Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში მთავრობის ახალი შემადგენლობა გამოცხადდა


ტუნისი საპროტესტო გამოსვლების დროს
ტუნისი საპროტესტო გამოსვლების დროს
ტუნისის დროებითმა ლიდერებმა დღეს - მას შემდეგ, რაც სახალხო აჯანყებას ავტორიტარული მმართველის, ზინე ელ-აბიდინ ბენ ალის, ჩამოგდება მოჰყვა - მთავრობის ახალი შემადგენლობა გამოაცხადეს. ახალი შემადგენლობის თანახმად, თანამდებობას ინარჩუნებს მუჰამედ ღანუში, პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც კიდევ რამდენიმე მინისტრი. მთავრობაში სამი ოპოზიციონერი ლიდერი შევა. გაუქმდება ინფორმაციის სამინისტრო.

ეს სიახლეები ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად ღანუშიმ გამოაცხადა. მან დასძინა, რომ მთავრობა გამოიძიებს ყველა იმ პირის ქმედებებს, ვინც კორუფციაშია ეჭვმიტანილი და ვინც ბენ ალის მმართველობის დროს დიდი კაპიტალი დააგროვა.

ორშაბათს, უფრო ადრე, ქვეყნის დედაქალაქში პოლიციამ დაშალა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რომლებიც ჩამოგდებული პრეზიდენტის პარტიისგან ძალაუფლების საერთოდ დათმობას მოითხოვდნენ. ტუნისში ვითარება დაძაბული რჩება. კვირა ღამით საპრეზიდენტო სასახლესთან სპეცდანიშნულების ძალებს შეტაკება მოუხდათ ჩამოგდებული პრეზიდენტის ერთგულ უშიშროების ძალებთან. იყო სროლა.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კვლავაც დიდ შეშფოთებას იწვევს - უწინარესად იმ ქაოსისა და მაროდიორობის გამო, რამაც ქვეყანა მოიცვა სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის ოთხკვირიანი გამოსვლების შემდეგ.

მთავარი შეკითხვა, რომელსაც ყველა სვამს, შემდეგია: შეძლებს თუ არა ახალი, კოალიციური მთავრობა ჩამოგდებული პრეზიდენტის, ბენ ალის მომხრე უშიშროების ძალების მხარდაჭერის მოპოვებას?..

დაუდასტურებელი ცნობებით, ბენ ალის ერთგული ძალები ქვეყანაში ძალადობის შენარჩუნებას ცდილობენ.

ერთ-ერთი მოქალაქე, სახელად ხალედი, მიმდინარე ქაოსს იმ სისხლისღვრას ადარებს, რომელმაც ქვეყანას 1978 და 1984 წლებში სამოქალაქო დაპირისპირება მოუტანა: „ქვეყანას, რომელსაც წარსული არ ახსოვს, არც მომავალი აქვს. 1978 წელს სისხლი დაიღვარა; 1984 წელს სისხლი დაიღვარა და სისხლი დღესაც იღვრება. ირგვლივ ეს „სიკვდილის ბრიგადები“ დათარეშობენ - ქვეყანას წვავენ და ხალხს აშინებენ. მათ პატიმრებიც კი გაათავისუფლეს, რათა ქვეყანა საბოლოოდ არიონ და ტუნისელი ხალხი დაარწმუნონ, რომ ამ ქვეყნის მართვა მხოლოდ შურისმაძიებელ მთავრობას შეუძლია“.

დედაქალაქის რამდენიმე უბანში ძალადობას ადილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით უწევს წინააღმდეგობას, გამშვები პუნქტების დაწესებითა და ბარიკადების აგებით.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG