსირებინა?
ზოგიერთმა ევროპელმა დეპუტატმა უნდა გაიგოს, რომ ჰუმანიტარული საკითხები პოლიტიკურის გარეშე არ წყდება...

ხსენებულ შეხვედრაში მონაწილეობას აბსოლუტურად აზრსმოკლებულად თვლის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში, ამ პოსტზე ახლად დამტკიცებული მამუკა ჟღენტი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამბობს, რომ რუსეთის მისამართით მიღებული რამდენიმე უმკაცრესი რეზოლუციით მაქსიმუმი გაკეთდა და ახლა უკვე სხვა გზების გამონახვის დრო დადგა:

”ასამბლეამ რეალურად ამოწურა რესურსი, გააკეთა ის, რაც მას შეეძლო და უნდა გაეკეთებინა... ახლა უკვე სხვა ორგანიზაციებსა და სხვა ფორმატებზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოხერხდება ასამბლეის რეზოლუციების შესრულება... შესაბამისად, მოსმენაში, სადაც არაფერი რეალური არ შეიძლება მოხდეს, ჩვენმა დელეგაციამ არ ჩათვალა საჭიროდ მონაწილეობის მიღება. ვერავითარ დამატებით ღირებულებას ვერ ვხედავთ ასეთი მოსმენების ორგანიზებაში”.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დავით დარჩიაშვილი

უარის თქმა ამ შემთხვევაში საქართველოს მხარის პასიურობას სულაც არ ნიშნავს, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დავით დარჩიაშვილი. მისი აზრით, ამ შემთხვევაში აქტიურობა პრინციპული პოზიციით გამოვლინდა.

და მაინც, არის თუ არა ეს წინასწარ გამიზნული საპროტესტო სვლა?

”კონკრეტული, მიუღებელი ნაბიჯების მიმართ პროტესტს შეიძლება ჰგავდეს... ზოგიერთმა ევროპელმა დეპუტატმა უნდა გაიგოს, რომ ჰუმანიტარული საკითხები პოლიტიკურის გარეშე არ წყდება. ეს არის ილუზია, ჩვენი აზრით... პრინციპული პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხები უნდა დგებოდეს და აქედან ამოდიოდეს ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა... ეს ერთი და მეორე - ეს არის პროტესტი რუსეთის მანიპულაციების მიმართ...”

რუსეთის მანიპულაციებთან მიმართებით დავით დარჩიაშვილი იხსენებს იმ ფაქტს, რომ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ყოფილი წარმომადგენელი, ბრიტანელი პარლამენტარი დევიდ უილშერი შარშან მოსკოვში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საელჩოში, ედუარდ კოკოითის პირად წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს შეხვდა. გავიხსენოთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველომ დიდი ხმაური ატეხა და მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არაერთი მხარდამჭერიც გამოუჩნდა. თუმცა ერთგვარად მსგავსი ფაქტი მაინც გამეორდა. ბუნებრივია, თბილისისთვის მოსაწონი არ იყო, რომ დეკემბერში მოსკოვში მყოფი დიკ მარტი იქ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტარებს შეხვდა, მაგრამ ამ ფაქტს განსაკუთრებული ხმაური აღარ მოჰყოლია. თავად დიკ მარტიმ განმარტა, რომ ეს შეხვედრები არაფორმალურ ხასიათს ატარებდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად და მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ პროტესტის გამოხატვის აუცილებლობას მაინც ვერ ხედავს პოლიტოლოგი ირაკლი მენაღარიშვილი. თუმცა მისი კომენტარის არსი მხოლოდ ფაქტების ცოდნაზე არ არის დამყარებული:

”ძნელად წარმომიდგენია ისეთი სიტუაცია, როდესაც, ვთქვათ, თქვენი საკითხის განხილვისას იქ თქვენი არყოფნა სჯობდეს სხდომაში მონაწილეობას... და შესაბამისი პოზიციის გამოხატვას, არგუმენტების წარდგენას და ასე შემდეგ... ”

ასეა თუ ისე, პარიზის შეხვედრაზე, სადაც საქართველო-რუსეთის ომის შედეგებთან დაკავშირებული საკითხები დახურულ კარს მიღმა იხილებოდა, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო. სანაცვლოდ, თბილისი აპირებს, რომ საქართველოს პოზიციები მკაფიოდ დააფიქსიროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, რომელიც სტრასბურგში 24 იანვარს დაიწყება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG